ია აბულაშვილი
(13.01.2018)

 1850 წლის 14 იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გიორგი ერისთავის "გაყრა" დაიდგა და ეს დღე მიიჩნევა ქართული თეატრის დაბადების დღედ. დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, შევთავაზოთ ნაკლებად ცნობილი ამბები, თუ როგორ დაიდგა პირველად გიორგი ერისთავის ეს უკვდავი პიესა და რა მოვლენები უსწრებდა წინ საქართველოში პროფესიული თეატრის დაარსებას.

როგორც თეატრმცოდნეები ამბობენ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში რუსული თეატრის დაარსებამ იმედი გაუღვიძა ქართველ სცენის მოყვარულთ, რომ დადგა ქართული თეატრის დაარსების დრო და გადაწყვიტეს, ესარგებლათ ქართულ ოჯახებთან მეფისნაცვალ ვორონცოვის ახლო ურთიერთობით. ქართულმა არისტოკრატიამ გადაწყვიტა, მანანა ორბელიანს ეთხოვა ვორონცოვისთვის ქართული თეატრის დაარსება, მასვე უნდა წარედგინა მეფისნაცვლისთვის გიორგი ერისთავი, რომელიც ცნობილი იყო თავისი სატირული პიესებით და აქტიურადაც მონაწილეობდა შინაურ წარმოდგენებში. გიორგი ერისთავს უკვე დაწერილი ჰქონდა პიესა "შეშლილი", ხოლო 1849 წელს დაწერა პიესა "გაყრა". ამიტომ მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ იგი წარედგინათ ვორონცოვისთვის.

მეფისნაცვალს გიორგი ერისთავი სიამოვნებით მიუღია, რომელსაც მისთვის გაუცვნია ხელნაწრის სახით პიესა "გაყრა". ცნობისათვის, ეს ხელნაწერი წლების განმავლობაში დაკარგული იყო და მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მიაკვლიეს რუსეთში. დღეს ეს უნიკალური ხელნაწერი საქართვლოს ეროვნულ არქივშია დაცული.

იონა მეუნარგიას ცნობით, ვორონცოვმა დიდი სიამოვნებით მიიღო პოეტი, რომელმაც მას "გაყრის" ხელნაწერი წარუდგინა. "ვიდრე გადავათარგმნინებდე ამ თქვენს კომედიას რუსულად, თქვენ სთხოვეთ ჩემს მაგიერად სცენის მოყვარე ქართველებს, დაისწავლონ როლები და თქვენი თაოსნობით გამართეთ წარმოდგენა ტფილისის გიმნაზიის სცენაზე", - უთქვამს გიორგი ერისთავისთვის ვორონცოვს.

გიორგი ერისთავი მაშინვე დიდი ენუზიაზმით შეუდგა საქმეს. იცოდა, რომ ქართული თეატრის ბედი ამ პირველ წარმოდგენას უნდა გადაეწყვიტა. მსახიობების შერჩევა დაიწყო, თუმცა მის წამოწყებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, მათ შორის იყვნენ პლატონ იოსელიანი, რევაზ ერისთავი, მარიამ ბატონიშვილი, რომელიც ამბობდა - "ეგღა გვაკლდა, პამპულობა შემოიღეთ".

გიორგი ერისთავისთვის განსაკუთრებით ძნელი აღმოჩნდა თეატრალურ მუშაობაში ქალების ჩაბმა. ამ საქმეში მას დიდი დახმარება აღმოუჩინა ქეთევან ერისთავ-ორბელიანმა, რომელსაც თავისი მეგობარი ქალები ჩაუბამს წარმოდგენის მზადებაში.

გიორგი წერეთელი თავის სტატიაში "ქართული თეატრის ისტორია" წერს: "კნეინა ქეთევანმა მტკიცე ხასიათი გამოიჩინა, ის არ შეუშინდა არც რევაზ ერისათვის ხრიკებს, არც ბატონიშვილის მუქარას, თანაუგრძნობდა თავის ნათესავის ნიჭს, წინდაწინვე გულში ისახავდა, რა დიდი საქმეც იქნებოდა მომავალში ქართული თეატრის დაარსება. და, აი, ამ ქალმა მოიხმო სხვა წარჩინებულის გვარის ქალებიცა, როგორც, მაგალითად, ბაბალე ანდრეევსკისა, ანა ოგლობჟიოსა, კნეინა გაგარინისა. მეორე მხრით, მისი თანამედროვე ამხანაგებიც შეურყეველი ბურჯები გახდნენ გიორგი ერისთავის საქმის დასამთავრებლად".

წარმოდგენის წინ ვორონცოვს ბებუთოვისთვის მიუნდვია პიესის ცენზორობა. ბებუთოვისთვის პიესა თვით გიორგი ერისთავს წაუკითხავს და "ბებუთოვი სიცილით აღარ იყო თურმე". ამის შემდეგ მას ვორონცოვისთვის მოუხსენებია, რომ პიესაში არაფერია ისეთი, რამაც შესაძლოა, მისი წარმოდგენა დააბრკოლოსო.

პიესა "გაყრა" დიდი წარმატებით დაიდგა. გიმნაზიის პატარა დარბაზს გაუჭირდა მაყურებელთა დატევა. წარმოდგენას მეუღლესთან ერთად დაესწრო ვორონცოვი, რომელიც მსახიობთა თამაშით აღფრთოვანებული, სხვა მაყურებლებთან ერთად გაცხარებული ტაშს უკრავდა.

განსაკუთრებული მოწონება დაუმსახურებია გიორგი ერისთავს, როგორც ავტორსა და მსახიობს. მას დიდი ოსტატობით შეუსრულებია მიკირტუმ გასპაროვის როლი.

გაზეთ "კავკაზსკი ვესტნიკში" სპექტაკლთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა რუსმა პოეტმა იაკობ პოლინსკიმ, რომელიც გაზეთთან თანამშრომლობდა, სადაც წერდა, რომ 1850 წლის 2 იანვარს (ძველი სტილით) დაიბადა ჭეშმარიტი ქართული თეატრი:

"როცა კომედია "გაყრა" ვიხილე სცენაზე, თუმცა ქართული ენის არაფერი მესმოდა, პიესის შინაარსი მაინც გავიგე და არ შემეძლო, არ მეცინა. პიესა ყველას მოეწონა და რაც ყველაზე უფრო სახარბიელოა, მისი წარმატება არ განისაზღვრებოდა მხოლოდ თეატრის კედლებით, რომლებიც ტაშის გრიალით და ამსრულებელთა სცენაზე გამოძახილებით ირყეოდა.

"პიესა წარმოდგენის შემდეგ, მეორე დღესვე იქცა სახალხოდ. ბაზარში იმეორებდნენ კომედიიდან ამოღებულ მთელ ფრაზებს და ისეთ სახლებშიც, სადაც შეიძლება არავითარი წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, თუ რა არის თეატრი, თავად ერისთავის სახელი შეიქმნა ცნობილი და კომედია იქცა ხანგრძლივი მსჯელობის საგნად. რომელი მწერალი, რომელი კომიკი არ ინატრებდა ამას"?! მაშინდელი ქართული და უცხოური პრესა კი წერდა, რომ "ვორონცოვი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საჭირო იყო ქართული თეატრის დაარსება და მუდმივი დასის შედგენა".

ვორონცოვმა გიორგი ერისთავი დანიშნა საგანგებო დავალებათა უმცროს მოხელედ და დაავალა ქართული თეატრისთვის მუდმივი დასის შედგენა. იონა მეუნარგია წერს: "სად უნდა ეპოვა მომავალი თეატრის დირექტორს ქართული სცენისთვის საჭირო აქტიორები და ნამეტნავად აქტრისები? მაშინ ჯერ დაკეტილებში ისხდნენ ჩვენი ქალები და ვინ იქნებოდა ისეთი გულადი, რომელიც თავის ასულის მიცემას გაბედავდა თეატრში და მამა-პაპურ ლეჩაქს აქტრისის წოდებაზე გასცვლიდა?".

გიორგი ერისთავმა თავის ნაცნობ წრეებში დაიწყო მოძიება მომავალი მსახიობებისა. მას, ვორონცოვის განკარგულებით, მსახიობებზე მისაცემად მიუღია 2 000 მანეთი და გამგზავრებულა გორში. ზოგი ჯამაგირით დაუინტერესებია, ზოგიც - თბილისში ცხოვრებით. მალე მოუგროვებია მსურველები, რომელთა შორის იყვნენ ქალები - სააკაძე, ტატიშვილი, ანტონოვა, ლაფერაშვილი. ვაჟები - დვანაძე, ტატიშვილი, რჩეულიშვილი, ელიოზიშვილი და სხვები. რეპეტიციებს ჯერ სოფელში ატარებდა, შემდეგ თბილისში ჩამოიყვანა აქტიორები და ბევრი მათგანი საკუთარ ბინაში დააყენა. თბილისში ყოველდღიურად ტარდებოდა რეპეტიციები, მათ ზოგჯერ ვორონცოვიც ესწრებოდა.

1851 წლის 13 იანვარს მანეჟის თეატრში წარმოდგენილ იქნა "გაყრა", რომელსაც უამრავი მაყურებელი დაესწრო, მათ შორის ვორონცოვი მეუღლითურთ. მას იმდენად მოეწონა წარმოდგენა, რომ ყოველი შესვენების დროს თავის ლოჟაში იძახებდა მსახიობებს და მადლობას უხდიდა.

გაზეთი "კავკაზი" წერდა: "ამ კომედიის დადგმას თბილისის თეატრში აქვს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასრულებდნენ ქართველი მსახიობები, ასრულებდნენ ქართულ ენაზე პიესას, რომელიც ქართველის მიერ იყო დაწერილი".

1851 წლის სეზონი ნაყოფიერი გამოდგა ქართული თეატრისთვის. ზედიზედ დაიდგა გიორგი ერისთავის პიესები: "ძუნწი", "ბებიის თუთიყუში" და სხვა, ერისთავის დასს კი მალევე შეემატა ნიჭიერი დრამატურგები და მსახიობები: მეიფარიანი, კერესელიძე, ანტონოვა, ჯაფარიძე და სხვები.

ჩაწერა სახელი