თამარ შუკვანი
(05.11.2019)

პენიტენციურ სისტემაში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო-დასაქმების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ კუთხით გარკვეული საკანონდებლო ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, ასევე გასატარებელი და გამოსასწორებელია სხვა სერიოზული ხარვეზებიც. 

უნდა გაანალიზდეს პენიტენციურ სისტემაში ამ პროგრამების განხორციელებისა და დანერგვის პრაქტიკა. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშებია, ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევები და სტატისტიკური ინფორმაცია. 

„პრობაციის სისტემაში მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მრავალფეროვანი პროგრამების არსებობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ეფექტიანი საშუალებაა განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის მიზნის მისაღწევად,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ პროექტ ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მენეჯერი თამარ ჭანტურია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ხელმძღვანელი ტატო ქელბაქიანი „რეზონანასთან“ საუბრობს იმის შესახებ, მსჯავრდებულთათვის თუ რამდენად ხელმისაწვდომია უმაღლესი განათლების მიღება,ხოლო პრობაციონერთა რესოციალიზაციისა და დასაქმების კუთხით დღესრა ვითარებაა.

ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ მსჯავრდებულების სურვილზე არ არის დამოკიდებული, არამედ თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმებაზეც.  რაც შეეხება პრობაციონერებს, საზოგადოებაში არსებობს სტიგმა და სწორედ ამ კუთხით სახელმწიფოს და მის მიერ გატარებულ რეფორმებს მნიშვენლოვანი როლი ენიჭება. ამ ეტაპზე მხოლოდ ორ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, არასრულწლოვანთა და #16 დაწესებულებებში.

„საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართული ჯგუფის პატიმრებისთვის. თუმცა, ეს დამოკიდებულია კონკრეტულად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და მათთან შეთანხმებაზე. ყველამ რომ მოინდომოს და უმრავლესობამ უმაღლესი განათლება მიიღოს, მსგავსი შესაძლებლობა ვერ ექნებათ.

„ეს უფრო კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით ვერ ვიტყვი, რომ კარგად არის საქმე; ცალკე პრობლემაა საზოგადოებაში არსებული სტიგმა, - ეს არის დამოკიდებულებები ამ კატეგორიის პირების მიმართ და ამ კუთხითაც არის სამუშაო. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია იმისათვის, რომ სტიგმა იყოს დაძლეული, მაგრამ ამას ფართო სახის კამპანია და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება, რომ ამ  ადამიანებს შეუწყონ ხელი დასაქმების ხელმისაწვდომობის კუთხით,“ - აღნიშნა ქელბაქიანმა.

თამარ ჭანტურია ამბობს, რომ მიუხედავად მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გარკვეული ცვლილებებისა, ქვეყნის მასშტაბით არაერთი გამოწვევა არსებობს:

„დღეის მდგომარეობით საქართველოს პრობაციის სისტემაში წარმოებს პირობით მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პრობაციის სისტემაში პირობით მსჯავრდებულებთან მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება პრობაციის ოფიცრის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგისგან. 

„მისასალმებელია პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გადამზადებული შესაბამისი კადრების არსებობა, როგორც ეს გათვალისწინებულია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და სტანდარტებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ სისტემამ ბევრად უფრო მეტად უნდა გაააქტიუროს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ყურადღება უნდა მიექცეს პრობაციის სისტემაში მომუშავე სპეციალისტების მუდმივ გაძლიერებას ბავშვთა რეაბილიტაციის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ხელი შეეწყოს ბავშვების უნარების გაძლიერებასა და განვითარებას.   

„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ქალთა გენდერ-სპეციფიკურ საჭიროებებს. ზოგადად, ქვეყანაში არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ მიმართულებით წარმატებული რეაბილიტაციის განხორციელების ბევრი ხელისშემშლელი ბარიერია. 

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მიერ ბოლო პერიოდში რეგიონულ დონეზე ორგანიზებულმა შეხვედრებმა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით ცხადყო, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევებია უწყებებს შორის ეფექტიანი და დროული კომუნიკაციის თვალსაზრისით. რიგ შემთხვევებში უწყებები არ ფლობენ ინფორმაციას ბენეფიციართა საჭიროებების შესახებ, გამოწვევებია არსებული სარეაბილიტაციო აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დროული და სრულფასოვანი ურთიერთგაცვლის კუთხით; აქვე მნიშვნელოვანია გააქტიურდეს თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე პრობაციის ბიუროებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერულ საბჭოებთან.    

„თავად პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა წლების განმავლობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, თუმცა, გადადგმულ არაერთ პოზიტიურ ნაბიჯთან ერთად ამ კუთხით ქვეყნის მთელი მასშტაბით არსებობს არაერთი გამოწვევა და დაბრკოლება, მათ შორის, როგორიცაა მაგ. ნასამართლევი პირების სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია, დამსაქმებელთა მხრიდან პირობითი მსჯავრის მქონე პირთა მიმართ უნდობლობა, სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობა და ა.შ. 

„სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ივლისის თვეში არაპატიმარ მსჯავრდებულთა დასაქმება განხორციელდა სამ რეგიონში: გურია (1 პირი), იმერეთი (1 პირი) და კახეთში (3 პირი). ამ კუთხით პირობით მსჯავრდებულებთან მუშაობა მიმართული უნდა იყოს მათი მოტივაციისა და უნარების გაძლიერებაზე სამუშაო ადგილის მოძიება/შენარჩუნებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ამასთან უმნიშვნელოვანესია დასაქმების მსურველმა პირობით მსჯავრდებულებმა იცოდნენ მათი უფლებები და ამ უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები; აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა.

„საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების კუთხით არაერთი გამოწვევაა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა ქალთა სპეციალურ დაწესებულებასა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც მაგ. ქალებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამაში - ისწავლონ თექაზე მუშაობა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება, შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნითაც; დაწესებულებაში ფუნქციონირებს სამკერვალო, სილამაზის სალონი, სატრენაჟორო დარბაზი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მაგალითად ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება ძალადობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის  მიმართულებით.  

„დღეის მდგომარეობით საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გადაიდგა რიგი პოზიტიური ნაბიჯები (მაგ. N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით, თუმცა, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსების მნიშვნელოვანი ნაკლებობის, გაუმართავი ინფრასტრუქტურის (რომელიც არ იძლევა მშვიდ და თერაპიულ სივრცეში სარეაბილიტაციო პროცესის წარმართვის შესაძლებლობას)  გათვალისწინებით, ეს ნაბიჯები მსჯავრდებულთა სრულფასოვანი და წარმატებული რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად საკმარისად ვერ ჩაითვლება და სისტემა კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე.

„აღნიშნულ საკითხზე არაერთი რეკომენდაცია აქვს გაცემული საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. მათი წლიური 2019 წლის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ „დაწესებულებებში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს ფრაგმენტული ხასიათი აქვს და არ არის მორგებული მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე“, ხოლო სარეაბილიტაციო პროგრამები არ არის მორგებული მსჯავრდებულთა საჭიროებებზე. 

„2018 წლის დეკემბრის თვეში ციხის საერთაშორისო რეფორმამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში განახორციელა ვიზიტი 4 პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის  მიმართულების შესწავლა და შეფასება წარმოადგენდა მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში, სადაც უფრო დეტალურადაა მიმოხილული პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით არსებული მდგომარეობა,“ - აღნიშნა მან. 

მსჯავრდებულებს ძირითადად რა პროგრამებზე აქვთ წვდომა, რამდენად არიან ჩართულები ან მოტივირებულები ამა თუ იმ პროგრამაში ჩაერთონ? სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ამ პროცესში რამდენად არიან ჩართულნი, ან რამდენად ეფექტურია მათი ჩართულობა? 

ტატო ქელბაქიანი იმ ძირითადად პრობლემებზე საუბრობს, რომელიც დღეს იკვეთება და რომლის გამოსწორებაც საჭირო და აუცილებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გარკვეული ძვრა მოხდეს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის კუთხით, ასევე სახელმწიფომ მათ კვალიფიკაციასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, ეს პრობლემა კი განსაკუთრებით სერიოზულია დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში.

„გარეთ გამოსულ ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, თუმცა სახელმწიფოც უნდა ეხმარებოდეს მათ. პენიტენციურ სისტემას რაც შეეხება, არის დამდენიმე დაწესებულება, სადაც გარკვეულ სერვისებზე აქვთ წვდომა; დასაქმების კერები, პროფესიული კურსები  და ა.შ. 

„მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომობა რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოფილია, მაგრამ ეს არ არის საერთო სურათი. განსაკუთრებით დიდი ზომის დაწესებლბებში, სადაც გარკვეული პროგრამებია - ცალკე პრობლემას ჰქმნის ის, რომ არ არის საკმარისი პროგრამები, ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი ამის ორგანიზებისთვის. განსხვავებული სურათი არსებობს დაწესებულებების მიხედვით და განსაკუთრებული ჩავარდნა დიდი ზომის დაწესებულბებში.

„თანამშრომელთა და პატიმართა რაოდენობის ბალანსი არ არის დაცული. სოციალური მუშაკები მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია რამდენიმე დაწესებულებაში, ფსიქიოლოგებიც არიან, თუმცა, სხვა დაწესებულბებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან იქ არც რაოდენობაა საკმარისი, არ მათი კვალიფიკაციაა დამაკმაყოფილებელი. მაგ. ქსანში ორი ფსიქოლოგია, და ამ ორმა ფსიქოლოგმა საერთოდ რა უნდა გააკეთოს, ცოტა გაუგებარია. 

„სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, მათი კვალიფიკაცია, განსაკუთრებით დიდი ზომის დაწესებულბებეში, ცალკე ინფრასტრუქტურა და ასევე  კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც პირდაპირ ბარიერებს ქმნის საგანმანათლებლო პროცესში და ეს განსაკუთრებით დიდი ზომის დაწესებულბებეშია გამოკვეთილი, როგორიც არის ქსანი, გერგუთი და რუსთავის ნომერ მე-17 დაწესებულება,“ - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა. 

თამარ ჭანტურია აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აკეთებს და ძირითად გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას: 

„პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცერთა, სოციალური მუშაკთა და ფსიქოლოგთა მიერ, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით სარეაბილიტაციო პროგრამებში პირობით მსჯავრდებულებთან  მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, პირობით მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად შემუშავებული გეგმის მიხედვით - მაგ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და პროსოციალური ქცევის ფორმირება, რომელიც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სავალდებულო ხასიათისაა. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ პირები ჩართულნი არიან სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში ძალდობრივი ქცევისა და სტრესის მართვის  მიმართულებით, თუმცა, პრობლემურია ამ პირთა მოტივირება სრულად მოისმინონ პროგრამით გათვალისწინებული კურსი.  

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შემუშავებულია არასავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამები დასაქმებისა და განათლების გაძლიერების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი რისკის მსჯავრდებულთა მოტივაცია საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, შესაბამისად აუცილებელია პრობაციის სისტემის შესაბამისი სპეციალისტების პერიოდული გადამზადება პირობით მსჯავრდებულებთან წარმატებული სარეაბილიტაციო მუშაობის გაძლიერების კუთხით.

„უმნიშვნელოვანესია პრობაციის სისტემამ გაააქტიუროს გენდერულად მგრძნობიარე სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში. 

„პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანური და მატერიალური რესურსების, ასევე სარეაბილიტაციო პროცესისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურული მოწყობის გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო დონორების თუ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დახმარებით ხორციელდება რიგი სარეაბილიტაციო აქტივობები, მაგრამ მათ აქვთ ფრაგმენტული ხასიათი. 

„როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშშია ნათქვამი სარეაბილიტაციო აქტივობებში პატიმართა მონაწილეობას ასევე უშლის ხელს კრიმინალური სუბკულტურის გავლენა და პატიმრებში მოტივაციის არარსებობა. 

„მსჯავრდებულთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო აქტივობები იყოს მორგებული მათ საჭიროებებზე. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გააძლიეროს და გააქტიუროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროცესის გაჯანსაღება განახორციელოს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით,“ - ამბობს ჭანტურია.

სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა ჩართულობას რაც შეეხება, თამარ ჭანტურია აცხადებს, რომ ამ მიმართულებით პენიტენციური სისტემა ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან დეფიციტსგანიცდის.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება ერთი უწყების - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბების მიმართულებით. საერთაშორისო სტანდარტები არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების აღსრულების პროცესში ხაზგასმით მიუთითებს პრობაციის სისტემაში კვალიფიციური სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების არსებობის აუცილებლობაზე. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას თუ რა ტიპის სარეაბილიტაციო აქტივობები მიმდინარეობს მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით. მნიშვნელოვანია აქცენტები გაკეთდეს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის ხარისხზე, მასში მონაწილე სპეციალისტების გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, რათა პრობაციის სისტემის თანამშრომლებს ხელი შეეწყოთ მსჯავრდებულებთან მუშაობის წარმართვაში. 

„საქართველოს პატიმრობის კოდექსის 116-ე მუხლის  შესაბამისად მსჯავრდებულის რესოციალიზაციას პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით და რომ რესოციალიზაციის საშუალებები გამოყენებულ უნდა იქნას მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში კვალიფიციური სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების არსებობა უმნიშვნელოვანესია მსჯავრდებულ პირთა წარმატებული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის. 

„სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პენიტენციური სისტემა განიცდის ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან დეფიციტს. გადატვირთულობის გამო სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ჩართულობას სარეაბილიტაციო პროცესში აქვს ფორმალური ხასიათი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიურ ანგარიშშიც საუბარია სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ფორმალურ ხასიათზე, „რაც არასაკმარისი და შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პერსონალის პირობებში შეუძლებელს ხდის მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრას“ . ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქმედითი ზომების გატარება როგორც კადრების გაძლიერების, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით,“ - განაცხადა თამარ ჭანტურიამ. 

ჩაწერა სახელი