მფლობელს შეეძლება, საკუთარი მანქანა ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა თუ ქალაქში შეამოწმებინოს
ნათია ლომიძე
(08.12.2017)

 2018 წლის იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. დადგენილია შემოწმების ღირებულებაც და ის დეტალებიც, რაც ტექდათვალიერებას თან ახლავს. ტექდათვალიერებისას არ მიექცევა ყურადღება რეგიონულ დაყოფას. მფლობელს შეეძლება, საკუთარი მანქანა ქვეყნის ნებისმიერ რეგიონსა თუ ქალაქში შეამოწმებინოს.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო 2 წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე. რაც შეეხება ფასს, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების 100 ლარი ეღირება.

ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა ერთთვიანი ვადა პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის უქონლობის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები: ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 200 ლარი.

პირველ ეტაპზე გამკაცრდება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ ზემოთ) ავტომობილების შენმოწმება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ლი ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები. პირველი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და, შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხეა.

მომდევნო ეტაპზე, ანუ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის დროს, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკსაც.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუკი ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე მანქანები ტექდათვალიერებას არ გაივლიან, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის ინსპექტირება ყოველწლიურად სავალდებულო იქნება.

ზოგიერთი დეტალის გასარკვევად "რეზონანსი" აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ ფასიანი იქნება თუ არა განმეორებით ავტომობილის შემოწმება, ან დაიყოფა თუ არა დათვალიერების პროცესი რეგიონულად, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ავტოინსპექტირების დეტალებზე "რეზონანსს" ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, თუკი მძღოლს განმეორებითი ტექდათვალიერება დასჭირდა, მომსახურებას უფასოდ მიიღებს, ხოლო შემოწმების დროს რეგიონული ნიშნით დაყოფაც არ მოხდება. მძღოლები საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებს სურვილისამებრ ნებისმიერ რაიონში შეამოწმებენ, სადაც კი აკრედიტებული ცენტრი იმოქმედებს.

"ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დგება ფასის ქვედა და ზედა ზღვარი, ამ მარჟაში გათვალისწინებულია ინფლაციაც. შეიძლება ისეთი ცენტრი შეიქმნას, სადაც იქნება ძვირი მომსახურება, თუმცა სხვა მხრივ კომფორტს მიიღებს მომხმარებელი. მესმის სახელმწიფოსი, ფიქსირებული გადასახადი რომ დააწესა, მაგრამ ჯობდა, მარჟა დაეწესებინათ და გონივრული ზღვარი დაედგინათ. მგონია, რომ მომავალში ასე მოხდება, რადგან ბიზნესი მოითხოვს ამას (აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ 60-დან 200 ლარამდე დაადონ ფასი, თუმცა სრულიად მისაღებია, 60-დან 80 ლარს შორის იმერყეოს ფასმა).

რაც შეეხება განმეორებით შემოწმებას, ის გადანაწილდება შემდეგნაირად. თუ ავტომობილი გავიდა შემოწმებაზე და რომელიმე კომპონენტში "ჩაიჭრა", მაგალითად, გამონაბოლქვზე და ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, ის ჩაიწერება ელექტრონულ ბაზაში (ინფორმირებული იქნება საპატრულო პოლიციაც და მფლობელი არ დაჯარიმდება შემდგომ შემოწმებამდე). ერთი თვის განმავლობაში, როდესაც გამოსწორდება პრობლემა, განმეორებით შემოწმებაზე ავტომობილის მესაკუთრე თანხას არ გადაიხდის. ჩვენთან თანადგომა გაუწიეს ავტომობილის მფლობელებს, თუმცა არა მგონია, ბიზნესისთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. რაც შეეხება მესამე შემოწმებას (თუ ეს საჭირო გახდა), უკვე ფასიანი იქნება.

კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ყველას აინტერესებს, შემოწმების დროს დაიყოფა თუ არა რეგიონული ნიშნით ავტომობილები. რასაკვირველია, ასეთი რამ არ მოხდება. ნებისმიერ მფლობელს შეუძლია, თავისი მანქანა ინსპექტირებაზე გაატაროს მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც კი აკრედიტებული ცენტრი იმოქმედებს. მომავლისთვის ისიც არის გათვალისწინებული, რომ ამ ცენტრების გეოგრაფიული განლაგება მოხდეს რაიონებში. მაგალითად, თუკი მთიან რეგიონში არ არის, იქაც დააფუძნონ", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

ჩაწერა სახელი