თამარ შუკვანი
(03.09.2019)

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურმა სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დააფიქსირა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურმა მყისიერი რეაქცია მოახდინა და ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია.

ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, მსგავს უნებართვო სამუშაოების შესახებ არაერთი გაფრთხილება მისცეს იმ სასულიერო პირებს, ვინც კონკრეტულ ძეგლებში მოღვაწეობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები მაინც გახშირებულია.

„არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ გაგვიფრითხილებია. უნებართვო სამუშაოებზე სარეკლამო კამპანიაც მიმდინარეობდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაფრთხილება გაეგზავნათ, მიეცათ გარკვეული ვადა. უნდა მოამზადონ პროექტი -რატომ და რისთვის აკეთებენ. პროექტი თუ იქნება ძეგლთა დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში, მიეცემა თანხმობა და განხორციელდება.

„ჩვენი მოქმედება პირველ რიგში იყო ის, რომ შევაჩეროთ სამუშაოები; წერილობით გაიგზავნა და თქვეს, რომ სამუშაოები შეჩერდება. ხოლო დანარჩენი საკითხების განხილვა პროექტის მომზადების ფარგლებში მოხდება.

„თუ რატომ კეთდება ეს შეუთანხმებლად, ამაზე პასუხი არ მაქვს. საზოგადოების თითოეულმა წევრმა, მათ შორის კონკრეტულ ძეგლებში მოღვაწე სასულიერო პირებმა და ყველა ეპარქიამ იცის, რომ არ შეიძლება რამის გაკეთება ჩვენთან შეუთანხმებლად," - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის. ახლადგამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც.

წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უხლოეს დღეებში გაასაჯაროებს. ნათქვამია „ფეისბუქში" გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, მსგავსი შემთხვევა ბოლოს გასულ თვეში ყინწვისის ეკლესიაში მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის ეკლესიაში ფილების დაგებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა და ფაქტი თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.

ჩაწერა სახელი