ელზა პაპოშვილი
(11.03.2020)

სად გაუჩინარდა ნიდერლანდელი ტურისტი, რომლის კვალიც 7 მარტს საღამოს დაიკარგა. ის ბოლოს მეგობრებთან ერთად ქუთაისში, ქალაქის ცენტრში კვების ობიექტ „ბარაქაში“ ნახეს.  ამის შემდეგ კი ის ნასვამ მდგომარეობაში მოულოდნელად უჩინარდება.  ნიდერლანდების მოქალაქე, 23 წლის სიმ ვიგერის მშობლები სამშაბათს ჩამოფრინდნენ და დაკარგული შვილის პოვნაში დახმარებას საქართველოს ყველა მოქალაქეს სთხოვენ.  ვრცელდება მისი ფოტოები, ფეისბუქზე შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც ყველას მოუწოდებენ დაწერონ, თუკი ახალგაზრდა კაცი სადმე ნახეს.     

მეგობრის თქმით, სიმ ვიგერი თვალთახედვიდან კაფედან გამოსვლის შემდეგ დაკარგა. მისი ძებნა დაიწყო, თუმცა კვალს ვერსად მიაგნო და ქალაქში ბოლოს თავადაც დაიკარგა. 

შსს–ს ინფორმაციით, პირის დაკარგვის შესახებ შემოსული განცხადების საფუძველზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები. სიმ ვიგერს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მდინარე რიონში ეძებენ. საძიებო სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავები ჩაერთნენ. 

ვიდეოკამერებს 23 წლის ახალგაზრდა ბოლოს მდინარე რიონის პირას, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავს დაფიქსირებული. თუმცა მისი გაუჩინარების სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. 

ერთი ვერსიით შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ტურისტი ხიდიდან რიონში გადავარდა და დაიხრჩო. მეორე ვერსიით კი თითქოს მას სასტუმროში ერთ-ერთ ირანელ ქალთან კონფლიქტი მოუვიდა. რის შემდეგაც ორივე ერთროულად ქრება. თუმცა სასტუმროში ამბობენ, რომ ქალი დაბრუნდა და სასატუმრო გაბრაზებულმა დატოვა. თუმცა მისი მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ბიჭმა ქალაქი დატოვა და გზა დაეკარგა.  

სასტუმროს თანამშრომლები, სადაც ტურისტები ცხოვრობდნენ „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ როდესაც მამაკაცი დაიკარგა, მათ ამის შესახებ მეგობარმა აცნობა. ადმინისტრაციამ კი მაშინვე მისი ძებნა დაიწყო. თავდაპირველად ტურისტის ტელეფონზე ზარი გადიოდა, თუმცა არავინ პასუხობდა. მოგვიანებით კი ტელეფონი საერთოდ გაითიშა. 

„როგორც მისმა მეგობარმა მოგვიყვა კაფეში დალიეს და სიმ ვიგერი მისი თვალთახედვიდან უცბად გაქრა. მაგიდიდან ადგა და გავიდა, თუმცა დიდი ხანი, რომ უკან აღარ დაბრუნდა, მისი ძებნა დაიწყო. რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ, როცა მის კვალს ვერ მიაგნო, უკან სასტუმროში დაბრუნდა და დახმარება გვთხოვა. 

ვურეკეთ, ზარი გადიოდა, მაგრამ ტელეფონს არ იღებდა. შემდეგ კი სულ გაითიშა. მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკეთ და მისი ძებნა დაიწყეს. თითქოს ირანელ ქალთან  ჩხუბი მოუვიდაო ასე არ არის. უბრალოდ რაღაც შეკამათება იყო. ის ქალი გამოჩნდა ბარგი აიღო და წავიდა. სხვა მეტი არაფერი ყოფილა. როგორც პოლიციამ დაათვალიერა კამერა, ხიდზე ჩანს ბოლოს, ამიტომაც ეს  ვერსია გაჩნდა, რომ ნასვამი გადავარდა’,-აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი „რეზონანსთან“  

რესტორნის შემდეგ სათვალთვალო კამერამ მამაკაცი ხიდზე დააფიქსირა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა არაერთი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ობიექტებში აცხადებენ, რომ პოლიციამ კადრები უკვე ამოიღო და ახლა, სავარაუდოდ, ამ მასალას შიფრავენ. სამძებრო ოპერაცია კი, რომელიც 8 მარტს დაიწყო, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.   

ჩაწერა სახელი