“არასდროს არანირი გულის პრობლემა არ ჰქონია. სრულიად ჯანმრთელი ბიჭი იყო”
ელზა პაპოშვილი
(13.06.2019)

 ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა. მან წვრთნის დროს გამთენიისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ის ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამთენიისას მას სამხედრო ნაწილში, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა. კლინიკაში შეყვანის დროს მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. 30 წლის ჯარისკაცი მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ცხედარს ექსპერტიზა რუსთავის პროზექტურაში ჩაუტარდა და დაზუსტებით რა გახდა ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახის წევრები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მათ დილით დაურეკეს და უთხრეს, რომ მათი შვილი შეუძლოდ იყო, ხოლო 20 წუთის შემდეგ კვლავ დაურეკეს და განუცხადეს, რომ გარდაიცვალა. ოჯახი ოფიციალურად ექსპერტზის დასკვნას ელოდება. მათი თქმით, ხარაზიშვილი 6 წელია, რაც სამხედრო სამსახურში იმყოფება.

ის ავღანეთშიც იყო, სადაც დაიჭრა და უკან დაბრუნების შემდეგ ვაზიანის ბაზაზე მოღვაწეობდა. ოჯახი აცხადებს, რომ მას გულის პრობლემა არასდროს ჰქონია და გაუგებარია რა უნდა მომხდარიყო. მას ჯარში მიღების დროსაც ყველა შემოწმება გავლილი ჰქონდა და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს არასდროს უჩიოდა.

„ჯარშიც და სოფელშიც საკმაოდ კარგი სახელით სარგებლობდა. გამოცდილი და კარგი სამხედრო იყო. 6 წელია რაც ჯარში საკონტრაქტო სამსახურშია. ამ ხნის განმავლობაში ავღანეთში წასვლა და დაჭრაც მოასწრო. იქ გადარჩა და აქ დამეღუპა. უკან დაბრუნებული ვაზიანის ბაზაზე მოღვაწეობდა.

"არასდროს არანირი გულის პრობლემა არ ჰქონია. სრულიად ჯანმრთელი ბიჭი იყო. ჯარშიც არ მიიღებდნენ რამე პრობლემები რომ ჰქონოდა. დილით დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ცუდად იყო. შემდეგ 20 წუთი იყო გასული, როდესაც ისევ დაგვირეკეს და გაგვაგებინეს, რომ გარდაიცვალა. მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ვეღარ უშველეს", - აცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა დიმიტრი ხარაზიშვილი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ჯარისკაცები ამბობენ, რომ ის გვერდით გადაბრუნებული საწოლში ნახეს, ხოლო, როდესაც გადმოაბრუნეს უკვე ხროტინებდა. ჯარისკაცებმა მისი დახმარება იქვე სცადეს, თუმცა ვეღარ უშველეს.

თავდაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ მას გავლილი ჰქონდა გეგმური სამედიცინო შემოწმება. თუმცა, უკანასკნელად როდის გაიარა ხარაზიშვილმა ეს შემოწმება, სამისტროში არ აკონკრეტებენ.

ჩაწერა სახელი