ია აბულაშვილი
(07.11.2019)

 ალავერდის ტაძარი, რომელიც მეექვსე საუკუნის შუა ხანებში აშენდა, ერთ-ერთი 12 ასურელი მამის იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. მე-9 საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილზე ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც ალავერდის სახელით არის ცნობილი.

მე-11 საუკუნიდან ალავერდი საეპისკოპოსო ცენტრი და კახეთის სამეფო სახლის საძვალე იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწიგნობრები, კალიგრაფები და მწერლები. ფილიპე ალავერდელი, ზებედ მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვები.

ალავერდის ტაძარი მრავალგზის დაზიანდა მტრისა თუ მიწისძვრის შედეგად, 1476 წელს ძლიერ დაზიანებული ტაძარი აღადგინა ალექსანდრე კახთა მეფემ.

ქართლის ცხოვრების, ანასეული ნუსხის გადამწერი თავის ანდერძში წერს: "ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთავე ცხოვრებათა შინა პატრონნი, დედოფალთ-დედოფალი ნესტან დარეჯანი და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა... ამათ აღაშენეს, განწმინდეს ყოვლისაგან ღვარძლისა, აღაშენენ ცაი და გუმბათი და აღივსო სიწმინდითა, წმინდანთა ხატთა".

1742 წელს ტაძარი მიწისძვრისგან დაზიანდა, რომლის აღდგენაც დაიწყო დედოფალმა თამარმა და დაამთავარ ერეკლე მეორემ.

მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში კი რუსეთის საეკლესიო ხელისუფალთა ბრძანებით ალავერდის ტაძრის კედელები შეათეთრეს და ძველი ფრესკები დაფარეს.

ალავერდის მონასტრის აგების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში ხშირად თამაშობდნენ და ჭიდაობდნენ ყმაწვილები.

ერთი მათგანი ყოველთვის მარცხდებოდა. ვერას გზის რომ ვერ გაიმარჯვა, ასეთ ხერხს მიმართა. მოსწვა ერბო- კვერცხი, მიიტანა ეკლესიის კართან და ძღვნად მიართვა წმინდა გიორგის, ღონე მომეც და გამამარჯვებინეო. ამ დროს ეკლესიას მდიდარმა ბერძენმა ვაჭრებმა ჩამოუარეს. საყდრის კართან ერბო- კვერცხი დაინახეს, ცხენებიდან ჩამოხდნენ, დასხდნენ და ჭამას შეუდგნენ.

მერე გზას გაუდგნენ, მაგრამ გზაში ყველანი ავად გახდნენ. მობრუნებულან და ბერს უამბეს თავისი გასაჭირი. ბერმა უთხრა წმინდა გიორგი გაგიწყრათო. ვაჭრებმა აღთქმა დადეს, თუ მოვრჩებით დიდ ტაძარს ავაშენებთ და შევამკობთო. მართლაც ყველანი განიკურნენ და ვაჭრებმაც აღთქმა აასრულეს.

ტაძარი ააგეს, რომლის კარის თავზე მოთამაშე ყმაწვილებია დახატული. აქედან მოდის ანდაზა " წმინდა გიორგის ერბო-კვერცხი არავის შერჩებაო".

 

ჩაწერა სახელი