ია აბულაშვილი
(23.10.2019)

 სასწაულმოქმედი ხატის, ანჩისხატის შექმნის ისტორია ქრისტიანობის ერთ-ერთ უძველეს კერას, ქალაქ ედესას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ედესის მთავარი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს, მაშინ მთავარმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისგან განკურნავდა მის ყოველ ნებას აღასრულებდა და მის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა. იესო ქრისტემ უარი შეუთვლა, რადგან თავისი დიდი საქმეები აღსასრულებელი ჰქონდა. მთავარმა კარის მხატვარი გააგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრი ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა.

გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ედესსკენ გამოემართა. ქალაქ იეროპოლისში მგზავრებს დაუღამდათ და ღამე მექოთნის ოჯახში გაათიეს. ხოლო ხატი, იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს. შუაღამისას ცეცხლის სვეტი ზეციდან ჩამოეშვა და ხატს დაადგა. მხატვარმა და მოციქულმა თადეოზმა ხატი ედესში ჩაასვენეს. ეს ხატი იქ ორასი წლის მანძილზე ესვენა. როცა ქრისტიანების ჟლეტა ედესაშიც დაიწყო, ედესის ეპისკოპოსის რჩევით ხატი ქალაქის კედელში დაკრძალეს. ერთი საუკუნის შემდეგ, ამ მხარეს არაბები შემოესივნენ, ხატი მათი ხელყოფისგან რომ დაეცვათ, ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და სოფიას ტაძარში დაასვენეს.

მე-8-9 საუკუნეებში ბიზანტია ხატმებრძოლობამ მოიცვა. ხატს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მაცხოვრის ხელთუქმენლი ხატი კლარჯეთში, ანჩის საეპსიკოპოსო ტაძარში გადმოასვენეს.

1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა დიდი ხელოვნებით მოჭედა. ამას ადასტურებს ხატის არშიაზე მიწერილი წერწერა "ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვიურ გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა. მოჭედილი ხელითა ბექასითა".

კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, ოსმალებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებს შეუტიეს. ამ დროს გადმოასვენეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში. ხატი ამილახვარების ოჯახში მოხვდა, რომელიც ხელახალა შეუმკიათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დომენტის ბრძანებით, რომელიც ვახტანგ მეექვსის ძმა იყო. მისი ბრძანებითვე ხატი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსოს ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ ტაძარს ანჩიხატის ტაძარი ეწოდა. მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რადგან მრავალი საუკუნის მანძილზე ანჩის ტაძარში ესვენა, ანჩისხატი ეწოდა.

ჩაწერა სახელი
ნანა ზედგინიძე (24.10.2019)
ამილახვრები ახალციხეში არ ცხვრობდნენ...გადმოცემით კი ცნობილია, რომ ანჩიხსატი იოთამ ზედგინიძის ოჯახში იყო დავანებული, ვიდრე დღევანდელი ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანებამდე. ამილახვრები ქართლში (გორისა და კასპის რეგიონებში) ცხოვრობდნენ...