ლტოლვილად ჩაბარების შანსი აღარაა, არალეგალურად მუშაობაც გაძნელდა, ანაზღაურება შემცირდა, დეპორტის შანსი კი - გაიზარდა
ნანა შაიშმელაშვილი
(05.03.2019)

 ქართველი ემიგრანტებისთვის და მათთვის, ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი ახლა გაუჩნდა, მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ შენგენის ზონაში წასვლა საკმაოდ ადვილია, თუმცა იქ ფეხის მოკიდება წარმოუდგენლად გართულდა. სამუშაოს საძებნელად ჩასულ ქართველებს ხშირად რამდენიმე ქვეყნის შეცვლა უწევთ, სანამ სათანადო სამსახურს იპოვიან. მანამდე კი მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.

ემიგრანტების უდიდესი ნაწილის მიზანი სოციალური პრობლემებიდან თავის დაღწევაა. ისინი ცდილობენ, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გამოასწორონ, თუმცა ეს უფრო და უფრო რთული ხდება ევროპაში, რომელიც გადაჯერებულია ლტოლვილებითა და მიგრანტებით. საქართველოდან სამუშაოდ წასულებს ხშირად ორი ან მეტი ქვეყნის გამოცვლაც კი უწევთ, რადგან "მასპინძელ ქვეყანაში" რამდენიმე თვე ვერ პოულობენ სამუშაოს. ამ თვეების განმავლობაში ცხოვრების ხარჯი კი ვალად ედებათ და მდგომარეობა უფრო მეტად უმძიმდებათ.

თეა მესხია, უკვე 18 წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ როცა ჩავიდა, ევროპაში გაცილებით ცოტა მიგრანტი იყო და ფეხზე დადგომაც ბევრად მარტივი.

"უკვე ძალიან დიდი ხანი, მთელი 18 წელია, ესპანეთში ვარ. აქ რომ ჩამოვედი, ძალიან ცოტა ქართველი იყო და ქუჩაში ერთმანეთს ვაჩერებდით ქართული საუბრის გაგონებისას. ახლა, ზოგადად, მიგრანტები იმდენად ბევრნი არიან და ისეთი ქვეყნებიდან, ჩვენ იაფ მუშახელად აღარ ვითვლებით.

თავიდან ოჯახის წევრები ჩამოვიყვანე მე, მერე ჩემმა ქმარმა თავისი და და სიძე, სამუშაო ყველას დავაწყებინეთ და ასე თუ ისე ავეწყვეთ. მას მერე დასაქმებასთან შეხება არ მქონია, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვართ. ბოლოს უკვე ჩემი რძალი ჩამოვიდა შარშან და მთელი 5 თვე უმუშევრად იჯდა სახლში. გოგოებმა რომ გაიგეს (რომლებიც აქ გავიცანი), 5 თვეში სამსახური დავაწყებინე, გაუკვირდათ, იმდენად არის გართულებული ყველაფერი. არადა, მე 5 თვეც მებევრებოდა.

ძალიან არის სიტუაცია დამძიმებული ამ მხრივ. ბოლო წლებში უფრო მეტი და მეტი ადამიანი აწყდება ევროპას ელემენტარული პირობების გასაუმჯობესებლად. ვისაც ოჯახის წევრი არ ხვდება, ხელს არ უწყობენ, თვეობით არიან უმუშევრად. შესაბამისად, უფრო უმძიმდებათ ფინანსური მდგომარეობა. აქ ჭამაც და ცხოვრებაც ძვირია და ვალებს იდებენ.

მგონია, რომ საქართველოდან ბევრად მარტივი ჩანს აქაური ცხოვრება, სინამდვილეში კი ძალიან დიდი შრომის ფასად ვიღებთ ჯამაგირს და სამსახურის შოვნაც უფრო და უფრო რთულდება," - ამბობს თეა მესხია.

ემიგრანტები "ბიზნეს-რეზონანსთან" სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ რთულ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი ახლახან დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ არა საკუთარი ნებით, არამედ დეპორტით. მზია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გერმანიაში 7 თვის წინ ვალის გამო წავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მალულად მუშაობდა, ბოლოს კი ქვეყნიდან ისე გამოუშვეს, რომ აქ დატოვებული ვალი ბოლომდე ვერ გაისტუმრა.

"ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში წასვლა გვიხარია. ერთი სული მქონდა, პრობლემები მომეგვარებინა და ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. გერმანიაში 7 თვის წინ წავედი. გამუდმებით შიშის ქვეშ ვიყავი, ვიმალებოდი და სამსახურში ისე დავდიოდი. პრობლემები მაიძულებდა, მემუშავა და როგორმე გამომესწორებინა რთული მდგომარეობა, თუმცა ეს მაინც ვერ შევძელი. ახლა დეპორტის გამო სხვა ქვეყანაში გადასვლა არ შემიძლია, აქაც ვერ ვმუშაობ. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერ დავსაქმდი," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" მზია ჟორჟოლიანი.

გარდა ემიგრანტებისა, რომლებიც სამუშაოდ მიდიან, ლტოლვილად ჩაბარებული მოქალაქეების უკან გამობრუნების შემთხვევებიც მკვეთრად გაიზარდა. ნანუკა დორეული ყვება, რომ მისი მაზლი მთელი ოჯახით ავსტრიიდან 2-წლიანი ლტოლვილობის შემდეგ გამოადეპორტეს.

"დიდი ბუმი იყო ქვეყანაში, რომ ლტოლვილად ბარდებიან და ძალიან კარგად არიან ევროპაში, ბავშვზე ბინა მისცეს და ასეთი ამბებით გაივსო ქალაქი. ჩემი მაზლი და მისი ოჯახიც წავიდნენ. რაც მან საქართველოში სამსახური დაკარგა და ახლის მოძებნაც ვერ შეძლო დროულად, ავსტრიაში გაფრინდა ოჯახით. ჯერ ერთი, პირობები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც უკვე ჩასული მიგრანტები ხატავდნენ.

თავიდან საკმაოდ რთულ გარემოში ცხოვრობდნენ, მერე კი ნელ-ნელა დალაგდნენ და პირობებიც გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, ფეხი ვერ მოიკიდეს. 2016-ში წავიდნენ და შარშან, 2-წლიანი ლტოლვილობის შემდეგ, ღამით დაადგნენ და გამოადეპორტეს.

როგორც ყვებიან, იმდენად ბევრი ჰყავთ სირიელი და აზიის სხვა ქვეყნებიდან ლოლვილები და ეს იმდენად პოლიტიკური აქტია, რომ ჩვენ აღარავინ გვიმატებს იქ სარჩენად. ვინც ძალიან დიდი ხნის ჩასული არაა, მკურნალობა არ სჭირდება ან რაიმე მსგავსი, ყველას უკან აბრუნებენ," - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ნანუკა დორეულმა.

საბერძნეთი ქართველი მიგრანტების რაოდენობით მეორე ადგილზეა და იქ, ოფიციალური სტატისტიკით, ემიგრანტების 15.9% ცხოვრობს. ქვეყანაში, რამდენიმე წელია, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და ეს, სამუშაო ადგილების გარდა, აისახა ხელფასის ოდენობზეც. საშუალოდ, 800-1000-ევროიანმა ხელფასმა 600-700 ევრომდე დაიწია და ასეთ მცირე ანაზღაურებაზე სტაბილური სამუშაოს შოვნაც კი ძნელია.

ახლად წასული ემიგრანტებისთვის რომ ევროპაში საკმაოდ რთული ვითარება და სამუშაო გარემოა, ადასტურებს პროფესორი, ეკონომისტი პაატა აროშიძე. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ემიგრანტები არიან, აღარ არის ეკონომიკურად სახარბიელო მდგომარეობა. აქ შეიძლება მათი გამოგზვანილი ფული უფრო მეტი ჩანს, მაგრამ იქ ეს თანხა არ არის შესაბამისი ანაზღაურება.

"ემიგრანტები შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ. პირველი ნაკადი, 10-15 წლის წინ წასულები და უახლოეს პერიოდში წასულები. ვინც პირველ ნაკადში იყვნენ, მათ მეტი გამოცდილება აქვთ, უფრო მარტივად პოულობენ სამსახურსაც და შეუძლიათ ადაპტაცია იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებიან, რადგან იქაური წეს-ჩვეულებები უკეთ იციან.

სულ სხვაა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც ახლახან წავიდა. მათ უჭირთ სამსახურის შოვნა და დამკვიდრება. მათი სამიზნეა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერი არიან და, შესაბამისად, იქაურ მოსახლეობას შემოსავალიც მაღალი აქვს.

საქართველომ მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი დაიწყო, პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, რომ დახარჯავდა რესურსს და ამ ადამიანებს უკან დააბრუნებდა. უამრავჯერ ითქვა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ საუბრის დონეზე დარჩა. ქვეყანაში სოციალური მდგომარება საკმაოდ მძიმეა და ამ ადამიანებს უღირთ, რომ იქ არალეგალებად იყვნენ და ამის ხარჯზე ოჯახი არჩინონ.

იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ემიგრანტები ცხოვრობენ, აღარ არის ეკონომიკურად სახარბიელო მდგომარეობა. აქ შეიძლება მათი გამოგზავნილი ფული მეტი ჩანს, მაგრამ იქ ეს თანხა აღარ არის შესაბამისი ანაზღაურება.

მართალია, ეს მდგომარეობა გადმორიცხვებზე თანხობრივად არ ასახულა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ლარის და ევროს მიმართ გაუფასურდა," - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძე.

ქვეყნების მიხედვით კი მიგრაციის მაჩვენებელი ასეთია: რუსეთის ფედერაცია - 21.7%, საბერძნეთი - 15.9%, თურქეთი - 11.2%, იტალია - 10.9%, გერმანია - 7.1%.

ჩაწერა სახელი
მედეა (05.03.2019)
ჰოდა დაბრუნდნენ საქართველოში, მოხნან და მოთესონ უძვირფასესი მიწები, იყოლიონ პირუტყვი, მოაშენონ ქართველები, რას გარბიან სხვაგან!დაე, გაივსოს სოფლის სკოლები ბავშვებით, ბეღლები ხორბლითა და სიმინდით, ასეთი ქვეყანა გქონდეს და სხვაგან გარბოდე?

GIA (05.03.2019)
MERE MAGASHI RA ARI CUDI EMIGRASIASHI AGAR AMOGDVREBAT SULI DAUKARIT AXLA TASHI VIZA LIBERALIZASIAC