თუკი ვინმეს მესამე ეყოლა, ეს უმეტესად გაუთვალისწინებელი შემთხვევაა
თამუნა მუკბანიანი
(08.12.2017)

 თანამედროვე ახალგაზრდების დიდი ნაწილი 1 ან 2 შვილზე მეტის გაჩენაზე უარს ამბობს, ამის ძირითადი მიზეზი კი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობაა. საუკეთესო რეპროდუქციული ასაკი ქალებისთვის 20-35 წელია, როცა ორსულობა და მშობიარობა ნაკლები რისკით მიმდინარეობს. სწორედ ეს პერიოდია კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვისაც ცხოვრების საუკეთესო მონაკვეთი. ამიტომაც თანამედროვე საქართველოში ტენდენცია შეიცვალა და მრავალშვილიანობაზე უარს ბევრი ოჯახი ამბობს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებს, მშობიარობას აფინანსებს და მაღალმთიან რეგიონებში ფულად დახმარებასაც გასცემს ახალშობილებზე, ეს ჯერჯერობით მოსახლეობის რაოდენობაზე რეალურად არ ასახულა.

თანამედროვე ახალგაზრდების უმეტესობა 1 ან 2 შვილზე მეტის გაჩენას არ გეგმავს. მიზეზი, ეკონომიური მდგომარეობისა და სოციალური ფონის გარდა, გარემოცაა, რომელიც უსაფრთხო აღარ არის და მშობლებს ამ პირობებში შვილების აღზრდის შიში აქვთ.

საქართველოს მოსახლეობის განახევრებას ვარაუდობს 2050 წლისათვის გაეროს მოსახლეობის ფონდი. ქართველი დემოგრაფები კი მიიჩნევენ, რომ თუ მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვლება, მკვეთრი შემცირება გაცილებით ადრე მოხდება.

საუკეთესო რეპროდუქციული ასაკი ქალებისთვის 20-35 წელია, როცა ორსულობა და მშობიარობა ნაკლები რისკით მიმდინარეობს. სწორედ ეს პერიოდია კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის საუკეთესო დროც. მას შემდეგ, რაც ქალების ემანსიპაცია მოხდა და მათი საზოგადოებრივი როლი გაიზარდა, ქალბატონების ნაწილი ან გვიან აჩენს შვილს, ან უარს ამბობს მრავალშვილიან დედობაზე.

"რეზონანსის" რესპონდენტი მაკო რობაქიძე 26 წლისაა და პირველი შვილი 3 თვის წინ ეყოლა. იგი ამბობს, რომ ყოველთვის მრავალშვილიანი დედობისკენ იხრებოდა. ახლა კი, როცა ერთი უკვე გააჩინა, ეს სურვილი მთლიანად შეეცვლა და კიდევ 1 შვილზე მეტის გაჩენას აღარ გეგმავს.

"ყოველთვის მინდოდა, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, ბევრი შვილი მეყოლება-მეთქი, მაგრამ როცა ერთი უკვე მეყოლა და ვიცი, რა რთულია ორსულობა, მშობიარობა და შემდეგ ბავშვის გაზრდა, ეს სურვილი მთლიანად შემეცვალა. ახლა ზუსტად ვიცი, კიდევ ერთზე მეტს აღარ გავაჩენ, ისიც მაშინ, როცა პატარა თომა წამოიზრდება და სასკოლო ასაკში იქნება.

უდიდეს პატივს ვცემ ყველა მრავალშვილიან მშობელს. ძალიან საამაყოა, როდესაც თანამედროვე სამყაროში, სოციალური ფონისა და აღზრდის სირთულეების მიუხედავად, ახერხებ ბევრი შვილის მოვლა-პატრონობას, მაგრამ ჩემთვის ეს შეუძლებელი ჩანს. 3 წელი ვმუშაობდი, ახლა, მინიმუმ, 2 წელი მაინც მიცდება და კიდევ რომ გავაჩინო შვილები მიყოლებით, სამსახურს საერთოდ დავკარგავ. გამოდის, რომ საკუთარ კარიერაზე მთლიანად უარი უნდა ვთქვა და დიასახლისად ვიქცე, რომელიც ქმრის ხელფასს ელოდება. ამის არავითარი სურვილი არ მაქვს", - ამბობს მაკო რობაქიძე.

ნინო ალავერდაშვილი 2 შვილის დედაა. იგი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და ყველა სირთულე, რომელიც დიდ ოჯახს თან სდევს, ზუსტად იცის. ამიტომაც თვითონ მეტის გაჩენას აღარ აპირებს.

"33 წლის ვარ და 2 შვილს ვზრდი. მიმაჩნია, რომ ორი შვილი ცოტა ნამდვილად არ არის იმ პირობებში, რაც დღეს საქართველოშია. ეკონომიურად იმდენი რამე სჭირდებათ, ჩამოსათვლელად ძალიან ძნელია. მხოლოდ მშობლები თუ მიხვდებიან, რაზე ვსაუბრობ. ჩაცმის, კვებისა და ელემენტარული მოთხოვნილებების გარდა, ნორმალური განათლებაც ხომ უნდა მივცე? ერთი სკოლაშია, მეორე კი ჯერ ბაღში. უკვე დიდი ხარჯია მათი აღზრდა და მერე სულ რა იქნება, როცა ორივე მოსწავლე ან ორივე სტუდენტი გახდება?

როგორც ხდება ხოლმე, ნათესავები და ახლობლები მიჩიჩინებენ, კიდევ გააჩინე, სადაც ორი, იქაც სამიო, მაგრამ საკმაოდ რთულია. მე თვითონ მრავალშვილიან ოჯახში ვარ გაზრდილი და ყველა სირთულე ზუსტად ვიცი, რაც ბევრ შვილს ახლავს თან. არც ყურადღება ეყოფა ყველას და არც ფინანსური რესურსი. დედაჩემს დედამთილი, ანუ ბებიაჩემი ეხმარებოდა აღზრდაში. მე და ჩემი მეუღლე კი სრულიად მარტო ვზრდით შვილებს, დამტოვებელიც კი არავინ მყავს ხოლმე. მივესალმები სურვილს, რომ ბევრი შვილი ჰყავდეთ და ერი გამრავლდეს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ამისათვის მზად", - ამბობს ნინო ალავერდაშვილი.

თამუნა ფხაკაძე 3 შვილის დედაა და თავს მრავალშვილიანად მიიჩნევს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მესამე დაუგეგმავი შვილი იყო და ორზე მეტის გაჩენას არც აპირებდა. ახლა ამბობს, რომ სამი შვილის გაზრდაც კი წარმოუდგენლად რთულია, არათუ მეოთხეზე ფიქრი.

"ძალიან ადრე დავოჯახდი და ისე მოხდა, რომ 24 წლის უკვე სამი შვილის დედა ვარ. ტყუპების მერე ვფიქრობდი, აღარ გავაჩენდი მეტს ან თუ მზად ვიქნებოდი, 30 წლის მერე გავაჩენდი, მაგრამ მოულოდნელად და დაუგეგმავად გამიჩნდა მესამე. ახლა უკვე უფროსები - ექვსის, პატარა კი წლინახევრისაა. ახლობლები მეუბნებიან, ფინანსურად არ გიჭირს და კიდევ ბევრი უნდა გააჩინოო, არადა, ბავშვების აღზრდა იმდენად წარმოუდგენლად რთულია, რასაკვირველია, მეოთხეზე აღარ ვფიქრობ. მირჩევნია, ამათ არ მოაკლდეთ ყურადღება.

გარშემო რა ხდება, რომ ვუყურებ, ამათი სკოლაში გაშვება უკვე მეშინია. მარტო ფინანსური მხარე ხომ არ არის, აღზრდაც სჭირდებათ და რაც უფრო მეტი მეყოლება, მით უფრო მეტი რამ გამომრჩება. მირჩევნია, იმათ ვეყო, ვინც მყავს. 3 შვილის პირობებშიც კი სამსახურში გასვლა შორეულ პერსპექტივად ჩანს, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, პატარა რომ წავა ბაღში, მეც შევძლებ მუშაობას", - აღნიშნა თამუნა ფხაკაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

ჩაწერა სახელი