რიგითი თანამშრომლის ხელფასი არ აღემატება 500 ლარს, როცა მაღალი რანგის მოხელე 40 ათას ლარს მარტო პრემიას იღებს წლიურად
მარი ჩიტაია
(17.04.2018)

 სახელფასო სისტემა საქართველოში ქაოსურია. საჯარო სექტორში უბრალო მოხელისა და მაღალი თანამდებობის პირის ანაზღაურებას შორის სხვაობა კოლოსალურია. არის შემთხვევა, როდესაც ხელმძღვანელი თავის დაქვემდებარებულზე 300-ჯერ მეტ ხელფასს იღებს.

კადრების შერჩევის, დაწინაურებისა და მათი შრომის ანაზღაურებისას არ მოქმედებს არანაირი სტანდარტი. საჯარო სექტორში სხვადასხვა რანგის მოხელეთა ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანას არ აქვს არანაირი მიდგომა, ადამიანებს უთანასწორო პირობებში უწევთ მუშაობა.

აყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს საკანონმდებლო ნორმა საჯარო მოხელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და არსებობს ზედა ზღვარი, რომლის დაცვაც დასაქმებულებს მოეთხოვებათ. როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში განმარტავენ, ევროპაში ამგვარი სხვაობის მაქსიმუმია 1/15-თან, ამერიკაში კი - 1/30-თან. ეს ნიშნავს, რომ დაბალი რანგის მოხელისა და თანამდებობის პირის სახელფასო სხვაობა დადგენილ ზღვარს არ უნდა აჭარბებდეს. მაგალითად, თუ ევროპაში უბრალო დასაქმებული იღებს 3000 ევრო თვიურ ხელფასს, თანამდებობის პირს არ შეუძლია, 45000 ევროზე მეტი მიიღოს.

საქართველოში კი ეს ზღვარი 1/300-ს აჭარბებს. ქვეყანაში დაბალი რანგის მოხელეების საშუალო ანაზღაურება საჯარო სექტორში 600-700 ლარია, ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირთა ხელფასი (პრემიებთან და დანამატებთან ერთად) ხანდახან 200 ათას ლარს აჭარებს. მაგალითად, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხელმძღვანელ სულხან ზუმბურიძის ხელფასი, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს.

სტატისტიკოსების შეფასებით, სახელფასო სისტემა საქართველოში 90-იან წლებშიც კი რაღაც კანონზომიერებას ემორჩილებოდა, ხოლო რაც ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით ხდება, ქვეყანას ევროპული დემოკრატიისკენ მიმავალ გზას უკეტავს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, მკვეთრი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ პიროვნების შრომის ანაზღაურება უფრო მეტად იყოს დამოკიდებული იმ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, რასაც მას კანონმდებლობა აკისრებს.

 "90-იან წლებში, მიუხედავად რთული დროისა, მოხერხდა საჯარო სექტორში სახელფასო შკალის დაწესება. განსაზღვრული იყო, საჯარო მოხელეს რა კოეფიციენტით და რამდენჯერ უნდა მიეღო ხელფასი თავისი თანამდებობის მიხედვით. პრემიალური სისტემაც არსებობდა, მაგრამ ძირითადი სახელფასო კომპონენტი განსაზღვრული იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროში უფროსი სპეციალისტი ორივეგან თანაბარ ხელფასს იღებდა.

2000-იანი წლების დასაწყისში კი ხელფასების მიღების მოდელი მოიშალა და დღემდე ამ მიმართულებით სრული განუკითხაობაა. ფაქტობრივად, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებს საშუალება მიეცათ, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თანამშრომელთა ხელფასი. ამიტომაც ბევრ უწყებაში, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის ნაცვლად, დამკვიდრდა უწყებრივი პატრიოტიზმი, ანუ მაღალი თანამდებობის პირების თვითნებობა, რაც ხელფასის ან სხვა დანამატის მიღებაში გამოიხატება. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, რადგან სახელმწიფოებრივი ინტერესი ქვეყანაში დაკნინებულია, ხოლო კლანური ინტერესები წინა პლანზეა.

მკვეთრი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ პიროვნების შრომის ანაზღაურება უფრო მეტად იყოს დამოკიდებული იმ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, რაც მას ევალება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.

საქმე უფრო რთულადაა, რადგან გახშირდა ნეპოტიზმის ფაქტები, რაც ქვეყნის განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორია.

"ნაცნობებისა და ახლობლების სამსახურებში მოწყობა და მაღალი ხელფასების თვითნებურად დანიშვნა სერიოზული პრობლემაა, რაც ქვეყნის წინსვლას, პროფესიონალი და პატრიოტი კადრებით ორგანიზაციების დაკომპლექტებას ხელს უშლის. გვაქვს შემთხვევა, როცა დაბალი რანგის თანამშრომელთა ხელფასი არ აღემატება 500 ლარს, როცა იმავე სტრუქტურაში მაღალი რანგის მოხელე 40 ათას ლარამდე მარტო პრემიას იღებს წლიურად.

ფსიქოლოგიიდან ერთი რამ ცნობილია, რომ ადამიანები გაცილებით იოლად ეგუებიან და იტანენ გაჭირვებას, ვიდრე უსამართლობას. როცა ისინი ხედავენ, რომ დაუმსახურებლად მიდის ხელფასები და პრემია-დანამატები იმ მიმართულებით, საითაც არ უნდა მიდიოდეს, მათი სამსახურებრივი ენთუზიაზმი, ტონუსი მნიშვნელოვნად ეცემა და ამით საბოლოოდ საქმე ზარალდება. საჭიროა სამართლიანობის აღდგენა, ყველა უწყებაში სახელმწიფოებრივი წესრიგი და დისციპლინის გამკაცრება", - განმარტავს არჩვაძე და დასძენს, რომ სახელფასო შკალა ყველა თანამდებობაზე უნდა იყოს განსაზღვრული. ამასთან, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა წახალისების სისტემაში, რომ არ ხდებოდეს ხელფასებისა თუ პრემია-დანამატების დაუმსახურებლად გამოწერა.

"შრომის ანაზღაურებაზე ხელმძღვანელი პირების გავლენა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ამისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტი უნდა არსებობდეს. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, ეს საკითხი მით მეტად მოწესრიგებულია და პრინციპი დაცულია. დემოკრატიისგან დაშორებულ ქვეყნებში კი პირიქით ხდება.

ჩვენ მივდივართ ევროპული ფასეულობებისკენ და მარტო ევროკავშირის დროშების ფრიალი არაფერს მოგვიტანს. საჭიროა კადრების შერჩევის, დაწინაურებისა და მათი სტიმულირების ისეთი ფორმა, რაც ევროკავშირისთვისაა დამახასიათებელი", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

როგორც წესი, საშუალო ხელფასის დადგენა ტოპმენეჯერისა და ქვედა რგოლის თანამშრომლის ხელფასის გათვლით ხდება. ამგვარი მოდელი სპეციალისტებისთვის მიუღებელია. გაერთიანებულ პროფკავშირებში სისტემურ ცვლილებაზე საუბრობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი.

"უამრავი შემთხვევაა, როცა მაღალი რანგის მოხელე ათეულობით ათას ლარს იღებს და რიგით დასაქმებულებს 200 ლარის მეტს არ უხდიან. ტომენეჯერების ანაზღაურების ფონზეა გაუმჯობესებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი. სტატისტიკური მონაცემების შემხედვარე, ვინმეს მართლა შეიძლება ეგონოს, რომ ქვეყანა წინ მიდის, მაგრამ სინამდვილეში ყველგან არის ჯოჯოხეთი და უსამართლობა.

ევროპასა და ამერიკაში დაწესებულია საჯარო მოხელის ხელფასის ოდენობის ნორმა. ევროპაში ეს არის, მაქსიმუმ, 1/15-თან, ამერიკაში - 1/30-თან. ამაზე მეტი არ შეიძლება იყოს. საქართველოში ეს ზღვარი დარღვეულია და ზოგჯერ 1/300-ს აჭარბებს, რაც გაუგონარია.

ერთხელაც იქნება, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და განუკითხაობას წერტილს დაუსვამს. რაც საჯარო სექტორში ხდება, სრული მარაზმია და უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აუცილებლად არის ზომები მისაღები და თუ ამას კანონი არ დაარეგულირებს, სამართლიანობის აღდგენას ხალხი სხვა ფორმით შეეცდება", - აცხადებს პეტრიაშვილი.

ჩაწერა სახელი
გიორგი (18.04.2018)
შესაძლებელია იმ სტატისტიკური მონაცემების მიღება? 90-იანი წლების სახელფასო სისტემის კვლევა თუ ჩაატარეს.