რეზონანსი
(03.03.2025)

1-2 მარტს საქრთველოში Medicine Aesthetic Summit (MAS) ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ასობით ქართველმა და რამდენიმე უცხოელმა სპეციალისტმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიდგომები, უახლესი ტენდენციები და პრაქტიკული გამოცდილება გააცნეს.

საზოგადოების ნაწილმა, რომელიც ესთეტიკური მედიცინის მომავალს ქმნის, განვლილ უიქ-ენდზე, 2 დღის განმავლობაში, საქართველოში პირველად MAS სამიტი გამართა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გამართული ფორუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ესთეტიკური მედიცინის სფეროში, რომელიც აერთიანებს უმაღლესი დონის პროფესიონალებს - დერმატო-კოსმეტოლოგებს, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგებს,

ფორუმის ერთ-ერთი მონაწილის, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის, საქართველოს ესთეტიკის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტის თამარ მირაშვილის თქმით, ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია პლასტიკური ქირურგებისთვის და დერმატო კოსმეტოლოგებისთვის, რათა სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ასევე ახალგაზრდა ექიმებისთვის მეტი გამოცდილების მისაღებად.

„სამიტის ფარგლებში ხდება თანამედროვე ბაზარზე ხელმისაწვდომი სიახლეების, ახალი პროდუქციის, ინოვაციების პრეზენტაცია, რათა უფრო ეფექტური იყოს პაციენტის მომსახურება. დიდია პაციენტების ინფორმირებულობის როლი ამა თუ იმ პროცედურის ან ოპერაციის წინ, რათა მათ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ რა პროცედურა უტარდებათ, თუ რა ხარისხის პროდუქტს ვაწვდით მათ ორგანიზმს, რომ ის იყოს მათთვის უსაფრთხო. ამგვარი დაცულობა კარგია მათი ჯანმრთელობისთვისაც და ჩვენი დადებითი შედეგებისთვისაც", -აღნიშნა მირაშვილმა.

კლინიკა „ტოტალშარმის" პლასტიკური ქირურგის გიორგი სულამანიძის თქმით, ეს არის პირველი მსგავსი ღონისძიება ესეთ ფორმატში, რომელმაც შეკრიბა საქართველოში მომუშავე პლასტიკური ქირურგები და ასევე დერმატო-კოსმეტოლოგები:„300-მდე მხოლოდ ექიმია წარმოდგენილია და ჩამოსულია რამდენიმე უცხოელი სპეციალისტი, რომლებმაც საკუთარი თეორიული გამოცდილების გაზიარების პარალელურად 2 პრაქტიკული ქირურგიული ოპერაცია ჩაატარეს მკერდზე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი კონფერენციები იშვიათად ტარდება.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დიდი ფორმატი - ესაა პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი „კოლხიდა", რომელიც ყოველწლიურად ივლისში ტარდება. იგი 2007 წელს დაფუძნდა. ქართველები იქაც ვმონაწილეობთ, მაგრამ მონაწილეთა დაახლოებით 90% უცხოელი სპეციალისტია.მიმდინარე ფორუმი კი, რომელიც კონკრეტულად ქართველი სპეციალისტებისთვის ტარდება, პირველია და ჩვენ გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება".

MAS-სამიტი 2025-ის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, კლინიკა „ტოტალ შარმის" დერმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ალბინა ქაჯაიას თქმით, სამიტის მხარდამჭერთა შორის არიან ისეთი სამეცნიერო საზოგადოებები, როგორიცაა საქართველოს დერმატოკოსმეტოლოგთა ასოციაცია, პლასტიკური ქირურგიის ასოციაცია, ონკოქირურგიის ასოციაცია და სხვები.

„სამიტი პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგის სპეციალისტებს, სხვა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ ინდუსტრიის უახლესი ტენდენციები, მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც აუცილებელია პროფესიული ლიცენზიის შესანარჩუნებლად.

ფორუმი ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, რომელმაც დაამტკიცა ჩვენი პროგრამა და მოგვცა შესაბამისი აკრედიტაცია, რომ ეს პროგრამა არ არის კომერციული, არამედ სამეცნიერო ხასიათისაა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ფორუმის დარბაზები სავსეა მონაწილეებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, კლასიკური ქირურგები და საუკეთესო სპიკერები საკუთარ ინოვაციურ იდეებს და გამოცდილებას სამიტის 500-მდე მონაწილეს უზიარებენ.

ფორუმის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ესთეტიკური მედიცინის სფეროში არსებული იმ წამყვანი კომპანიების (APTOS, ALLEGRAN, MOTIVA, FILLMED) ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც ახდენენ ქირურგიული დანადგარების და სხვა სახის დანიშნულების პროდუქციის რეალიზებას. ამგვარად ჩვენ ვეხმარებით ასევე ბიზნეს-ასოციაციებს და პირველი სამიტი დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ვგეგმავთ, ის ყოველწლიურ ფორმატში ჩავატაროთ. მთავარი ამ საქმეში ჩვენი, ქართული სამედიცინო საზოგადოების მხარდაჭერაა", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბარში ალბინა ქაჯაიამ.

ვასო კაპანაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე