"სამშენებლო მასალები რომ ჩამქონდა, იქ მცხოვრებნი ზეიმობდნენ"
თეო გუდავაძე
(14.02.2018)

 ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კოტეჯების აშენება პოპულარული ხდება, განსაკუთრებით ისეთ სოფლებში, სადაც მოსახლეობა ნაკლებად არის. საუბარია ტურისტული ტიპის მომსახურებაზე, რომელიც მიტოვებული სოფლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. უკვე გამართული კოტეჯების მფლობელები ამბობენ, რომ ტურისტების მისაზიდად მსგავსი ადგილები საუკეთესოა. როდესაც კოტეჯი არის ნაკლებად პოპულალურ, მაგრამ ლამაზ ადგილას აშენებული, მას მომხმარებელი არ აკლია. ასეთი ადგილები უმეტესწილად ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელ ზონებად იქცა.

ეკოტურიზმი საქართველოში აქტუალური მიმართულებაა და განვითარება ამ მხრივაც გრძელდება. შესაბამისად, ვითარდება ჰოსტელების სისტემაც სხვადასხვა, ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიებზე.

ბექა წიკლაური ტურიზმის განხრით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. როგორც კი ბაკალავრიატი დაასრულა, მაშინვე დაიწყო სასტუმროსა და კოტეჯის მოწყობაზე ფიქრი:

"ჩემი სოფელი ხევსურეთშია. მუცოზე ბოლო დროს უამრავი სიუჟეტი გაკეთდა, რადგან ერთ-ერთი მივიწყებული სოფელია, სადაც მხოლოდ ორმოცამდე სახლია და თითო-ოროლა ადამიანი ცხოვრობს. როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინვე დავიწყე ფიქრი მუცოში კოტეჯის აშენებაზე, დავდიოდი სხვადასხვა რეგიონში, ვნახულობდი მსგავს ადგილებს, ვაფასებდი და ვარჩევდი, რომელი მეტად მომწონდა ან რა არ მომწონდა. ვაჯამებდი ამ ყველაფერს, რომ ჩემი გეგმები უკეთესად განმეხორციელებინა.

შეიძლება ითქვას, აპრილის ბოლოსთვის ვიწყებ ჩემს სოფელში კოტეჯის აშენებას. მინდა, ივლის-აგვისტოსთვის უკვე მზად იყოს, სამშენებლო მასალებიც ჩატანილი მაქვს. მუცო არაჩვეულებრივი სოფელია, აუცილებლად სჭირდება იქაურობას სიცოცხლის დაბრუნება. მსგავსი კოტეჯები თუ აშენდება, ტურისტებიც დაინტერესდებიან და ის ახალგაზრდებიც, ვისაც უყვარს მთა, ლაშქრობა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ფასიც მისაღები იქნება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მოსვლას და იქ სასიამოვნო დროის გატარებას.

სულ ხუთი ოთახი იქნება, ერთი საერთო და ოთხი საძინებელი. ეს ადგილი იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში და არ იქნება სეზონური, თუ, რა თქმა უნდა, ზამთარში გზები არ გადაიკეტება. სამშენებლო მასალები რომ ჩამქონდა, იქ მცხოვრებნი ზეიმობდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რა მნიშვნელოვანი რამე კეთდებოდა სოფლისთვის და უხაროდათ, რომ ზაფხულში შესაძლოა, მუცოში იმაზე მეტი ადამიანი იყოს, ვიდრე აქამდე ყოფილა", - აღნიშნა ბექა წიკლაურმა "რეზონანსთან" საუბრისას.

თანამედროვე ახალგაზრდებს კოტეჯები, ტურისტული ბანაკები და ჰოსტელები ახალ შესაძლებლობებს უჩენს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ტურიზმის სფერო აინტერესებს და ხშირად დადიან სალაშქროდ. საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის ბანაკების გაკეთება და კოტეჯების მოწყობა ისეთ სოფლებში, სადაც არავინ ცხოვრობს, მაგრამ სოფელი საკმაოდ კარგ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია. ასეთ ხერხს მიმართავენ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც მსგავს ადგილებში აქვთ სოფლები, მაგრამ დიდი ხანია, ქალაქში გადასახლდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილია ზეთას ტურისტული ბანაკი, რომელიც ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, თბილისიდან 180 კილომეტრშია. იგი ზღვის დონიდან 2 300 მეტრ სიმაღლეზე, ულამაზესი კლდოვანი მასივის - ჭაუხების ძირში მდებარეობს. ზეთას ბანაკი 2009 წლიდან აქტიურად მოქმედებს და მას ძალიან ბევრი ტურისტი და ახალგაზრდა სტუმრობს. ზეთაში განთავსებულია 15-ადგილიანი კოტეჯი და 25-კაციანი კარვები.

რაჭაში, კერძოდ ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში კი არის ულამაზესი კოტეჯი "გარემო", რომელიც დებმა მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა ააშენეს. დებს ხშირად დაჰყავდათ ტურისტები რაჭაში, მაგრამ მათი დაბინავების საშუალება არ ჰქონდათ. ბოლოს გადაწყვიტეს, რაჭაში გაეკეთებინათ კოტეჯი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებადი იქნებოდა და ყველა ადამიანს მიიღებდა, ვისაც უყვარს მოგზაურობა და მსგავსი ადგილები. "გარემოში" არის ორი საერთო ოთახი, რომელიც სულ ათ ადამიანს იტევს. როგორც დები ამბობენ, კოტეჯი სტუმრების რაოდენობას არ უჩივის და ისინი გაფართოებასაც გეგმავენ.

ნინუცა მახალდიანი ქვემო სვანეთიდანაა და ამაბობს, რომ ზემო სვანეთთან შედარებით, ეს ადგილები ძალიან მივიწყებულია. ამიტომ იგი გეგმავს პატარ-პატარა კოტეჯების ჩადგმას სხვადასხვა სოფელში:

"ჩემი სოფელი არის ლექსურა და საკმაოდ ძველი სახლი დგას. წლებია, თბილისში ვართ საცხოვრებლად გადმოსული. ამ ზაფხულს მეზობელმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი სახლის ქირაობა უნდოდათ რამდენიმე ღამით სტუდენტებს, რომლებიც სალაშქროდ იყვნენ ჩასული. პირველად მაშინ დავფიქრდი და მომეწონა ეს აზრი. იმ ზაფხულსვე გავაქირავე სახლი და მივხვდი, რომ ეს იყო კომფორტი ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ხიბლავს მსგავსი ადგილები. შემდეგ დავიწყე ფიქრი და აღვიდგინე ბავშვობის მოგონებები, თუ სად ვიყავი ნამყოფი და რომელი სოფელი მომწონდა.

ვფიქრობ, კარგი იდეაა მიტოვებული სახლების მოძებნა, იქ ტურისტული ადგილის მოწყობა და ზოგადად, მათი მოვლა-პატრონობა. ასე სოფლებიც ცოცხლდება და მოსახლეობაც უფრო ოპტიმისტურად უყურებს მომავალს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნინუცა მახალდიანმა.

ჩაწერა სახელი