„შესაძლოა სასურსათო კრიზისის წინაშე დავდგეთ - ტემპერატურის მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ მოსავალი ვერ ავიღოთ”
თამთა ჩაჩანიძე
(09.10.2019)

 უახლოეს პერიოდში დედამიწაზე მეცნიერები კატასტროფულ სიცხეებს პროგნოზირებენ, მათი თქმით, თუ კაცობრიობამ სათბური გაზების შემცირებას ხელი არ შეუწყო, შესაძლოა, ტემპერატურის მატება ყოველწლიურად მოხდეს, დაახლოებით 20 წელიწადში კი პიკს მიაღწიოს.

სამეცნიერო კვლევითი და ტექნოლოგიების ახალი ამბების საიტმა Phys.org.-მა ამერიკელი მეცნიერების პროგნოზი გამოაქვეყნა - სცენარის თანახმად, ამ საუკუნის შუა პერიოდში მოსალოდნელია ტემპერატურის 50-80%-იანი მატება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულში ტემპერატურა ხშირად 40 გრადუსს აღწევს, ამ პროგნოზის მიხედვით შესაძლოა ადამიანის სიცოცხლეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ბევრი წერს იმის შესახებ, რომ დედამიწაზე გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთად სიცოცხლე თანდათან გაქრება, თუმცა ამ განგაშის ზარს ძალიან ცოტა თუ აღიქვამს სერიოზულ პრობლემად, პრობლემის სათავე თვითონ ადამიანია, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ქმნის იმას, რასაც შემდეგ თვითონვე ებრძვის.

გლობალური დათბობა სათბური გაზების, ანუ ემისიების შედეგია, რაც ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოიშვა, სათბური გაზების მთავარი შემადგენელი კომპონენტი ნახშირორჟანგია, რომელიც ძირითადად ნავთობის წვის შედეგად გამოიყოფა.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები", თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კატასტროფული შედეგების თავიდან ასარიდებლად, მსოფლიოს ძალისხმევა სათბური გაზების შემცირებისკენაა მიმართული

„მსოფლიოში მთელი ძალისხმევა ზუსტად იქითკენაა მიმართული, რომ არ წავიდეს სიცხის გაზრდა, ამიტომაა სათბური გაზების გაფრქვევასთან დაკავშირებით ეროვნული ვალდებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რომელი სახელმწიფო როგორ აიღებს ამ ვალდებულებას, რომ შეასრულონ 2030 წლისთვის.

„ამის მიხედვით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მოხდეს სათბური გაზების შემცირება, რომ ტემპერატურა ზემოთ არ ავიდეს, ის რაც მეცნიერებმა განაცხადეს, პროგნოზი და სცენარია და შესაბამისად, საუბარია იმაზე თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ იმ შემთხვევაში, თუ სახემწიფოების მიერ აღებული ვალდებულებები არ შესრულდა.

„სახელმწიფოს ვალდებულება ეხება პირველ რიგში ნავთობის, გაზის და სხვა მსგავსი საწვავის გამოყენების შემცირებას, რომ სათბური გაზები ჰაერში არ გაიფრქვეს, ეს არის ნახშირორჟანგი, მეთანი და ა, შ. ეს ყველაფერი უნდა შემცირდეს, ამ ვალდებულებებს საქართველოც იღებს და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს" - განაცხადა მან.

ჩხობაძე ამბობს, რომ სიცხის ხანგრძლივობამ და კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა კაცობრიობა სასურსათო კრიზისამდეც მიიყვანოს, რადგან ის ტრადიციული სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლის მოსავალსაც აქამდე უხვად ვიღებდით, შესაძლოა კლიმატის ცვლილებამ საერთოდ გააქროს.

„შესაძლოა სასურსათო კრიზისის წინაშე დავდგეთ იმიტომ, რომ ტემპერატურის მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი რამ, რომ ის ტრადიციული პროდუქტები, რომლებიც მოგვყავდა, აღარ მოვიდეს,ანუ მოსავალი ვერ ავიღოთ, გაფუჭდეს ან სხვა რამ მოხდეს.

"ამიტომაა მნიშნელოვანი, რომ სოფლის მეურნეობამ მოახდინოს ქვეყანაში ადაპტირების პროგრამების დანერგვა, რომელიც მისცემს ჩანაცვლების საშუალებას სხვა პროდუქტების მიღებაზე და რომელიც სხვანაირად შექმნის სასურსათო საშუალებას.

„მე იმედი მაქვს, რომ ყველა სახელმწიფო გაითვალისწინებს აღებულ ვალდებულებებს, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ დედამიწის სამხრეთ რეგიონები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და ყველზე ცუდი შეიძლება აღმოჩნეს ის, რომ მეტი რეგიონი შეემატოს, რომელიც იქნება უწყლოდ.

„ჩვენ, საქართველოში პესიმისტური სცენარი გვაშინებს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ზღვის დონე 50 სმ-ზე ზემოთ აიწევს, პრობლემას შეუქმნის კოლხეთის დაბლობს."-ამბობს ჩხობაძე.

ჩაწერა სახელი