ია აბულაშვილი
(28.01.2019)

 როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე. მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". ამას მოჰყვა ის, რომ იმ განძეულობის ოფიციალური მფლობელი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ საფრანგეთში გაიტანა და მის მესაკუთრედ მიიჩნეოდა, საფრანგეთის მთავრობა ხდებოდა. ამ მდგომარეობით შეშფოთებული ექვითმე თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს გადასცემოდა და მოხსენებითაც მიმართა. საქართველოში კი მეგობარ მეცნიერებს სთხოვდა, რომ ქართული განძის სავალალო მდგომარეობაზე მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ ხმა.

ერთ-ერთი წერილი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა პროფესორ ვუკოლ ბერიძეს პარიზიდან გამოუგზავნა, 1935 წლის 9 აპრილით თარიღდება.

"ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარ მაქვს საშუალება და უფლება, ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო; ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა აღარ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ეს ნივთები ან მისი ნაწილი დაიკარგება.

"თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმებს არ ჩაბარდება.

"ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა.

"ესე იგი: 1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევით და დახმარებით.

"2) რომ ეს ნივთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, საეკლესიო მუზეუმების, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.

"3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.

"4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ეს ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონს, ე.ი. საქართველოს მუზეუმებს. მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტში ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარები მოკლებული არიან საშუალებას, ისარგებლონ ამ ნივთებით.

"მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეს გადახდისთვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამოღებული.

"ახლა აუცილებლად საჭიროა ამ ჩემს მოხსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საჭიროების მოთხოვნა, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები.

"გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს. რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ შუამდგომლობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს.

"კიდევ ერთი ცნობა - შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოიხოვენ და უნდა გადავიხადოთ.

"სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ველი თქვენ პასუხს.

"ღრმა პატივისცემით, ექვთიმე თაყაიშვილი".

სადავოდ ქცეულ საქართველოს განძეულობას, რომელიც მარსელის ბანკში ინახებოდა, საფრანგეთის მთავრობამ ადგილი შეუცვალა და პარიზის ერთ-ერთ ბანკში გადაიტანა, მცველად ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა.

ამავდროულად გრაფ ობელენსკის ქვრივმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის - ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ საქმე აღძრა და განძეულის ის ნაწილი მოითხოვა, რომელიც მისი მამა-პაპის ზუგდიდის სასახლიდან იყო წამოღებული. სასამართლო 7 წელს გაგრძელდა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა მოიგო.

როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, საქართველოს განძეულობა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშებს შეიცავდა და მისი დაპატრონებით ბევრი იყო დაინტერესებული. 1926 წელს ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ მუზეუმის" დირექტორი შეხვდა ექვთიმე თაყაიშვილს და სთხოვა, ქართული საგანძური ამკრიკაში 6 თვით გამოეფინათ, რასაც ექვთიმე არ დათანხმდა. მოგვიანებით ისევ ესტუმრნენ მუზეუმის წარმომადგენლები ამჯერად ინგლისელ ქართველოლოგ ალენთან ერთად ქართულ კოლექციაში დაცული მინანქრის შეძენის თაობაზე.

არც ამ შეთავაზებას დათანხმდა ექვთიმე, მიუხედავად იმისა, რომ დიდ თანხას სთავაზობდნენ. თანაც იმ დროს, როცა უკიდურეს გაჭირვებაში იყო. მის უბის წიგნაკში ასეთი ჩანაწერებია, რომ მისი და მისი მეუღლე ნინა პოლტარაცკაიას დღიურ ულუფას შეადგენდა: ნახევარი ლიტრი რძე, 400 გრამი პური, თითო კვერცხი, დღეში ერთხელ კი სადილს ნისიად მეზობელი აწვდიდა. 1934 წლის თებერვალში უსადილოდ 6 დღე დარჩენილან, მარტში - 13 დღე.

1944 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში - ბოგომოლოვს გააცნო ქართულ განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა. ვრცელი მოხსენებაც გადაუცია გენერალ დე გოლის სახელზე.

"დეტალურად ვერ ავუხსნი საქმის ვითარებას. ამიტომ გთხოვთ, მომცეთ ჯეროვანი მოხსენება... რა თქმა უნდა, დავწერე და გადავეცი ვრცელი მოხსენება ქართული ერის უძველესი კულტურიდან მოყოლებული ისტორია", - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

ჩაწერა სახელი