ია აბულაშვილი
(25.01.2020)

„არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და მშვენიერი აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხარანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“, - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი მე-4 საუკუნეში აგებულ წილკნის ეკლესიას, რომელიც ძალიან მდიდარი და ძლიერი იყო. 

ტაძარს მფარველობდნენ მეფენი და დიდგვაროვანი ფეოდალები. ამ ეკლესიაში მოღვაწეობდნენ იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე ასურელი მამა იასე წილკნელი, კალიგრაფები ბასილი, ეფრემ წილკნელი, იოსებ სამებელი და იმ დრის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეები.

ტაძრის მოხატულობა შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია. აქ არის გამოსახული ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენათი გადაშლილი სახარება უჭირავს. ფრესკას თან ახლავს ასომთავრული წარწერა „იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შინა და ადგილი უფალო გადმოხედე ზეცით“.

წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც თავის საკვირველი ძალითა და მადლის წყალობით ეკლესიის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენდა, 1926 წლამდე ტაძარში იყო დავანებული, დღეს კი საქართველოს ხელოვნების ოქროს ფონდშია დაცული. 

წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათეს ხატად არის მიჩნეული. ხატი წმინდა ლუკა მახარობელმა მაცხოვრის აკვნის ფიცარზე შეასრულა.

ისტორიული წყროების მიხედვთი, წმინდა მოციქულის სწორის მეფე მირიანის ვაჟი ბაქარი წმინდა მეფე კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა. ბიზანტიიდან სამშობლოში გამომგზავრების წინ ქართველი უფლისწული დიდი პატივით გამოისტუმრეს და ბევრი საჩუქარიც უბოძეს. მათ შორის იყო ლუკა მახარობლის მოხატული ხატი. გამეფების შემდეგ ბაქარმა წილკნის ეკლესია ააგო და ბიზანტიიდნ ჩამოტანილი უძველესი ხატი ტაძარში დააბრძანა.

წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატი პირველია საქართველოში, სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის ნახევარფიგურა, მის ორივე მხარეს კი წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ხატი მოჭედილია ფირფიტებით, რომელზედაც გამოსახულია წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი, შემკულია შუა საუკუნეების ოთხი ბიზანტიური მედალიონით.

ბიზანტიიდან საქართველოში ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ჩამოტანილი ღვთისმშობლის ეს ხატი უამრავ სასწაულს ახდენდა, აქედან მოდის მისი სახელიც. ხალხური გადმოცემით, წილკნის მინდვრებს კალია რომ დაერეოდა, ღვთისმშობლის ხატს წილკნის ტაძრიდან გალობით გამოაბრძანებდნენ; ლოცვა-გალობით შემოატარებდნენ ნათესებს და კალიაც გაეცლებოდა თურმე იქაურობას. 

ხატი სეტყვისგანაც იცავდა სოფლის ნათესებს.

ჩაწერა სახელი