ია აბულაშვილი
(22.11.2019)

 საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლოს, წმინდა ნინოს ჯვარის შესახებ ქართულ წყაროებში ორი ვერსია არსებობს. მე-12 საუკუნით დათარიღებული არსენ ბერის "წმინდა ნინოს ცხოვრების" მიხედვით, კაბადოკიელ წმიდა ნინოს ღვთისმშობელმა იერუსალიმში გადასცა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ვაზის ნასხლევისაგან დამზადებული ჯვარი.

მეორე ვერსიით, რომელიც მეათე საუკუნითაა დათარიღებული "მოქცევაი ქართლისაიში", მცხეთაში ჩამოსული წმინდა ნინო 3 წლის განმავლობაში ლოცულობდა მაყვლოვანში და თავის თმებით შეუკრავს ეს ჯვარი. სიკვდილის წინ წმინდა ნინომ ჯვარი ვაზისა მეფე მირიანს გადასცა. ამ ჯვრით მეფე მირიანმა აკუთრთხა თავისი ვაჟი ბაქარი.

ისტორიული წყაროების მიხედვთი, მე-11 მე-12 საუკუნეებში წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული, მეფე ვახტანგ მესამემ მისთვის გააკეთებინა სახატე, რომელზედაც აღბეჭდილია წმინდანის ცხოვრების ექვსი ეპიზოდი. როცა საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა, უსაფრთხოების მიზნით, ჯვარი მთაში, სტეფანწმინდაში გაუხიზნავთ.

ამის შემდეგ, ისტორიულ წყაროებში წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ჯვრის ადგილსამყოფელის შესახებ კვალი იკარგება. ერთ-ერთი ვერსიით, 1749 წელს ჯვარი, წმინდა ნინოს ხატთან ერთად საცავიდან წაუღია გორისა და სამთავროს მიტროპოლიტს რომანოზს (ერისთავს) და თავისი დისთვის მიურთმევია მოსკოვში. სხვა ცნობების მიხედვთი კი წმინდა ჯვარი მეფე არჩილს გაუტანია საქართველოდან 1688 წელს. წმინდა ნინოს ჯვარი მოსკოვში ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა, შემდეგ ჯვარი სოფელ ლისკოვოში (ნიჟეგოროდის გუბერნია) ქართველ დიდებულთა მამულში ვახტანგ მეექვსის შთამომვალს გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია და 1801 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრისთვის მიურთმევია, 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის აღსანიშნავად.

იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით 1802 წელს ჯვარი საქართველოს გადაეცა. გადაცემა მოხდა სტეფანწმინდაში. ანანურის გავლით ჯვარი სვეტიცხოველში ჩამოაბრძანეს. 1802 წლის 9 აპრილს კი წმინდა ნინოს ჯვარი-ჯვარი ვაზისა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. ჯვარი შემკულია წმინდა ნინოს თმებით და ფარჩის საფარველით. გადაკრული აქვს მე-18 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ვერცხლის პერანგი და ვერცხლისავე კიდობანშია ჩასმული. კიდობანზე წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.

მემატიანის ცნობით, მაყვლოვანს თავშეფარებული წმინდა ნინო "ნასხლევისა ჯვრითა იქმოდა სასწაულთა საკვირველთა" და ყოველგვარ სნეულებით შეპყრობილთ კურნავდა. დედოფალი ნანა ავად რომ გახდა და ვერავინ უშველა, ითხოვა წმინდა ნინოსთან წაეყვანათ. წმინდა ნინომ მცირე ილოცა, მერე დედოფალს პირჯვარი ჯვრით გადასწერა და დედოფალი ნანა უმალ განიკურნა.

ჩაწერა სახელი