თანამედროვე ბავშვები ტექნიკას დასაშვებზე 5-ჯერ მეტხანს იყენებენ, შესაბამისად, სიმსივნის რისკიც 5-ჯერ გაიზარდა
მარი ჩიტაია
(17.04.2018)

 თანამედროვე ტექნიკა, რომლის გარეშეც დღეს ადამიანი წარმოუდგენელია, ჯანმრთელობას პირწმინდად ანგრევს. არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურებულია, რომ ბავშვებში სიმსივნური დაავადებების გახშირება კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების აქტიურ მოხმარებას უკავშირდება. პატარებში ამ მხრივ ყველაზე დიდ რისკს მობილური შეიცავს, რადგან იგი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა.

2015 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრი ამოქმედდა. არსებული მონაცემით, ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან - 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 0-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე შემთხვევათა 1% მოდის. 15-დან 19 წლამდე მოზარდებზე შემთხვევათა 0.4%-ია.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს, სიკეთესთან ერთად, ახლავს უარყოფითი შედეგები. თუ რა არის ასეთი საფრთხე თანამედროვე ტექნიკის პატარა მომხმარებლისთვის, ამის გარკვევას "ბიზნეს-რეზონანსი" სპეციალისტებზე დაყრდნობით შეეცადა.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტისა და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის განმარტებით, მავნე გამოსხივების წყაროა ყველა ელექტრომაგნიტური ხელსაწყო (ელექტროტალღური ღუმელები, კომპიუტერები, ტელევიზორები), თუმცა ყველა მათგანი ჩვენგან გარკვეული მანძილით არის დაცილებული, განსხვავებით მობილური ტელეფონისგან.

"საშიშროება, პირველ რიგში, უკავშირდება ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს ჰიპერტონიას, არითმიას, წყლულოვან დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, ხშირ თავის ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების დაქვეითებას, გულფიცხობას, სტრესის მიმართ დაბალ გამძლეობას, ეპილეფსიურ რეაქციას, გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას.

კანცეროგენური ნივთიერებები მოქმედებს "ჯამური შხამის" მსგავსად. უმნიშვნელო დოზებით მოქმედება არ ვლინდება, მაგრამ ინდივიდუმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იგი ჯამდება და დაზიანება შეუქცევადი ხდება", - განმარტავს რამაზ გახოკიძე და დასძენს, რომ ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ელექტრომაგნიტური ველის მიმართ, ვიდრე მოზრდილისა.

"ელექტრული ველი მოქმედებს უმაღლესი ნერვული სისტემის ფორმირებაზე. დამტკიცებულია, რომ ბავშვის ტვინი უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავს და ზიანდება ტვინის უბნების (მათ შორის, გონებრივ განვითარებაზე პასუხისმგებელი უბნების) დიდი რაოდენობა. ბავშვის თავის ქალის ძვლები ბევრად თხელია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ მისი ძვლის ტვინი 10-ჯერ მეტ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს. თანამედროვე კომფორტისთვის ჩვენ ვიხდით საკუთარი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობით", - ამბობს მეცნიერი.

როგორც რამაზ გახოკიძე განმარტავს, მობილური ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის 16 წლამდე და ფეხმძიმე ქალებისთვის ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ელექტრომაგნიტური გამოსხივება უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არღვევს ძილის ფაზების ნორმალურ მონაცვლეობას. როგორც პროფესორი მერაბ ჯიბლაძე ამბობს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმის საუკუნეში მათთან გონივრულად მოქცევა უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და არა პირიქით.

"მობილური ტელეფონით დიდხანს საუბარი განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მოზარდებში ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს, რადგან ამ დროს ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე 2 გიგაჰერცს აღწევს. აღიძვრება იმავე სიხშირის ულტრაბგერა, რომლის ტალღის სიგრძე დაახლოებით ადამიანის ტვინის უჯრედის ზომისაა, რისგანაც უჯრედები იწყებს რხევას და მათი ნაწილი კვდება. ყოველი წუთი მობილურზე საუბრისა გარკვეული რაოდენობით უჯრედების სიკვდილს იწვევს, რაც შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ გამოვლინდეს. ეს, პირველ რიგში, სახიფათოა ახალგაზრდა ტვინისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის.

ცხადია, ახლა მობილურ ტელეფონს ვეღარავინ შეეშვება, ამიტომ რაც შეიძლება ცოტა უნდა ვისაუბროთ, უფრო "ესემესებით", ტექსტის სახით გადავცეთ ინფორმაცია. ტელეფონით საათობით საუბარი სმენის ნერვსაც აზიანებს", - განმარტავს ჯიბლაძე.

გარდა ტელეფონისა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა აბსოლუტურად ყველა სახის ტექნიკა - კომპიუტერი, პლანშეტი, ნოუთბუქი და სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოსხივება აღიარეს პოტენციურ კანცეროგენად და ქლოროფორმის, დდტ-ს, ბენზინის მსგავსად, მიაკუთვნეს "ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენური" ფაქტორების ჯგუფს.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა ნინო ტოტოღაშვილმა აღნიშნა, მობილურ ტელეფონებთან და კომპიუტერთან გადაჭარბებული კავშირი დიდი საფრთხეა ბავშვებისთვის.

"ჩვენ ვაკვირდებით და ვიცით, რომ ორი წლის ასაკის ბავშვს უკვე მრავალფუნქციური მობილური აქვს, რომელსაც დღე და ღამ მოიხმარს. მოგვიანებით უკვე კომპიუტერზე გადადის. ასეთ ტელეფონებსა და მოწყობილობებს კი ძალიან დიდი გამოსხივება აქვს. პაციენტისთვის რა ტიპის ელექტრონული მოწყობილობის დაშვება შეიძლება ან დროში შეზღუდვა როგორ უნდა მოხდეს, საქართველოში ეს წესი არ არსებობს. ამასობაში დადგინდა, რომ თავის ტვინის სიმსივნეების მატება სწორედ ამას უკავშირდება", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.

ბავშვებში ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს პედიატრი მაია აბულაშვილი. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მობილურისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას იწვევს.

"თვეების ასაკის ბავშვების ყურადღებას უკვე იპყრობს ეკრანზე მოციმციმე ფერადი გამოსახულებები, მულტპერსონაჟების ხმა და ა.შ. უკვე მოზრდილი ბავშვი ეჩვევა მობილურით, პლანშეტითა და ფლეერებით თამაშს. შესაძლებელია, დღეში, მაქსიმუმ, 1 საათი გაატაროს ბავშვმა ტელევიზორთან და, მაქსიმუმ, ნახევარი საათი კომპიუტერთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წესებს ვერ ვიცავთ. ტექნიკის წინსვლა შეიძლება მრავალმხრივ იყოს ბავშვებისთვის სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს ისინი სერიოზული საფრთხის წინაშეც დგანან, მათ შორისაა კიბოს რისკიც.

პატარები რაც შეიძლება უნდა მოვარიდოთ ტექნიკას, განსაკუთრებით დაუშვებელია, 2 წლამდე ბავშვი თამაშობდეს მობილურით. ამ დროს მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. ეკრანთან დიდხანს ჯდომაც საზიანოა. ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანის მავნებლობა თვალებზე, გონებაზე და ბავშვის ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებაზე არაერთხელ შესწავლილა", - აცხადებს მაია აბულაშვილი.

როგორც ამერიკის პედიატრიული მეცნიერების აკადემიამ და კანადის ბავშვთა ინსტიტუტმა საკუთარ გამოკვლევებზე დაყრდნობით დაასკვნეს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ტექნიკასთან შეხება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ, 3-5 წლის პატარებისთვის დღეში ერთი საათით დასაშვებია, 6-18 წლის ასაკში კი ეს დრო შეიძლება 3 საათამდე გაიზარდოს. ამავე გამოკვლევების თანახმად, თანამედროვე ბავშვები ტექნიკას დასაშვებზე 5-ჯერ მეტხანს იყენებენ, რაც ამერიკელ და კანადელ მეცნიერებს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნიათ.

 

ჩაწერა სახელი
რეზონანსი (17.04.2018)
წყაროები სტატიაში მოყვანილია. საქართველოს შემთხვევაში სტატისტიკა აღებულია კიბოს პოპულაციური რეგისტრიდან, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება ეყრდნობა ამერიკის პედიატრიული მეცნიერების აკადემიისა და კანადის ბავშვთა ინსტიტუტის კვლევებს. მეცნიერულ დასკვნებს რაც შეეხება, იგი ეკუთვნის სახელგანთქმულ ქართველ მეცნიერს, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტისა და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილ წევრს, პროფესორ რამაზ გახოკიძეს. გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილია პედიატრისა და ონტოჰემატოლოგის მოსაზრებები.

jondo (17.04.2018)
გთხოვთ თქვენს სტატიაში მიუთითოთ წყაროები საიდან გაქვთ ინფორმაცია აღებული. მადლობა