ელზა პაპოშვილი
(16.06.2019)

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში კაცმა, სავარაუდოდ, ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. როგორც ადგილობრვები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცს ერთ-ერთ დაჭრილთან ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, შემდეგ კი მას ნაჯახი დაარტყა. 

როგორც სოფლის  მცხოვრებლები ფიქრობენ, დაჭრილს მეზობელი გამოესარჩლა და ბრალდებულმა ამის შემდეგ ახლა მეორე თანასოფლელიც დაჭრა. კონფლიქტის მიზეზად კი კარტოფილი სახელდება. ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელს კარტოფილს სთხოვდა, რაზეც მან უარი უთხრა. სიტყვიერი შელაპარაკება კი საბოლოოდ ფატალურად დასრულდა.  

ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ ადგილობრივი საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანა. ადგილობრივების თქმით, ერთს ჭრილობა ზურგში, მეორეს კი თავში აქვს მიყენებული.

„ეს ბიჭი, ვინც დააკავეს, მეზობელთან კარტოფილის სათხოვნელად მისულა. არავინ იცის ჯერჯერობით იქ ზუსტად რა მოხდა. ფაქტს მხოლოდ სამი ადამიანი შეესწრო - ორი ეს დაჭრილები და თავად დაკავებული. ეტყობა ამ კაცმა კარტოფილზე უარი უთხრა. მასზე ასაკით დიდები კი არიან. ორივე შუახნის არის და ბრალდებულის  მეზობლები არიან.

„როგორ ჩანს, იჩხუბეს. ამ ბიჭს იქვე დებული ნაჯახი აუღია, ერთისთვის პირდაპირ თავში ჩაურტყამს და შუაზე გადაუჩეხა. მეორეს კიდევ ზურგში აქვს ჩარტყმული. ალბათ მეზობელი, მეზობელს გამოესარჩლა ან მიეხმარა და ეს ამბავი დატრიალდა. 

„ის, თავში რომელსაც აქვს დარტყმული, ძალიან ცუდად არის. თბილისში გადიყვანეს. გონზე რომ მოვლენ, მოყვებიან რეალურად რა მოხდა და რა გახდა ამ უბედურების მიზეზი“, - ყვება ადგილობრივი მცხოვრები ჯამალ ბაირამოვი „რეზონანსთან“.

მისი თქმით, ადგილზე სასწარაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი იყო გამოძახებული. დაშავებულები თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაიყვანეს, მეორე კი ახალციხეში რჩება.

ადგილობრივები ბრალდებულ მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის არ იყო კონფლიქტური და არც დაჭრილ მეზობლებთან ადრე რაიმე დაპირისპირება არ ჰქონია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 42 წლის თ.ი. დააკავეს.    

„ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ჩაწერა სახელი