ელზა პაპოშვილი
(06.06.2019)

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, რამდენიმე დღის წინ, 16 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. სამშობიარო ტკივილები სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო. გოგონა ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და ის მეგობრის მამამ და მეზობელმა გააუპატიურა.

გოგონას ორსულობის შესახებ ასევე არაფერი იცოდნენ სკოლასა და ოჯახში. ბავშვი ნაადრევად დაიბადა. ის ამჟამად საავადმყოფოში, ინტენსიურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ადვოკატის თქმით, 16 წლის გოგომ შვილზე უარი თქვა: „ამბობს, რომ ძალადობის ნაყოფის გაზრდა არ სურს".

გოგო ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.

„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა.

"მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ", - ამბობს გოგო.

არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სaმინისტროში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბავშვის მამის დასადგენად და მას შემდეგ, რაც ბავშვის მამის ვინაობა დადგინდება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.

ბავშვის მამობის ვინაობა კი ერთ თვეში გახდება ცნობილი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს რეალურად გოგონა არის თუ არა მართალი.

გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია და არ იცის, გოგო გაუპატიურებას მას რატომ აბრალებს.

გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს. გოგოს ოჯახი და ახლობლები სამართალდამცავებისგან სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვენ და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მიიმალოს.

40 წლის კაცი ირწმუნება, რომ არასრულწლოვნის ოჯახმა, მშობიარობიდან მეორე დღეს 10 ათასი ლარი მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი გაუპატიურების დაბრალებით და ჩივილით დაემუქრნენ.

„მეზობლები ვართ, პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა მაგაზე, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო.

"მზად ვარ პოლიციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმაზეც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია. მაგრამ მე ეს არ ჩამიდენია, ამას როგორ გავაკეთებდი, ნათესავები ვართ. მაგის ძმა მე მოვნათლე. იმასაც მაბრალებენ, რომ მე ჩემს 14 წლის ბიჭზე შევთავაზე დაქორწინება გაჩუმების სანაცვლოდ", - აცხადებს კაცი.

ფსიქოლოგი ნანა ჯანჯღავა კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არასრუწლოვან გოგონას სასწრაფოდ ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭირობა, რადგანაც ის მძიმე სტრესის ქვეშ არის.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მოზარდი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რომ მას ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების დახოცვით და ამას თვეების განმავლობაში მალავდა, უკვე არის სერიოზული წყარო მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისთვის.

გარდა ამისა, ამ ურთულეს სიტუაციას, დიდი ალბათობით, ემატება სირცხვილის განცდა და მის მიმართ უნდობლობის ფაქტორი. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ როგორც წესი, როდესაც საქმე არასრუწლოვან გოგონას ეხება დამნაშავედ სწორედ მას თვლიან. შესაძლოა ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზის, რის გამოც მან მომხდარი ფაქტი დამალა.

„ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ რთულ სიტუაციაში სქესობრივი განათლების არქონას უკავშირდება. თუ გოგონა ამბობს, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, გამოდის, რომ მას სექსუალური განათლება საერთოდ არა აქვს და ვერ მიხვდა სიმპტომებს, რომელიც ორსულობის დროს ვლინდება. სოწრედ ეს არის მიზეზები რის გამოც არასრუწლოვნები ხშირად ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

"ახლა წარმოვიდგინოთ ბავშვის ფქისოლოგიური მდგომარეობა და მისი განცდები. თუ მამაკაცი მას რეალურად ემუქრებოდა, ეს კიდევ დამატებით სტრესია. ასევე ის აფქტი, რომ გოგონა ბავშვზე უარს ამბობს და რა თქმა უნდა, მას დედობის ფაქტორიც გაუთვითცნობიერებული აქვს. ასევე სააინტერესოა, რომ მის გარშემო ვერც ოჯახში და ვერც სკოლაში ვერავინ მიხვდა, რომ 16 წლის მოზარდი ორსულად იყო", - აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან".

 

 

ჩაწერა სახელი