ია აბულაშვილი
(15.04.2019)

 საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ცნობილი ქართველი მუსიკოსის - ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში პირველმა გამოიგონა ნოტების საბეჭდი მექანიკური მანქანა. ფონდში, ასევე, დაცულია ძველი მუსიკალური საკრავების აღდგენის მასალები და ზაქარია ფალიაშვილის რეკომენდაცია თბილისის მუსიკალური სასწავლებლის კურსადმავრებულ ვასილ თამარაშვილის სამხედრო მუსიკალური ორკესტრის კაპელმეისტერად დანიშვნის შესახებ.

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე მიხეილ თამარაშვილის ძმისშვილი ვასილ თამარაშვილი დაიბადა თბილისში. 1908-1911 წლებში სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში მუსიკის თეორიის კურსზე სამხედრო ორკესტრის დირიჟორ-კაპელემისტერის განხრით. თეორიას ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა.

სწავლის პერიოდშივე დააარსა 15 მუსიკოსის შემადგენლობით ორკესტრი, რომელიც თანამშრომლობდა თბილისში არსებულ სხვადასხვა თეატრთან. მისი ხელმძღვანელობით ამ ორკესტრისთვის დამუშავდა სიმღერები, მათ შორის "მარსელიოზა", "ვარშავკა" და სხვა.

პარალელურად შეისწავლა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები. 1913 წელს დაიწყო მუშაობა ძველი ხალხური საკრავების აღდგენა-რეკონსტრუქციაზე. 1914 წელს დაამზადა პირველი კონსტრუირებული ჩონგური, შემდეგ - ჩანგი, ფანდური, გუდასტვირი. მის მიერ დამზადებული 11 სხვადასხვა სახეობის საკრავი დღეს პეტერბურგის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში ინახება.

სწორედ ამ ღვაწლმოსილი მუსკოსის სახელს უკავშირდება ნოტების საბეჭდი მანქანის შექმნის იდეა. ვასილ თამარაშვილმა, რომელიც ნოტების ამწყობ სტამბაში ამწყობად მუშაობდა, 1914-1915 წლებში შექმნა ნოტების საბეჭდი მანქანის სქემა, 1921 წელს კი დაამზადა პირველი ნიმუში.

ნოტების საბეჭდი მანქანის სერიულ გამოშვებაზე მუშაობა დაიწყო რუსეთში, ლიგოვის ქარხანაში, თუმცა ქართველი გამომგონებლის ამ წამოწყებას ბოლშევიკებმა შეუშალეს ხელი.

როგორც მუსიკათმცოდნეები აღნიშნავენ, ვასილ თამარაშვილის მიერ გამოგონებული ნოტების საბეჭდი მექანიკური მანქანა, რომელიც, სანოტო ნიშნებთან ერთად, ლიტერატურულ ტექსტებსაც ბეჭდავდა 5 ენაზე, მსოფლიოში სანოტო გამოცემების მექანიზაციის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო.

ჩაწერა სახელი