ია აბულაშვილი
(26.10.2019)

 ვახუშტი ბაგარტიონის ცნობით, "ზღვის კიდეზედ... არს ილორს ეკლესია წმინდა გიორგისა... უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული". მე-11 საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორის შუაგულში, შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ფასადზე საუკუნეების განმავლობაში იყო შემონახული ქართულწარწერებიანი 5 ქვა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის პირველიმეოთხედით თარიღდება. მეთექვსმეტე საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან მეორე დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს თურქებმა გადაწვეს, რომელიც შემდეგ ოდიშის მთავრებმა აღადგინეს.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ოდიშის სამთავროში აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური - ასომთავრული, ნუსხურ-ხუცური და მხედრული. ამ წარწერების ამომკვეთიც ერთი და იგივე პირი ჩანს. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. ამ ტაძარში დაცული იყო ბედიის ბარძიმი. ასევე ინახებოდა წმინდა გიორგის ნაქონი მშვილდი, სპილენძის ბუკი და დიდმოწამისათვის შეწირული ორპირბოლოიანი ისრები. გადმოცემის თანხამდა, ძველად თურმე, თაღიდან სასწაულმოქმედი "ოქროს სასწორი" ეშვებოდა. მოდავენი მის ქვეშ დგებოდნენ, წმინდანისადმი ლოცვას აღავლენდნენ და სასწორი პინა მართლისკენ იხრებოდა.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის უმთავრესი რელიკვია კი იყო წმინდა გიორგის ხატი ვერცხლის მოჭედილი კრედო, რომელიც დღეს ზუგდიდის მუზეუმშია დაცული. ვერცხლის დასაკეცი, სამფრთიანი ჯაჭვით შემკობილი ხატის წინა ნაწილზე გამოსახულია წმინდა თეოდორე და წმინდა დიმიტრი. ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი საომარ სამოსელში, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ვედრებით პოზაში ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა აქვს. ასევე ხატის ლუსკუმზე მოთავისებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს.

წარწერებში ასევე დასახელებულნი არიან ოდიშის მთავარი გიორგი მესამე დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი თამარი. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სიუჟეტური თემა წმინდა გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია. ქრისტიანულ ხელოვნებაში ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოცემული და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობის დღეს ილორში იმართებოდა.

გადმოცემის თანახმად, ყოველ გიორგობას ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში უამრვი ხალხი მოდიოდა, როგორც კი დასრულდებოდა გიორგობის მწუხრი, ყველა ტოვებდა ტაძარს. ოდიშის მთავარი, დადიანი საკუთარი ბეჭდით ბეჭდავდა გალავნის კარიბჭეს. დილით მთავარს ბეჭედი დარღვეული ხვდებოდა, ტაძრის ეზოში შესულებს კი სამსხვერპლო ხარი ხვდებოდათ. რა დროიდან ხდებოდა ეს სასწაული, არავინ იცოდა. თავის ფეხით მისული ხარი ტაძრის ეზოდან გამოჰყავდათ და ადგილობრივ მკვიდრს აკვლევინებდნენ, რომლის ოჯახშიც ინახებოდა ამ რიტუალისთვის საგანგებოდ განკუთვნილი ნაჯახი, რომელსაც გიორგობამდე ხელს არავინ ჰკიდებდა.

ორივე რქა და ხორცის დიდი ნაწილი ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა, რომელიც რქებს ოქრო-ვერცხლით ამკობდა და დღესასწაულებზე ამ სასმისებით სვამდა ღვინოს. ამის შემდეგ, შეწირულ ხარს სამღდელოება და ოდიშელი დიდებულები ინაწილებდნენ, დანარჩენ ხორცს კი წვრილად ჭრიდნენ და ხალხს ურიგებდნენ. ზოგი ამ ხორცს ახმობდა და ავადმყოფობისას წამლად ინახავდა, რადგან სჯეროდა, რომ ყოველგვარი სნეულებისგან კურნავდა.

მნიშვნელოვანი იყო ასევე, თუ როგორ დაიჭერდნენ ხარს. თუ პირუტყვი ხატის მსახურებს არ ნებდებოდა და ირქინებოდა, ომიანობას ნიშნავდა. თუ მწოლიარეს დაიჭერდნენ, ღომის უხვ მოსავალს ელოდნენ, ხოლო თუ ხარი ცვრით იყო დანამული - ბევრი ღვინის დაყენებას. ამბობენ, ეს სასწაული ყოველწელს მეორდებოდა, მანამდე ვიდრე რუსეთის იმპერიამ ოდიშის სამთავრო არ გააუქმა.

ბევრი ლეგენდა არსებობს ილორის წმინდა გიორგის ხატთან დაკავშირებით, რომელიც სასწაულებს ახდენდა. ამბობენ, ხატი სული თავადმყოფებს კურნავდა. მნათე მიუახლოვდებოდა ეკლესიაში მიყვანილ ავადმყოფს სამჯერ ჩაბერავდა ბუკს და სულით ავადმყოფი იკურნებოდა. ილორის ტაძარში ბევრი უშვილო ოჯახიც მოდიოდა შესაწირით. უფრო ხშირად ვერცხლის პატარა აკვნებს სწირავდნენ წმინდა გიორგის ხატს და შვილიერებას სთხოვდნენ. უამრავი მლოცველი იდგა თურმე წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის, ვერცხლის მოჭედილი კრედოს წინ, რომლის შუაში წმინდა გიორგის ჭედური ხატი იყო ჩასვენებული, მის ფერხთითი კი ხარი და ხატის დამკვეთი.

ჩაწერა სახელი