ია აბულაშვილი
(03.02.2019)

 "მაღალაშვილის სახით უნიჭიერესი, თვალსაჩინო პიანისტი დაიბადა" - ასეთი მაღალი შეფასება მისცა პარიზის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, შემდგომში შოპენის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელ ნიკიტა მაღალაშვილს მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა მორის რაველმა.

დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის, შოპენის უზადო შემსრულებლის - ნიკიტა მაღალაშვილის ცხოვრებიდან.

ნიკიტა მაღალაშვილი 1912 წლის 8 თებერვალს პეტერბურგში, თავად დიმიტრი მაღალაშვილის ოჯახში დაიბადა. 1918 წელს ბოლშევიკებს გაქცეული მაღალაშვილების ოჯახი ჯერ ფინეთში დასახლდა, შედეგ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

პატარა ნიკიტას მუსიკალურმა ნიჭმა პირველად ცნობილი მუსიკოსისა და პედაგოგის - ალექსანდრე ზილოტის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ფერენც ლისტის საყვარელი მოწაფე იყო და რამდენიმე გაკვეთილიც მისცა. ბავშვის მუსიკალურ განათლებაზე ზრუნავდა მშობლების ახლო მეგობარი, გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი სერგეი პროკოფიევიც.

შემდეგ იყო პარიზის კონსერვატორია, სახელგანთქმული ფრანგი კომპოზიტორის - ისიდორ ფილიპის, შოპენის მოწაფის - ჯორჯ მატისის კლასი. პარიზის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ 17 წლის ჭაბუკი სოლო კონცერტებით გამოდიოდა. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი ევროპა და ამერიკა დაიპყრო, სადაც კონცერტებს მართავად ცნობილ მევიოლინე სიგეტისთან ერთად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იტალიასა და საფრანგეთში. 1947-1950 წლებში კი დროებით აშშ-ში მოღვაწეობდა.

იგი საბოლოოდ შვეიცარიაში დასახლდა, წლების განმავლობაში ჟენევის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასს ხელმძღვანელობდა, რომელსაც გარდაცვალებამდე მისი უახლოესი მეგობარი, მსოფლიოში გამოჩენილი პიანისტი დინუ ლიპატი ედგა სათავეში.

მაღალაშვილის მოწაფეები იყვნენ ცნობილი პიანისტები მარტა არგერიხი, მარია ტიპო, ინგრიდ ხებლერი, ემილ ნაუმოვი, ვენსან კოკი, მსოფლიოში აღიარებული ორღანისტი ლიონელ როგი და სხვები.

მიუხედავად ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა, სოლო კონცერტებს მართავდა მთელ მსოფლიოში. როგორც მუსიკათმცოდნეები აღნიშნავენ, პოლონეთში, გენიოსი კომპოზიტორის სამშობლოში, მაღალაშვილის მიერ შესრულებული შოპენის მეორე ნოქტურნი ოქროს ასოებით ჩაიწერა თანამედროვე პიანიზმის ისტორიაში.

მან პირველმა ჩაწერა შოპენის ყველა საფორტეპიანო ნაწარმოები, მათ შორის მუსიკალური სამყაროსთვის ნაკლებად ცნობილი პიესები "პაგანინის სუვენირი", "ფუგა და მინორი" და "ფურცელი ალბომიდან". მსოფლიოში აღიარებული შოპენისტი დიდი წარმატებით ასრულებდა ბახის, ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, შუმანის, სტრავინსკის ნაწარმოებებს. ამბობენ, შეუდარებელი იყო მენდელსონის მისეული ინტერპრეტაცია.

სამშობლოში კი პირველად 1967 წელს ჩამოვიდა, თბილისის სცენაზე ბრამსისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.

ნიკიტა მაღალაშვილი 1992 წელს შვეიცარიაში, ქალაქ ვევეში, გარდაიცვალა, უცხოურმა პრესამ მას "მუსიკის პოეტი" უწოდა.

ჩაწერა სახელი