პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა იყენებს ვადაგასულ გამათბობლებს, კომპანია კი - დაბალი ხარიხის მილებსა და ფიტინგებს
მარი ჩიტაია
(15.01.2019)

 მოსახლეობის დიდი ნაწილი გასათბობად ამორტიზებულ გამათბობლებს იყენებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ვადაგასული და უხარისხო გამათბობლები და მათი არასწორი მონტაჟია, რის გამოც ხალხი თბილისსა და დიდ ქალაქებში ლამის ყოველდღიურად იწამლება. ცალკე პრობლემაა გაზის მილების ხარისხი. ენერგეტიკოსების განცხადებით, დაქსელვაზე პასუხისმგებელ კომპანიას ისეთი გადამყვანები აქვს შეძენილი, რომლებიც მალე ზიანდება და მილების გადაბმის ადგილებში გაჟონვის საფრთხე მაღალია.

ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც "ბიზნეს-რეზონანსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" მიაწოდა, 2018 წელს მარტო თბილისში გაზით მოწამვლის 98 შემთხვევა აღირიცხა, აქედან გარდაცვალების 27 ფაქტია. 2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა და 30 გარდაიცვალა. სწ2-ით ინტოქსიკაციის ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 3 წლის განმავლობაში იყო 2016 წელს - 125 მოწამლული და 29 გარდაცვლილი.

გაზით მოწამვლის ფაქტები ხშირია სხვა ქალაქებშიც, განსაკუთრებით რუსთავში, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ამ ქალაქთან დაკავშირებით ვერ მოვიპოვეთ. გახმაურებული შემთხვევების სიხშირეს თუ გავითვალსიწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ თბილისისგან განსხვავებით, რუსთავში გაცილებით მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდეს.

მოსახლეობა სახლების გათბობისა და ცხელი წყლისთვის გაზზე მომუშავე გამათბობლებსა და გამაცხელებლებს იყენებს. მათ ხარსისხს კი რეალურად არავინ ამოწმებს. არც ხალხი ინტერესდება ტექნიკის გამართულობით და ამ ადამიანების მიმართ მზრუნველობას დიდად არც სახელმწიფო იჩენს.

ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭაღიაშვილის ინფორმაციით, გათბობის საშუალებები უმეტესწილად ძველი ან უხარისხოა, რის გამოც ხალხი ხშირად იწამლება და ამ მხრივ წლიდან წლამდე ვითარება მძიმდება.

"მოწამვლას, როგორც წესი, არასრული წვის შედეგად შესუნთქული აირი იწვევს. ევროკავშირის სტანდარტის მიხედვით, მოქალაქეებთან ახლოს არ უნდა იყოს ბუნებრივი აირი, მაგრამ ამ მოთხოვნას დღეს არავინ იცავს და არც არავინ აკონტროლებს. პირდაპირი გაჟონვისა და არასწორი მოხმარების შედეგად შესაძლებელია, მან გამოიწვიოს ასფიქსია და გაგუდვა.

პრობლემა, პირველ რიგში, უკავშირდება ამორტიზებულ ტექნიკას, რომელსაც მოსახლეობა იყენებს. გამათბობლების ექსპლუატაციის ვადა 5-დან 25 წლამდეა, თუმცა ტექნიკის გამართულობა დიდწილად გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული. ხალხი თითქმის მასობრივად მოიხმარს ძველ გამათბობლებს ან უხარისხოს, რადგან სურთ, რომ იაფად შეიძინონ, მაგრამ ასეთი ტექნიკა არასაიმედო და საშიშია. არა მარტო მომხმარებელი, არამედ კომპანიაც კი, ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სიიაფიდან გამომდინარე იღებს.

ზედამხედველობის სამსახური არ არსებობს, რომელიც მონიტორინგს გასწევს. მართალია, ეკონომიკის სამინისტროში არის ზედამხედველთა პატარა ჯგუფი, მაგრამ მის შემადგენლობაში არ შედიან სპეციალიტები, ვისაც შეუძლიათ გარკვეული საინჟინრო გადაწყვეტილებების შეფასება მოახდინონ და ამის მიხედვით დაიწეროს დასკვნა.

მეორეული გამათბობელი არ არის პრობლემა, თუ ის გამართულია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მონტაჟის წესების დაცვას - ვინ ამონტაჟებს ტექნიკას. ამ მხრივ, ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ნორმა და არც კონტროლი არსებობს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჭაღიაშვილი.

რაც შეეხება გაზის მილებს, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომლებშიც გაზი გადის, მარტივად იწვება და აფეთქებას იწვევს.

"გაზის მილების პრობლემა თბილისში ცალსახად "ყაზტრანსგაზს" უკავშირდება. მაღალსართულიან კორპუსებში დაიწყეს მრიცხველების გარეთ გამოტანა. ამ კომუნიკაციის მიერთება რატომღაც გადაწყდა პოლიეთილენის მილებით, რომლის ტექნიკურ რეგლამენტში წერია, რომ "გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლისათვის". ჩვენ ვსარგებლობთ რუსეთის ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერაა ხელმოწერილი და კატეგორიულად კრძალავს ლითონის მილის გარდა სხვა რამის გამოყენებას როგორც კერძო სექტორში, ისე მაგისტრალურ სადენებზე.

დამცავი რეზინების სიცოცხლისუნარიანობის რეჟიმია 4-5 წელიწადი, რის შემდეგ ისინი ზიანდება. ამ თვალსაზრისით, ექსპლუატაციის ვადა უკვე გასულია", - ამბობს ჭაღიაშვილი და დასძენს, რომ გამრიცხველიანების პროცესში იყენებენ პოლიეთილენის მილებსა და ფიტინგებს, რომლებიც დღეს მოქმედი ნორმატივებით აკრძალულია. მეტიც, ეს კონკრეტული მილები, საქარხნო მწარმოებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთოდ არ გამოიყენება გაზმომარაგებისათვის.

"პოლიეთილენის მილებითა და ფიტინგებით სადრაბაზოებში გატანილ მრიცხველებზე ტემპერატურის ცვლილება დროთა განმავლობაში მოწყობილობებში არსებული რეზინების შრობასა და შედეგად გაზის ჟონვას იწვევს, რაც უკვე შესაძლებელია, დაწყებულიც კი იყოს.

გლდანისა და თბილისის სხვა რამდენიმე რაიონისათვის, რომლებიც შეიქმნა საბჭოეთის ბოლო წლებში, იმთავითვე არ იყო გათვალისწინებული გაზმომარაგება და იქ მოსახლეობა მხოლოდ ელექტროენერგიით სარგებლობდა. 90-იანი წლების მიწურულს, როცა საქართველოში გაზმომარაგება აღდგა, იქ, სადაც არ იყო გაზმომარაგება, მოახდინეს ქსელის გამართვა მახინჯი ფორმით - კორპუსები და ქუჩები დაქსელეს მიწის ზედა ლითონის გაზგაყვანილობით. ამ პროექტების განხორციელებაშიც დარღვეულია ინჟინრული და საპროექტო ნორმები. სწორედ ამიტომ თბილისის გარეუბნებში ხშირია აფეთქებები, რადგან საფრთხის შემცველი გაზმომარაგებაა", - აცხადებს ჭაღიაშვილი.

გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალების მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში გამათბობლის არასწორად დამონტაჟებაა. სრულყოფილად არ ხდება გარედან ჰაერის შემოტანა და ნამწვის გარეთ გატანა. ეს არის პირველი ტექნიკური პირობა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი რომ ირღვევა, ამიტომ ხდება ტრაგედიები. გარდა ამისა, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია გამათბობლის ტიპი.

"აუცილებლად ისეთი გამათბობელი უნდა ვიყიდოთ, რომელიც წვისათვის საჭირო ჰაერს გარედან შემოიტანს და ასევე ნამწვს გასტყორცნის გარეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ღია გამათბობელი.

რაც შეეხება მოწყობილობის მონტაჟს, მისი სწორად დაყენება გულისხმობს იმას, რომ წვის პროცესი სწორად უნდა მიდიოდეს და არ უნდა ხდებოდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა, რომელიც რამდენიმე მილიგრამიც კი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია.

თუ ოთახი დახურულია და არ ნიავდება, სწორედ ამ დროს ხდება დახურულ ოთახში არსებული ჰაერის მთლიანად წვისათვის გამოყენება და ჟანგბადის ნაცვლად, ოთახი ნახშირორჟანგით ივსება", - ამბობს არაბიძე.

რამდენადაც მავნე აირი უსუნო და უფეროა, ამიტომ მისი გაჟონვის დროს ადამიანი საფრთხეს ვერ გრძნობს. ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე ამბობს, რომ გაზი ადამიანის ორგანიზმში შეღწევისას კარბოქსილჰემოგლობინს წარმოქმნის, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ჟანგბადისა და ჰემაგლობინის ნაერთი და ორგანიზმიდან მისი გამოდევნა ძალიან რთულია. ორგანიზმში მისი დაგროვების შემდეგ მომწავლელი აირი ჟანგბადის შეღწევას უშლის ხელს და ადამიანის გაგუდვას იწვევს.

"ადამიანის მოწამვლის პირველი ნიშნებია, როდესაც მას თავბრუსხვევა ეწყება, კანკალი და სისუსტე აქვს. ასევე გრძნობს, რომ ძალიან ეძინება. იმის გამო, რომ გაზს განსაკუთრებული სუნი არ აქვს, ადამიანი ამ დისკომფორტის მიზეზს ვერ ხსნის და ჰგონია, რომ ამის მიზეზი სრულიად სხვა რამეა, რაც ნელ-ნელა ძილიანობაში იზრდება და თუ ნახშირჟანგის კონცენტრაცია მაღალია, ადამიანი მალევე იგუდება, თუ არადა, მისი გარდაცვალება შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

დიდია რისკი, ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ წინდახედულად მოიქცნენ და ჩემ მიერ ხსენებული სიმპტომების შემჩნევისთანავე ოთახი გაანიავონ და გაზი დაკეტონ, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახონ. ასეთი მოწამვლა ყველაზე მეტად სასუნთქი ორგანოებით დაავადებული ადამიანებისათვის არის საშიში", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანთან" სოსო კუტუბიძე.

 

ჩაწერა სახელი