არჩილ კაპანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის ის ნიჭიერი დამწყები მეღვინეა, რომელმაც საქმიანობა მამა-პაპისეულ სახლში დაიწყო - მისი კომპანია „ფლეველის მარანი" ქართლის ენდემურ ჯიშებზეა ორიენტირებული და ქვევრის ტრადიციულ ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს.
საქმიანობაში მთელი ოჯახია ჩართული - ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე მეღვინის უახლოესი გეგმა კი ისაა, რომ ამავე ლოკაციაზე გასტრონომიული ტურიზმის განავითაროს, რისთვისაც სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან, ადგილობრივი მოსახლეობისგან და წინაპრებისგან ძველი კერძების გასაცოცხლებლად გასტრონომიულ მარგალიტებს აგროვებს.
არჩილ კაპანაძე: ჩემი საქმიანობა მოიცავს ქვევრის ტრადიციული ნატურალური ღვინის დაყენებას და წარმოებას - ამ საქმიანობის საწყის ეტაპზე ვარ. მარანი ჩემს საკუთარ მამულში, მამა-პაპისეულ სახლში მაქვს. გვაქვს გეგმები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ.
გარდა ამისა, გეგმაშია ამავე სივრცეში ტურისტული ლოკაციის მოწყობა, რათა ვიმუშაოთ ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის სფეროში, მივიღოთ სტუმრები და ამ კუთხით რეგიონი განვავითაროთ.
მოგეხსენებათ, ხაშურის რაიონი ტურისტული ლოკაციებით დიდად მდიდარი არ არის და გვინდა რომ რეგიონში ასეთი ტიპის ლოკაცია გაჩნდეს. ამ საქმიანობაში მთლიანად ოჯახი ვართ ჩართული - ჩემი მეუღლე პროფესიონალი მზარეულია და ეს გარემოება რომ შეიქმნა, გაჩნდა იდეა, რომ გასტრონომიული კუთხით ძალიან სერიოზულად და დიდი მონდომებით განვავითაროთ.
„ამჟამად ქვევრის ტრადიციულ ნატურალურ ღვინოებს ვაწარმოებთ, ქართლის ენდემურ ჯიშებზე ვართ ორიენტირებულები. მარანში ასორტიმენტი ჩვენი სოფლის ვენახებიდან გვაქვს შექმნილი, ქართლის ენდემური ჯიშებია: „ჩინური", „გორული მწვანე", „თავკვერი", „ძველშავი".
უახლოეს მომავალში გეგმაში საკუთარი ვენახის გაშენება და ჯიშური მრავალფეროვნების გაზრდა გვაქვს. ამ პირობებში წელიწადში დაახლოებით 3500 ბოთლი ღვინის წარმოება შეგვიძლია, რაც ამ სეგმენტის ღვინისთვის ცოტა არაა.
ღვინოზე მოთხოვნა არის და გაყიდვების კუთხით მოლოდინი საკმაოდ კარგი გავქვს. ფინანსების ძირითადი წყარო მაინც ჩვენ ოჯახი ვართ, თუ რამეს გამოვიმუშავებთ, ძირითადად ამ მიმართულებით ვუშვებთ ინვესტიციის სახით.
სხვამხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დახმარება დაფინანსების კუთხით იყო, რითაც მარანი ინვენტარით შევავსეთ, თუმცა, ძირითადად წინ მაინც უფრო საკუთარი სახსრებით მივდივართ."
„ფლეველის მარანი" სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოში რეგიონის იმ ძირძველ ტრადიციულ კერძებს შესთავაზებს, რომლისთვისაც მთელი ოჯახი და განსაკუთრებით მეღვინის მზარეული მეუღლე სხვადასხვა წყაროებიდან რეცეპტებს აგროვებს, რომ მენიუსთვის კონკრეტული კერძები შეიქმნას.
„ამ სფეროშიო საწყის ეტაპზე ვარ და ვერ ვიტყოდი, რომ პანდემიამ განსაკუთრებულად შემიშალა ხელი, თუმცა, ზოგადად, მეღვინეობას რამდენადაც შეუშალა, იმდენად სიტუაციას რაღაც კუთხით შეუწყო კიდეც.
"ამ ტიპის მეღვინეობის განვითარება ქართულ მეღვინეობაში ზოგადად მნიშვნელოვან მოვლენად მიმაჩნია, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ ქვეყანა ამ კუთხით განვითარდეს და საერთაშორისო მასშტაბზე სახელი გაითქვას.
"ასეთი ტიპის ღვინო, როგორსაც ქართველები აყენებენ და რაც წინაპრების მადლით ასეთი უნიკალური სახით აქმადე მოვიდა, ფასდაუდებელი საგანძურია, ამიტომ ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება და ბაზარზე ფეხის მოკიდება ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩინია. ამბიცია გვაქვს და ამ კუთხით ძალიან კარგი ძვრებია.
„ღვინის და გასტრონომიული ტურიზმი ზოგადად ძალიან დიდი მცნებაა, ბევრ მომიჯნავე სფეროებს მოიცავს, კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში გასტრონომიული ტურიზმის კონცეფციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ენდემური ძირძველი კერძები გავაცოცხლოთ, რომლებიც მივიწყებულია ისტორიული წყაროებიდან, ცნობებიდან, სხვადასხვა ლიტერატურიდან, ბებიებისგან ადგილობრივი მოსახლეობისგან მარგალიტებს ვაგროვებთ და ამაზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ, რომ კონკრეტული კერძები შეიქმნას და ამით შედგეს მენიუ, რომლითაც ჩვენს სტუმრებს გავუმასპინძლდებით. ინტერიერიც რა თქმა უნდა შესაბამისი იქნება," - თქვა არჩილ კაპანაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე