ია აბულაშვილი
(24.08.2019)

 თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის გურჯი ხათუნის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც ამ დრომდე უცნობი იყო, რის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნებაც ახდეს და მივაგნოთ დიდი მეფის - თამარის საფლავს, რომელიც ყველაზე გასაიდუმლოებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ექსპედიცია იკვლევდა ამ საკითხს და არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა გელათსა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, დღემდე ვერ დასტურდება ვერსიების და აღმოჩენილი საფლავების სისწორე.

გაგრძელდება თუ არა კვლევა თამარ მეფის საფლავის აღმოსაჩენად, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებით არსებობს არაერთი ისტორიული წაყარო, მათ შორის თამარ მეფის თანამედროვე სამი გამოჩენილი ისტორიკოსის, რომელთა თანხმადაც თამარ მეფე დაკრძალულია გელათში, ლეგენდები კი ამ თემაზე მოგვიანებით შეიქმნა.

მისი თქმით, თუ კვლევები გაგრძელდება, ალბათ ისევ გელათში ტაძრის საკურთხეველში, მისსავე სახელობის ეკვდერში.

 

ცნობები თამარ მეფის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შესახებ

"მეფეთ-მეფე და დედოფალთ-დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაბთა და ყოველსა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელი", ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, გიორგი მესამის ასული თამარ მეფე მეფობდა 1184 წლიდან, საქართველოს ოქროს ხანაში და ქვეყანას წარმატებულად მართავდა.

დღესდღეობით თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი ფრესკებში: ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისში და ბერთუბანში. ვარძიის ფრესკაში თამარი მანდილში არის გამოსახული, რომელიც გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე ეშვება, მოკლე თმის ხვეულები ლოყაზე გადმოსდის, რაც იმის დასტურია, რომ თამარი აქ გამოსახულია გათხოვებამდე. ბერთუბნის ფრესკაზე კი მოცემულია თამარ მეფის უკანაკნელი წლები.

გადმოცემით, ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა თამარ მეფე, როდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოუყვანიათ. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს.

როგორც თამარის მემატიანე წერს, დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება, შემდეგ გელათში წაასვეენს და იქ დმარხეს.

რაც შეეხება ლეგენდას, თამარ მეფეს ანდერძი დაუტოვებია, რომ ისე დაეკრძალათ, მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სახალხო მთქმელები კი დაკრძალვის ადგილად ასხელებდნენ - სვანეთს, რაჭას, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ. არის მოსაზრებაც მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერსუალიმში გადასვენების შესახებ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში კი თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსების მხოლოდ სამი ნაშრომი არსებობს: "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა და "ლაშა გიორგის მემატიანე". სწორედ ამ წყაროებზე დაყრდნობით, თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელად გელათის მონასტერია მიჩნეული.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთან"-ის ავტორი წერს: "წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა". ლაშა გიორგის მემატიანე იზიარებს ამ ისტორიულ ცნებას. თამარ მეფის გელათში დაკრძალვაზე მიუთითებენ ასევე ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი და თეიმურაზ ბაგარატიონი.

საინტერესო ცნობაა დაცული საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფრანგი ჯვაროსანი დე ბუას წერილი. ფრანგი რაინდი ბეზანსონის არქიეპისკოპოსს ამადეი დე ტრემლის ატყობინებდა - "გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგინებს უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთავალავი მეომრით უშიშრად აღსდგენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, მათი თექვსმეტი წლის მეფე, მსგავსი ალექსანდრესი (მაკედონელის), ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის, უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინა ქალაქში დამარხვა.

ამ დოკუმენტის ქართული თარგმანი 1929 წელს ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ზურაბ ავალიშვილმა პარიზში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება იმავე ეპოქის მემატიანის ბასილ ეზოსმოძღვარის ნაშრომს "ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა" ავტორი აწერს, რომ მეფე ჯერ მცხეთაში დაასვენეს, რადგან დიდთოვლობის გამო მისი გელათში გადასვენება შეუძლებელი იყო. მხოლოდ მოგვიანებით გადასვენეს გელათში.

"მაშინ უკვე აღმოიყვანეს და მცირეთა შინათ დღეთა მცხეთად დადვეს და მერე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თავისთა შინა სამარხოსა. ლაშა გიორგის მემატიანე გვატბყობინებს, რომ თამარი გარდაიცვალა "თვესა იანვარსა 12-სა, დღესა ოთხშაბათსა დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა".

თამარის საფლავი რომ გელათშია დამარხული, ადასტურებს მე-13 საუკუნის

მეორე ნახევარში შედგენილი სიგელიც.

როგორც ისტორიკოსი ჯაბა სამუშია თავის კვლევაში აღნიშნავს, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დოკუმიენტიც, შედგენილი 1260-1267 წლებში, სადაც ვკითხულობთ, რომ დავით ნარინის მეუღლე თამარმა გელათს შესაწირი შესწირა და ჩამოთვლილია ვის სახელზე: "დავითს წინამძღვრისა, პატრონთა მწირველისა, იოანეთასა, პატრონთა გამზრდელსა, და თამარის მწირველისა ილარიონ თვნელისა".

თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელზე ინტერესი, მეოცე საუკუნეშიც არ განელებულა, ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წლის ივლისში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად გელათში არქეოლოგიური გათხრები აწარმოა, მაგრამ თამარის საფლავად მიჩნეულ სამარხში აღმოჩნდა სხვა ოთხი მიცვალებული.

რაც შეეხება თამარ მეფის ნეშტის გადასვენების ვერსიას, ისტორიკოსთა ვარაუდით, თუ ეს მართლაც მოხდა, საიდუმლოდ მოხდებოდა მონღოლთა შემოსევების დროს და გარკვეული მიზეზებით ეს ფაქტი არ გახმაურდებოდა, ამიტომაც იმ ეპოქის ისტორიკოსებს ამის შესახებ არანაირი ცნობა არ დაუტოვებიათ.

 

ჩაწერა სახელი