ია აბულაშვილი
(25.10.2019)

 ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც საქართველოში შემობრძანდა, აწყურის ღვთისმშობლის ხატია. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. მარიამს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი. უფალი ქრისტე მარიამს გამოეცხადა და უთხრა: "წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრდებოდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდე". ღვთისმშობელმა ანდრია პირველწოდებულს დაავალა ივერიაში ქრისტეს ქადაგება, თან მოითხოვა ფიცარი, რომლიც მიიდო სახეზე, მისი სახე სასწაულებრივად ფიცარზე გამოისახა. "შვილო ანდრია... წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვაპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგან სძლიოს მათ".

ღვთისმშობლისგან კურთხეულმა ანდრია პირველწოდებულმა ხელთუქმნელი ხატი საქართვეკლოში ჩამოაბრძანა. პირველად ტრაპიზონში შემოვიდა და მცირე ხანს იქ დაჰყო. შემდეგ ქართლში გადავიდა და სახარების ქადაგება დაიწყო. ბევრი სასწაული აღავლინა და ღვთის ხატის შეწევნით მრავალი ურწმუნო მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ღვთისმშობლის სახელზე პირველი ეკლესია ააშენა. ქართლელებმა მოციქულს სთხოვეს მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა. წმინდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და ღვთისმშობლის სახე წამსვე გამოისახა.

ანდრია პირველწოდებული ქართლიდან სამცხეში გადავიდა, დაბა სოსანგეთში (აწყურში) გაჩერდა. გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საკერპოში შეასვენეს და ჩაკეტეს, დილით კი, როდესაც საკერპო გააღეს, კერპები დამსხვრეულნი დახვდათ, ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით ბრწყინავდა. მაშინ ყველამ ერთხმად აღიარა ქრისტე. წმინდა ანრიამ სოსანგეთში მრავალი ადამიანი მონათლა, ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მოსახლეობის თხოვნით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სოსანგეთში დატოვა. მესხებმა ხატს ეკვდერი აუშენეს და დიდი პატივით დააბრძანეს.

მეშვიდე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე კეისარი შამოიჭრა, მაგრამ ხატის ხელყოფა ვერ გაბედა, ხელთუქმნელ ხატს თაყვანისაცემად ეახლა და აწყურში საეპისკოპოსო კათედრაც ააგო. დემეტრე თავდადებულის მეფობის დროს, სამცხეში დიდი მიწისძვრა მოხდა, დაინგრა მრავალი ციხესიმაგრე და ტაძარი, მათ შორის აწყურის ყოვლადწმინდა ტაძარი. ხატს ჩამონგრეული გუმბათი დაეფარა და ეს დიდი სიწმინდე განადგურებას გადაურჩა.

1476 წელს, სამცხე ირანის მბრძანებელმა უზუნ-ჰასანმა მთლიანად დაარბია, აწყურის ღვთისმშობლის ხატი კი ტყვედ წაიყვანა. მესხეთში დიდი გლოვა გამოცხადდა. ირანს კი ღვთის რისხვა დაატყდა. ხატის დატყვევების შემდეგ, როგორც მემატიანე წერს: "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არც მიწამან აღმოაცენა". სპარსელებმა უბედურების მიზეზად საქართველოდან მოტაცებული ხატი მიიჩნიეს, მაგრამ შეეშინდათ ხატის უკან საქართველოში ჩამობრძანება, ამიტომ გაუხედნავ რაშზე დაამაგრეს და ისე გამოუშვეს სამცხიკენ. ღვთის განგებით ცხენმა მშვიდობით მოღწია სამცხეს.

1486 წელს სამცხეს იაყუბ ყაენი შემოესია, მოსახლოების ნაწილი ამოხოცა, ნაწილი ტყვედ წაიყვანა. ყაენმა აწყურის ხატი ძვირფასი თვალმარგალიტისგან გაძარცვა და ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ ხატი სასწაულებრივად გადარჩა. ყაენის ლაშქარში მყოფმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხატი სამცხის ათაბეგს მანუჩარს დაუბრუნა. 1540-იან წლებში, სამცხე ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. 1546 წელს იმერთა მეფემ ბაგრატმა, რომელმაც სამხრეთისკენ გაილაშქრა, სამცხე ვერ აიღო ვერ, მაგრამ მტერს ხატი გამოსტაცა და ციხისჯვარში დაასვენა; 1553 წელს კი იმერეთში გადმოასვენა.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი ნახსენებია როსტომ მეფის სიგელშიც, რომელიც გამოიცა 1546 წელს. ხატი გარკვეული პერიოდი დასვენებული იყო სვეტიცხოველში. დღეს ხელთუქმნელი ხატი დაცულია ხელოვნების მუზეუმში და ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოოჭვილ სასახლეში, რომელიც წარწერის მიხედვით, 1764 წელს იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ბრძანებით დაუმზადებიათ. მეცნიერები დღესაც არკვევენ, რომელი ხატი ინახება მუზეუმში, ორიგინალი თუ ასლი, რომელიც ანდრია მოციქულმა ქართლში დატოვა.

ჩაწერა სახელი