საგანგებო სიტუაციების სააგენტოს კვლევა 2 კვირაში გახდება ცნობილი
თამუნა მუკბანიანი
(11.07.2018)

 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სასამართლოს მიმართა, რათა ბათუმში მდებარე სასტუმრო "ველმონდს" (ყოფილი "ლეოგრანდი") შეუჩერდეს ექსპლუატაცია. მიუხედავად ამ შენობაში დატრიალებული საზარელი ტრაგედიისა, სასტუმრო ისევ ძველი სისტემით აგრძელებს მუშაობას. სამწუხაროდ, "ლეოგრანდი" გამონაკლისი არ არის. უამრავი საზოგადოებრივი ობიექტი საშიშია ადამიანებისათვის. კიდევ რამდენი და რომელი სასტუმროები არღვევს უსაფრთხოების სტანდარტს, 2 კვირაში გახდება ცნობილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემური სასტუმროები აჭარის ტურისტულ ზონაშიც არაერთია. მათ შორის, ყველაზე დიდი საფრთხე "ველმონდშია" და ამიტომაც მისი მუშაობის შეჩერებას სასამართლოს გზით ითხოვენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების სპეციალისტებმა სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით 2018 წელს სამჯერ ჩაატარეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა. მიუხედავად 7 თვის წინ დატრიალებული ტრაგედიისა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ამ შენობაში ყველაფერი ძველებურადაა.

სასტუმრომ რებრენდინგის შემდეგ მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება. როგორც გაირკვა, "ველმონდმა" ვერ მოახერხა მისი შესრულება და დღემდე არ წარუდგენია გეგმა, როგორ აპირებს მდგომარეობის გამოსწორებას. ამასობაში სასტუმრო მუშაობას აგრძელებს და ტურისტულ სეზონზე სტუმრებს იღებს.

შენობა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სასამართლოს გზით სთხოვს ექსპლუატაციის შეჩერებას, 5-ვარსკვლავიანია. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რამდენი და რომელი სასტუმროები მუშაობენ ტურისტულ ზონაში, სადაც ყოფნა ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისათვის საშიშია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ "ველმონდის" გარდა, დაჯარიმებულია კიდევ არაერთი სასტუმრო რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის, ტურისტული ზონის სასტუმროები.

"ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ბიზნესისათვის ხელის შეშლა ან ვინმეს დაჯარიმება, თუმცა საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობის ინტერესი.

"ველმონდი" ვერ იცავს უსაფრთხოებისათვის საჭირო სტანდარტებს. ასეთია არაერთი შენობა-ნაგებობა - სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ. სრულ სიას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში წარმოვადგენთ. ბვერი შენობის მფლობელებმა არ შეასრულეს რეკომენდაციები და დაჯარიმდნენ", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების კუთხით მუშაობა უმნიშვნელოვანესია. თუმცა რადგან 41-ე დადგენილების მოთხოვნებს უკუძალა არ აქვს, იქამდე ექსპლუატაციაში შესული შენობებისთვის უსაფრთხოების სტანდარტები შედარებით დაბალია.

"სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინება ხდება, 2017 წლის 16 ნოემბრის შემდეგ მიღებული 41-ე დადგენილებით. მანამდე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ვინც აწარმოა მშენებლობა, მათზე ეს არ ვრცელდებოდა. ახალი მოთხოვნით, შენობის ექსპლოატაციაში მიღება არ მოხდება, თუკი სახანძრო სამაშველო სამსახური არ დაადასტურებს შენობაში განთავსებული სისტემების ვარგისობას.

უსაფრთხოების ნორმების შემოღება მოხდა ორ ტალღად. პირველი იყო 2015 წლის ივლისში, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მიიღო დადგენილება, შემდეგ კი 2017-ში მივიღეთ ბევრად ეფექტური კანონმდებლობა. იქამდე საერთოდ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა.

დღეს რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ამ კუთხით მუშაობს, არის ძალიან კარგი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ 41-ე დადგენილების შესაბამისად, კანონს უკუქცევის ძალა არ აქვს. ასე რომ, იქამდე აშენებული და ექსპლოატაციაში შესული შენობებისათვის უსაფრთხოების სტანდარტები უფრო დაბალია და ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული", - აღნიშნა "რეზონანსთან" უჩა ზაქაშვილმა.

ჩაწერა სახელი