თამარ შუკვანი
(18.01.2019)

 "2018 წლის პირველი თვეებიდან აღინიშნებოდა ამ დაავადების მატების შემთხვევები, რომელსაც, განსაკუთრებით, ნოემბერ-დეკემბერში პიკური მაჩვენებელი ჰქონდა. ძალიან მოიმატა და ახლაც შენარჩუნებულია, 15 დღის განმავლობაში იმდენი პაციენტი შემოვიდა, რამდენიც ნოემბერ-დეკემბერში - ერთად", - აღნიშნავს ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია "რეზონანსთან" საუბრისას.

ქვეყანაში ამჯერად "წითელამ" იფეთქა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში "წითელას" ეპიდაფეთქებაზე საუბრობს. მისი თქმით, 15 დღის განმავლობაში ქვეყანაში სულ 312 შემთხვევა აღინიშნება, რომელთაგანაც 56% 20-დან 40 წლამდე ასაკის პირები არიან.

"წითელას" თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს "წითელას" საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, მისი თქმით, აცრებს სახელმწიფო აფინანსებს და ვაქცინაცია ყველასათვის უფასოა.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ "წითელასაგან" თავი დავიცვათ? ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია "წითელას" საწინააღმდეგო აცრების ჩატარება. მისი თქმით, როდესაც "წითელა" ასეა გავრცელებული, საჭიროა, ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ.

"წითელას" პრევენცია არის აცრების ჩატარება. უნდა ჩატარდეს ეროვნული კალენდრის მიხედვით, ერთი წლისა და ხუთი წლის ასაკში, მაგრამ ასეთი აფეთქებებისა და ეპიდემიის დროს აუცილებელია დიდი დაფარვა. ამიტომ იმისათვის, რომ აღარ გაგრძელდეს "აფეთქება", აუცილებელია, მოხდეს ვაქცინაცია 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებში, ვისაც "წითელა" გადატანილი არ აქვს", - აღნიშნავს ის.

ცნობისათვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებული გახდა. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში" შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ 14 ნოემბერს დაამტკიცა.

ინფექციონისტის განცხადებით, "წითელას" დაგვიანებული შემთხვევები იშვიათია, რადგან ადამიანები გამოყრისთანავე აკითხავენ ექიმს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ "წითელა" საკმაოდ მძიმედ ვითარდება იმ ადამიანებში, რომელთაც იმუნიტეტი დაბალი აქვთ.

"წითელას" დაგვიანებული შემთხვევები იშვიათია, რადგან, როდესაც გამოყრა ვითარდება, პაციენტები მაშინვე გვაკითხავენ და ადეკვატური თერაპიის შედეგად გამოსავალი კარგი გვაქვს.

"თუმცა იგი ძალიან მძიმედ მიდის - აქ აღარ არის დროულად თუ დაგვიანებით მომართვაზე საუბარი, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ იმუნურ სტატუსს. დაავადების სიმძიმე იმუნური სტატუსით განისაზღვრება. შეიძლება, დროულად მოვიდეს პაციენტი, დროულად ჩაუტარდეს მკურნალობა, მაგრამ შესაძლოა, ფატალური შედეგით დამთავრდეს იმუნოკომპრომესის გამო ორგანიზმში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჩაწერა სახელი