"საქართველოში კი წამლები სამმაგ ფასში იყიდებოდა"
თეო გუდავაძე
(17.01.2019)

 გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 150 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს, H1N1თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია.

კონკურენციის სააგენტო სწორედ ახლა სწავლობს, არის თუ არა მედიკამენტებზე ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას უწყება, რომელიც მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას გააკონტროლებს.

საქართველოში გავრცელებული "ღორის გრიპის" ვირუსის გამო ხალხი შეშინებულია და უბრალო გაციებასაც კი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან გრიპი რთულ დაავადებაში არ გადაიზარდოს. შესაბამისად, ადამიანები მაქსიმალური ძალებითა და დანახარჯებით ცდილობენ ვირუსის თავიდან აცილებას.

"რეზონანსის" გამოკითხვით გაირკვა, რომ თითო ადამიანის მკურნალობა დაახლოებით 80 ლარამდე ჯდება, რადგან წამლები საკმაოდ გაძვირებულია. ესეც მაშინ, როდესაც უბრალო გრიპზეა საუბარი და არა - H1N1-ზე, რადგან "ღორის გრიპის" მკურნალობა გაცილებით ძვირია, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ექიმების ჩარევითაც.

მარინა ბერაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წამლების ფასი არ არის ადეკავტური და ამაზე სახელმწიფო ორგანომ უნდა იზრუნოს.

"მედიკამენტების ფასი შექმნილ სიტუაციაში არ იყო ადეკვატური, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ჯანდაცვის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ გააძვირეს წამლები. არაჰუმანურია ეს ყველაფერი. თითოეული ადამიანი ასეთ დროს უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიკამნეტებითა და საჭირო სამკურნალო საშუალებებით. ეს არის ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა, როდესაც ფარმაცევტული კომპანია, რომლის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა, მედიკმენტებზე მოთხოვნის გაზრდისთანავე პროდუქციას აძვირებს. ამიტომ საკონტროლო შესყიდვები უნდა განხორციელდეს.

ყველა ხედავს, რომ ძალიან მოკლე დროში მედიკამენტები გაძვირდა, "ტამიფლუ" - განსაკუთრებით. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტია მოთხოვნა წამალზე, ფასი უფრო დაბალი უნდა იყოს, მაგრამ აქ რატომღაც ყველაფერი პირიქით ხდება.

რაც შეეხება ექიმთან ვიზიტს, როდესაც ასეთი პანიკური დამოკიდებულებაა ქალაქში და ასე მძვინვარებს გრიპი, სხვანაირი მიდგომაა საჭირო. როდესაც მედიკამენტის გაცემა უფასოდ დაიწყო, ეს იყო კარგი ჟესტი სახელმწიფოსაგან, მაგრამ უკიდურეს სიტუაციამდე ნაბიჯი არ გადადგეს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თანხა პრევენციაში ჩავდოთ და ამაში სახელმწიფოც უნდა დაგევხმაროს, ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი. აუცილებელია, გრიპის საჭინააღმდეგო აცრების ჩატარება იყოს უფასო, რომ ყოველმა მოქალაქემ შეძლოს, თავი დაიცვას მსგავსი ვირუსისაგან. ვისაც აქვს ფული, ის შეძლებს ვაქცინის ყიდვას, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, იმან რა დააშავა?

ვირუსებთან ბრძოლა ყოველთვის არის სტიქიური სწორედ იმის გამო, რომ წინასწარ თავს არასდროს ვიცავთ. აუცილებელია რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ფასს მედიკამენტებზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარინა ბერაძემ.

საქართველოში მძიმე სოციალური ფონის გამო ოჯახებს ძალიან უჭირთ, შესაბამისად, ვირუსის ხარჯები გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მათგანისთვის და ამისთვის ფინანსურად მოუმზადებლები იყვნენ. ადამიანები თუ ადრე სახლის პირობებში ცდილობდნენ გრიპის ვირუსთან გამკლავებას, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან "ღორის გრიპის" გამო ყველა პანიკაში ჩაცვივდა. ხალხი ბოლო თანხას დებდა მედიკამენტებსა და მკურნალობაში. ექსპერტი სერგო ჩიხლაძე "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასი რეალობასთან შეუსაბამო იყო:

"ტამიფლუ" გაძვირდა ყველაზე მეტად - 90-100 ლარი ღირდა. მერე უფასოდ დაიწყო გაცემა, თუმცა ეს იყო დაგვიანებული რეაქცია. ამ პერიოდში საზღვარგარეთ ვიყავი და იქ რეცეპტით საერთოდ უფასო იყო თავიდანვე, საქართველოში კი წამლები სამმაგ ფასში იყიდებოდა, ეს იყო არაადეკვატური მოგება, რაც რჩებოდათ ფარმაცევტულ კომპანიებს. ამ დროს აფთიაქებში აუცილებელი ნივთების დეფიციტი იყო, პირბადეებიც კი არ იყო საკმარისი.

ამ მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ეპიდემიისათვის და ეს არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, არ აქვთ ოჯახებს იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ, არადა, ნამდვილად 100 ლარამდე ჯდება 1 ადამიანის მკურნალობა, რომ ვირუსი დაამარცხოს", - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

ჩაწერა სახელი