სანამ გომბორის მსგავსი ტრაგედია არ განმეორდება, ე.წ. საექსკურსიო რეგულაცია არავის გაახსენდება
თეო გუდავაძე
(12.10.2018)

 სასკოლო ექსკურსიების სეზონი ისევ დადგა, თუმცა ის რეგულაცია, რომელიც ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხებოდა, საერთოდ არავის გახსენებია. სკოლის დირექტორები და მშობლები, რომლებიც შესაძლო რისკებს ვერ იაზრებენ, ძველებურად ქირაობენ კერძო ტრანსპორტს, რომელიც არც შემოწმებულია და მძღოლის პროფესიონალიზმშიც არავინაა დარწმუნებული. სახელმწიფო კონტროლზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. გომბორის ტრაგედიის შემდეგ არც ერთი უწყება საქმეში არ ჩართულა.

რამდენიმე თვის წინ დატრიალებული დიდი ტრაგედიის შემდეგ სასკოლო ექსკურსიებზე მკაცრი კონტროლის შემოღების ინიციატივით განათლების სამინისტრო გამოვიდა. მას შემდეგ ვითარება ოდნავადაც არ შეცვლილა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ აკისრია და, პირველ რიგში, საგზაო უსაფრთხოებაა მოსაგვარებელი.

სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციის გამკაცრება ფორმალური აღმოჩნდა, რადგან, როგორც მშობლები ამბობენ, ექსკურსიების დაგეგმარება ისევ იმ რეჟიმში ხდება, როგორც ადრე ხდებოდა. ნინო ორჯონიკიძე ერთ-ერთი მშობელია, რომელიც "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სექტემბერში ორი ექსკურსია ისე დაგეგმა, არც სკოლის დირექტორს დაუსვამს ზედმეტი კითხვები და არც ვინმეს გაუკონტროლებია მძღოლის პროფესიონალიზმი და ტრანსპორტის უსაფრთხოება.

"საშინელი ფაქტები გვახსოვს მშობლებს, მაგრამ ამით ჭკუას არავინ სწავლობს. ცხელ გულზე ისაუბრა მინისტრმა. თქვა, რომ მკაცრი რეგულაცია გატარდებოდა, თუმცა მე ვარ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ არანაირი შეზღუდვა არ შეხებია სკოლებს და არც ტრანსპორტს, რომელიც ბავშვების გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ჩემი ერთი ბავშვი მე-7 კლასშია, მეორე - მეათეში. ორივეს ექსკურსია ისე დაიგეგმა, რომ ეს თემა არც კი წამოწეულა. მეც დამნაშავე ვარ, როგორც მშობელი, რომელიც არ იაზრებს იმ რისკს, რაც მართლაც რეალურია. სად არიან ახლა ის ადამიანები, ვინც ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, რომ კანონებს გაამკაცრებდნენ და ექსკურსიამძღოლს რაღაც სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინა?

აქ მხოლოდ მძღოლები არ არის პრობლემა, ეს მთელი ჯაჭვია - ავტომობილის გაუმართაობა, არაპროფესიონალიზმი, გზები, დასაშვებზე მეტი მგზავრი და ა.შ. მესმის, რომ რთულია ამდენი სკოლის გაკონტროლება - ვინ - სად, როდის და რითი წავა. ამიტომ კარგი იქნება, თვითონ სამინისტრომ გამოყოს სკოლისთვის მძღოლები, რომლებიც კვალიფიციურად მოემსახურებიან და მათი ტრანსპორტიც ტექნიკურად გამართული იქნება. ასე უფრო გაუმარტივდებათ, თუმცა ალბათ ზედმეტ ხარჯებს არიდებენ თავს ბავშვების სიცოცხლის ხარჯზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნინო ორჯონიკიძემ.

რაც შეეხება ჯერ კიდევ დაუდგენელ რეგულაციას: სკოლას უნდა დაევალოს, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება, სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება, ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

როგორც აღვნიშნეთ, აქ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ჯერჯერობით არც ერთი არ არის შესრულებული და განათლების სამინისტრო "რეზონანსთან" ამაზე კომენატრს არ გამოთქვამს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კი ამბობს, რომ აქ არ არის მხოლოდ განათლების სამინისტროს პრობლემა და, პირველ რიგში, მოსაგვარებელია საგზაო უსაფრთხოების წესები.

"რეგულაცია ფაქტია, რომ არ მუშაობს და ამაზე არც არავის სმენია არაფერი. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც ერთიანად უნდა მოწესრიგდეს. საგზაო მოძრაობის წესები მთლიანად გადასახედია ჩვენს ქვეყანაში. რა წესებიც მოქმედებს, ეს სრულიად არის აცდენილი საერთაშორისო სტანდარტებს. 12 წლამდე ბავშვი მგზავრად არ ითვლება, ეს არის გაუგონარი ამბავი, როგორ შეიძლება 3 წლამდე ბავშვის კალთაში ჩასმა უკანა სავარძლებზე მჯდომი პირისთვის. არც კი ვიცი, ამ ყველაფრის შემდეგ რომელ უსაფრთხოებაზე უნდა ვისაუბრო.

ექსკურსია იქნება თუ შიდა გადაადგილება, საფრთხე ყველგანაა - რა მნიშვნელობა აქვს, მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, თუ, ზოგადად, ადამიანებზე. აქ პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს არ ეკისრება. ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აი, ისინი უნდა ამოქმედდნენ და დაიწყონ საფუძვლიანად ამ პრობლემების მოგვარება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მესხიშვილმა.

ჩაწერა სახელი