რეზონანსი
(23.10.2022)

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სასამართლოს მიერ ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლებას მიესალმება და მის უდანაშაულოაბში დარწმუნებულია. როგორც მან „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს განაჩენი არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ქალებზე ძალადობის წახალისება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მის ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ედებოდა ბრალად. სასამართლო პროცესი ორ წელს მიმდინარეობდა და მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელოდა. თუმცა, 21 ოქტომბერს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ იგი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქალზე ძალადობის წახალისებაა და სასამართლომ ასეთი განაჩენი ბასილაშვილის სპორტული მიღწევებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთა ახლო კონტაქტების გათვალისწინებით გამოიტანა. მეორე ნაწილის აზრით კი, ბასილაშვილი უდანაშაულო იყო და ყოფილი მეუღლის მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

მწერალი და მსახიობი გივი სიხარული მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა და საქართველოს პირველი ჩოგანის „გაშავება“ ერთი დიდი პროვოკაციაა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ გაამართლეს. ამ დონის ჩოგბურთელი საქართველოს არ ჰყავს მეტრეველის შემდეგ და ვერ გავიგე, რატომ უნდა „შევჭამოთ“ ამდენი პროვოკაციით.

„ამ ქვეყანაზ მე ვერავინ დამაჯერებს, რომ მან ნელიზე იძალადა, რადგან თავისი ცოლი სიგიჟემდე უყვარდა. მე ვიცი, რომ მას ბრალი არ მიუძღვის, ის მართალია. მას ისე უყვარდა თავისი მეუღლე, არ იძალადებდა. ვფიქრობ, რომ ნელის გამტყუნება არანაირად არ გამოიწვევს ქალებზე ძალადობის წახალისებას“, - ამბობს გივი სიხარულიძე.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშილის საქმე ამით არ მთავრდება. ნელი დოროყაშვილის აპირებს, რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. მან თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ბოლომდე იბრძოლებს თავისთვისა და ძალადობაგამოვლილი ყველა ქალისთვის.

ნინო შატბერაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე