ელზა პაპოშვილი
(15.05.2020)

2020 წლის სასწავლო წელი აკადემიუ წლად არ გამოცხადდება და ყველა სკოლისა  და უნივერსიტეტის მოსწავლეებს კურსი ჩაეთვლებათ. ასევე არ შეიცვლება ეროვნული გამოცდების განრიგი და თვე. 

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ჩხენკელმა  ისაუბრა.  ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე  ასევე 2019-2020  სასწავლო წლის შეფასების ახალ მოდელზე ისაუბრა და რამდენიმე არტელნატივა წარმოადგინა. 

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები იგივე ფორმატით და იგივე დროს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში და ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოში გადატანა. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

მან ასევე კონკრეტული ალტერნატივები დაასახელა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები წლიურ შეფასებას მიიღებენ. 

„2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა - ეს გახლავთ ერთი ალტერნატივა. 

2019-2020 წლის წლიური ქულა განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის და მეორე სემესტრის 6 კვირის (პანდემიამდე პერიოდი) განმავლობაში, განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე. მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკული იქნება წლიური ქულა - ასეთია მეორე ალტერნატივა. 

არსებული სისტემით, მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის განსაზღვრული სისტემა მეორე სემესტრიდან იწყებოდა, შესაბამისად მე-5 კლასელების წლიური ქულის დადგენა,  მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მოხდება," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

პრეზენტაციისას მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა მასწავლებლებსა და პროფესორებს გადაუხადა, რომლებიც მისი თქმით, ექიმების მსგავსად გმირები არიან.

განათლების ექსპერტი რეზო აფხაზავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, როდესაც განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში საზოგადოებას პერიოდულად ანგარიშს  აბარებს და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. როდესაც ასეთი არაორდინალური სიტუაციაა, მნიშვნელოვანია საქმის კურსში ვიყოთ განათლების მიმართულებით რა ხდება. რომ პირველ რიგში მისასალმებელია, რომ ეს წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა და გამოცდებიც ჩვეულებრივიად ჩატარდება. 

„ეროვნული გამოცდების ასე არსებითად დაჩქარებულ რეჟიმში ცვლილებები ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა  და ეს ყველას კარგად გვესმის. ეროვნული გამოცდები არ არის ის საკითხი, რომლის შეცვლაც რამდენიმე კვირაში ან თვეში შეგვიძლია. თუმცა ის, რომ მსჯელობა დაიწყოს იმაზე კამეროვის გამოცდის ფორმატი რაღაცა ფომით შევცვალოთ სჯობია. რეალურად ხელმისაწვდომობის რიგი პრობლემები გვაქვს. ბევრ  ბავშვს არ აქვს რეპეტიტორებთან მომზადების შესაძლებლობა.

ასევე, პრობლემაა ის, რომ უნივერსიტეტები თავისი სტუდენების მიღებაში მონაწილეობას თავად ვერ იღებენ. ეს კი ახალი გამოწვევებია, რაც ეროვნული გამოცდების წინაშე დგას. ამაზე თუ ფიქრს დავიწყებთ ძალიან კარგი იქნება. მცირე დროის მონაკვეთში ახლა ამის არსებითად შეცვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა. ეს ყველაფერი  თუ იმისკენ უბიძგებს, რომ სისტემის შეცვლაზე საუბარი დავიწყოთ, ძალიან კარგი იქნება“,-ამბობს ექსპერტი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, კარგია რომ მინისტრის მიერ წლიური ქულების განმსაზღვრელი რამდენიმე მოდელი იყო წარმოდგენილი. აფხაზავა ამბობს, რომ ქვეყანაში ონლაინ სწავლება ერთგვაროვანი და ერთდონეზე არ ყოფილა. სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა დონეზეა. ზოგან უფრო აქტიურად მიდის ონლაინ სწავლება, ზოგან საშუალოდ და ზოგიერთ სკოლაში  საერთოდ  ვერ მოხერხდა. არტენატივების შემოთავაზება ექსპერტის აზრით, საკმაოდ სწორი და ლოგიკური იყო. აფხაზავა ამბობს, რომ პრაქტიკის დონეზე ეს როგორ იმუშავებს მისთვის უცნობია, თუმცა თეორიის  დონეზე საკამოდ კარგი ალტერნატივებია შემოთავაზებული. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი კი ამბობს, რომ ჩხენკელის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია თვითკმაყოფილების უცნაური პრეზენტაცია იყო, სადაც  საუბარი სერიოზულ გამოწვევაზე არ იყო, მათ შორის ეროვნულ გამოცდებზე. 

მისივე თქმით, მაშინ როცა მოსახლოებას და საზოგადოებას უშლიან რომ ოჯახის სამი წევრი ჩაისვან მანქანაში, ივლისში 40 ათასი აბიტურიენტის დიდ საგამოცდო ცენტრებში გადანაწილებაში რომ არაფერი იცვლება, შემაშფოთებელია. 

„სამწუხაროდ არც ჩვენი რეკომენდციები გაითვალისწინეს და არც არაფერი ახალი არ უთქვამთ. ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, შემცირებული იქნება, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სისტემა. ფაქტობრივად, ეს აბიტურიენტები უნდა ატარონ 4 გამოცდაზე. ეს არის შემაშფოთებელი. 

ჩვენ ვთავაზობთ რომ ამ ვითარებაში აუცილებლად გასაკეთებელია ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება ჩატარდეს ყველაფერი. მაქსიმუმ 3 გამოცდა შეიძლება ჩატარეს ერთად და მეოთხე გამოცდა არ არის საჭირო ყველასთვის, ამიტომ აქ ისედაც ნაკლები აბიტურიენტი იქნება. რაიონულ ცენტრებშიც აბიტურიენტებისა და მათი ახლობლების მობილიზება იქნება სახიფათო," - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს კანონში აქამდეც უნდა ჩაეწერა, რომ დისტანციური სწავლებისას შეფასება შეიძლება დაშვებული იყოს. ამასთან, რატიანის თქმით, პროექტი "ტელესკოლა" 15 ივნისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. 

ჩაწერა სახელი