ელზა პაპოშვილი
(09.10.2019)

 თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - 82 წლის მამაკაცმა, ლერი ლომაშვილმა, ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის ორი სასიკვდილო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნათლია კი პოლიციამ ცხელ კვალზევე დააკავა, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ 42 წლის კახა გაბრიელაშვილი აეროპორტის დასახლებაში ავტომობილების დარაჯად მუშაობდა. მათი თქმით, სამსახური გაჭირვებულ ნათლულს, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, თავად 82 წლის ნათლულმა ლერი ლომაშვილმა დააწყებინა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მან ნათლულს სამუშაოზე მიაკითხა, გარეთ გამოიყვანა და 4 ტყვია ესროლა, ერთი კი თავის არეში. ისინი მკვლელობის სავარაუდო მიზეზად 400 ლარ ვალს ასახელებენ, რომელიც ნათლულს ნათლიასგან უსესხია. მამაკაცი მას ვალის დაბრუნებას სთხოვდა, გაბრიელაშვილი კი ხუმრობით პასუხობდა, რომ არ დაუბრუნებდა.

„დილით ეძებდა, სად არისო, იკითხა. მერე გარეთ გამოიყვანა და სროლის ხმაც გავიგონეთ. საკმაოდ მშვიდი და წყნარი ბიჭი იყო, გადასარევი ადამიანი. წარმოდგენაც კი გვიჭირს, რომ ეს უბედურება მოხდა. ერთი ტყვია თავის არეში ჰქონდა ნასროლი. ადგილზევე გარდაიცვალა.

"როგორც გავიგე, 400 ლარი ჰქონდა ვალი, არ აძლევდა, ამის გამო ხშირად ჰქონდათ კამათი. თურმე გარდაცვლილი ეხუმრებოდა ამ ფულის მიცემაზე და ნათლია ბრაზდებოდა. სავარაუდოდ, შელაპარაკების და შემდეგ მკვლელობის მიზეზი ეს უნდა ყოფილიყო", - აცხადებს ორხევის მცხოვრები „რეზონანსთან".

გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ მანქანების გაქირავების კომპანიაში დარაჯად ნათლიამ ნათლული იმ პირობით დაასაქმა, რომ ამ ვალს ნელ-ნელა დაუფარავდა. მათივე ინფორმაციით, 42 წლის კახა გაბრიელაშვილს ეკონომიურად საკმაუდ უჭირდა, რადგანაც სამი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელსაც მუდმივად წამლები სჭირდება. ახლობლები ყვებიან, რომ 82 წლის მამაკაცი ნათლულს სამი დღის განმავლობაში გაბრაზებული დაეძებდა.

„ლომაშვილიც მაგ სამსახურში მუშაობდა, ნათლულიც მან მოაწყო. თუმცა, შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს მოხუცი სამსახურიდან გამოუშვეს. მიზეზი არ ვიცით, მაგრამ ამაში ბრალს ნათლულს სდებდა. თითქოს მისი ბრალი იყო, რომ გამოაგდეს.

"კახას მისი ვალი ჰქონდა. თურმე მის მიცემას დაჟინებით სთხოვდა. საწყალ ბიჭს კი ძალიან უჭირდა და სთხოვდა, რომ ნელ-ნელა დაუფარავდა. სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც შელაპარაკდნენ და ბიჭი დაუნდობლად ჩაცხრილა", - უყვება „რეზონანსს" გარდაცვლილის ახლობელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო,რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

 

ჩაწერა სახელი