ამბავი თაღლითი ანდრეი პალეოლოგისა და სოფიადქცეული ზოიას მოსკოვური ოდისეისა
მამუკა ნაცვალაძე
(11.11.2017)

 მეთხუთმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან მსოფლიო პოლიტიკური პროცესები ერთგვარი დინამიკურობით გამოირჩა. აშკარად გამოჩნდა, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემა შეუქცევადი პროცესია, ოსმალთა აგრესია, რომელიც ოთხიოდე ათეული წლის წინ თემურ ლენგმა შეაჩერა, შეაზანზარებს სამყაროს. სულ მალე კონსტანტინოპოლის მარცხს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განსხვავებული მიმართულებით გადატანა მოჰყვება შედეგად.

ახალი პოლიტიკური წესრიგი ახალ მონაწილეებსაც გულისხმობს. მსოფლიო პოლიტიკურ ორომტრიალში ვატიკანი რუსეთის ჩათრევას ლამობს, სწორედ რუსეთი აქცია დასავლეთმა ოსმალეთის სამიზნედ, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა - ეს წინასწარ კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლაა. ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში ჩანს, რომ ოსმალურ შეტევებს ძნელად თუ გაუმკლავდება ევროპა, რომ ბებერი კონტინენტი სრული ისლამიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება მალე.

ამ საშიშროების თავიდან აცილებას კი ფილიგრანული დიპლომატიური სვლები სჭირდება, სწორედ ამ კონტექსტში გახდა აქტუალური მსოფლიოსათვის მოსკოვის სამთავრო, საკმაოდ უპრეტენზიო პოზიცია რომ უკავია და იმ ხანად სრულიად რუსეთის გაერთიანებაზე ფიქრი რომ სტანჯავს.

ბიზანტიური კარტ-ბლანში ვატიკანისთვის

სანამ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე წონადი ფიგურა გახდება, მანამდე ბიზანტიის იმპერიას ნამეტანი მძიმე დღეები უდგას. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადარჩეს, ის თავის დაუძინებელ მტერთან - ვატიკანთან თანამშრომლობაზეც ყაბულსაა. ვატიკანიც ნამეტანი სიამოვნებისგანაა გატრუნული, ხელებს იფშვნეტს რომის პაპი და ყველა ზომასა და ხერხს მიმართავს, საკუთარ მარწუხებში მოაქციოს ბიზანტია.

აღმოსავლეთ ქრისტიანული ცენტრი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ შეინარჩუნოს არსებობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მან სრული კარტ-ბლანში ვატიკანს დაუთმო.

1453 წლის 29 მაისს მოხდა ის, რასაც თავად ვატიკანიც კი მტკივნეულად შეხვდა. რომის პაპი მიხვდა, რა მძიმე შეცდომა დაუშვა ბიზანტიასთან ძიძგილაობით. ვატიკანის გამარჯვება ნამეტანი წააგავდა ანტიკური ხანის პიროსის გამარჯვებას, დამარცხების კლასიკურ სიმბოლოდ რომ იქცა ადამიანთა ცნობიერებაში.

როგორ ცდილობდა ვატიკანი ოსმალური საფრთხისგან თავის დაღწევას

ვატიკანის სინანულს კარგად ხვდება ოსმალეთი, ამიტომაც ალმაცერად უყურებს დასავლეთს, სწორედ ამ დამოკიდებულების ფონზე ისახება სტრატეგიული გეგმა, რომლითაც აგრესია უნდა აიცილოს თავიდან. აქ სჭირდება ვატიკანს რომში შეფარებული სოფია პალეოლოგი და მისი ძმა ანდრეი, რომელნიც სასწაულად გადაურჩნენ ოსმალურ კლანჭებს. ოსმალები ხომ გამალებით ეძებენ ყველა პალეოლოგს და არც ერთს არ ტოვებენ ცოცხალს.

ზოია პალეოლოგის ძმას - ანდრეის განსაკუთრებული მისია აკისრია - ის კონსტანტინოპოლის კანონიერი მემკვიდრეობის უფლებას ფლობს, რაც ყველაზე ფასეულია ვატიკანისთვის, რომელსაც შორს მიმავალი გათვლები აქვს.

რომი ზოია პალეოლოგთან ქორწინებას სთავაზობს მოსკოვის მთავარს, ივანე მესამეს. მოსკოვის მთავარი არცთუ დიდი ენთუზიაზმით ხვდება ვატიკანის წინადადებას, რადგანაც ვერ ხედავს ვერანაირ პრაქტიკულ სარგებელს.

სწორედ ამის გამოძახილია ის ფაქტი, რომ მოლაპარაკება სამი წლის განმავლობაში გაიჭიმა, საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა დადებითად, თუმცა აქ კიდევ ერთი კორექტივის შეტანა გახდა საჭირო - სახელი ზოია ნამეტანი მიუღებელია მოსკოვისთვის, ეს სახელი მას ფერარა ფლორენციის კრების ასოცირებას უქმნის, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულია მთელ რუსეთში.

ეს ის კრებაა, სადაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება გადაწყდა 1439 წელს და რაც რუსულმა ეკლესიამ არ ცნო. ამიტომაც ითხოვენ მოსკოვში - ზოიამ გადაირქვას სახელი. მოსკოვში ივანე მესამესთან დასაქორწინებლად მოემგზავრება სოფიადხმობილი ზოია პალეოლოგი.

რატომ არ მოხიბლა ივანე მესამე მოსკოვი-მესამე რომის იდეამ

ეს 1469 წელს ხდება. ვატიკანის გათვლა საკმაოდ პრაგმატულია - რუსეთმა უნდა იტვიროს მესამე რომის ფუნქცია, კონსტანტინოპოლის მემკვიდრეობას კი კანონიერად ფლობს სოფიას ძმა ანდრეი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოსკოვში ჩასულ სოფიას კვალში მიჰყვა მისი ძმა ანდრეი, სწორედ მას ხელეწიფება გადასცეს ბიზანტიის მემკვიდრეობის უფლება მოსკოვის მთავარ ივანე მესამეს.

მისია საპატიოა, მაგრამ ერთგვარად უცნაური, რამდენადაც ამ ყველაფერს საკმაოდ ირონიულად უყურებს თავად მოსკოვის მთავარი. მაგრამ აქ კიდევ ერთი უჩვეულო ფაქტი გამოიკვეთა.

ფაქტია, რომ თურქები ყველგან ეძებენ პალეოლოგებს, არ სურთ იმის პრეცედენტის დაშვება, რომ რომელიმე მათგანს ოდესმე გაუჩნდეს რევანშის განცდა და ბიზანტიური ძალაუფლების აღდგენის სურვილი, ამიტომაც გამოსავალსაც მათი განადგურებით პოულობენ.

საცნაური კი ის არის, რომ რუსეთში პალეოლოგების ჩასვლას, ივანე მესამისა და სოფია პალეოლოგის ქორწინებას საკმაოდ უემოციოდ ხვდებიან. ოსმალეთი არ აღიქვამს მოსკოვის სამთავროს თავის მოწინააღმდეგედ და არც მისი პოლიტიკური სვლები აინტერესებს.

მეორე მხრივ, საკმაოდ უცნაურია და ერთგვარად გაუგებარი ვატიკანის პოლიტიკური თამაშები ივანე მესამისთვის, რომლის წინაშეც რეალურად დგას რუსეთის გაერთიანების საკითხი მოსკოვის სამთავროს გარშემო და ამ ფონზე მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლის ფუნქცია არა მარტო ფიქტიურად, სასაცილოდაც ჩანს. ეს ის დროა, როცა მოსკოვის სამთავროს პოლიტიკური საზღვრები არ იძლევა მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლის ამბიციას. მას ამ ეტაპზე არც ერთ ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობის პირობებში კი მსოფლიო პოლიტიკაში რაიმე სერიოზული როლის შესრულებაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

რატომ ვერ აღიქვამდა ოსმალეთი მოსკოვის სამთავროს საპირწონე ძალად

ეს მოსკოვის მთავარ ივანე მესამის პოზიციიდან დანახული რეალობაა, ანალოგიურად ჩანს ეს თემა ოსმალეთის პრიზმიდანაც. მისთვის მოსკოვის სამთავრო ვერ აღიქმება სერიოზულ ძალად. ესეც სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც არასახარბიელო გეოსტრატეგიული მდებარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსკოვის სამთავრო, თუნდაც მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული რეალობისას ოსმალეთის საპირწონე ძალად იქნეს აღქმული.

ამიტომაც ივანე მესამისა და სოფია პალეოლოგის ქორწინებამ სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ქორწინების პოლიტიკური ასპექტი განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მოსკოვს სოფია პალეოლოგის ძმა ანდრეი ეწვია. ეს ვატიკანის დავალებით ხდება. სწორედ ვატიკანის დავალებით სურს ივანე მესამის დაყოლიება, თუმცა ვატიკანს მიღმა თავისი ქვენა გრძნობებიც ამოძრავებს - ესწრაფვის, საკმაოდ მომგებიანად გაასაღოს ივანე მესამეზე ძველი კეისრების პოლიტიკური მემკვიდრეობის უფლება. ვატიკანმა განსაკუთრებულად დაგეშა პალეოლოგი, ამიტომაც აქვს მას ისეთი განწყობა, რომ მოსკოვის მთავარი მისი წინადადებით მოხიბლული და აღფრთოვანებული იქნება. არადა, ანდრეი პალეოლოგის წინადადება სასაცილოდაც არ ჰყოფნის მოსკოვის მთავარს, მას არანაირი ინტერესი არა აქვს, შეიძინოს ძველი კეისრების მემკვიდრეობის უფლება. ბუნებრივია, აქ მთავარია, რომ გეოსტრატეგიული მდებარეობა არ იძლევა იმის შანსს, რომ ეს უფლებები ივანე მესამემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ვერ ხედავს მისი გამოყენების პერსპექტივას უახლოეს ხანშიც.

ამბავი ანდრეი პალეოლოგის თაღლითობისა

არის კიდევ ერთი ასპექტი ამ მოვლენების ანალიზისას. ანდრეი პალეოლოგი ჩვეულებრივი თაღლითია, ის ფულის საშოვნელადაა ჩასული მოსკოვში და ადამიანურად არ არის რთული მისი ქვენა ზრახვების გაშიფვრა. ამიტომაცაა, რომ როცა საკმარისზე მეტად მოინდომა ანდრეი პალეოლოგმა მოსკოვის მთავრის დარწმუნება, ამან ივანე მესამის განრისხება გამოიწვია, რაც მთავრდება იმით, რომ ანდრეი პალეოლოგი იძულებულია, მოსკოვი დატოვოს და სხვაგან ეძიოს კეისართა კანონიერი უფლებების გასაღების არეალი.

საგულისხმოა, რომ ანდრეი პალეოლოგმა მაინც აისრულა გულის წადილი - მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოახერხა ივანე მესამის გაბრიყვება, გააბრიყვა საფრანგეთის მეფე ლუი მეთერთმეტე ვალუა, რომელმაც დიდი სიამოვნებით მიიღო მესამე რომის უფლებები.

ეს, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი შეცდომა იყო, რამდენადაც რამდენიმე ხნის წინ დასრულებული ასწლიანი ომის ფონზე საფრანგეთისთვის კიდევ ერთი თავსატეხის შექმნა სრულიადაც არ ჩანდა გონივრული გადაწყვეტილება, ეს უფლებები ხომ პირდაპირი გამოწვევა იყო ოსმალეთის იმპერიისათვის, რომელთანაც დაპირისპირებას არავინ ესწრაფვოდა.

ის შარი, რასაც ბებერი ევროპა ვატიკანის დახმარებით თავს არიდებდა, ვალუების წყალობით საფრანგეთმა თავად გამოჩხრიკა. საფრანგეთი ანდრეი პალეოლოგისაგან შეძენილი კეისრების უფლებების წყალობით აშკარა პრეტენზიას აცხადებს მესამე რომის ტიტულზე. სად გადაინაცვლებს მარადიული ქალაქი კონკრეტულად, ამაზე ზრუნავს ვატიკანი. მისთვის სასურველი ვარიანტი რუსეთია, რომელიც საკმაოდ ახლოსაა თურქეთთან და, ფაქტობრივად, მოსალოდნელ რუსულ-თურქულ დაპირისპირებასაც შორიდან შეუძლია მიადევნოს თვალყური და ამით ბებერი კონტინენტი იხსნას ოსმალთა აგრესიისგან.

როგორ აურია ვალუების ინიციატივამ ვატიკანს პოლიტიკური საჭადრაკო დაფა

ვალუების ინიციატივამ მთლიანად არია ვატიკანის გაშლილი საჭადრაკო დაფა - ახლა ოსმალთა აგრესიის სამიზნე საფრანგეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ვატიკანიც ვერ აიცდენს ოტომანთა რისხვას. ვატიკანის მცდელობა, დაეყოლიებინა მოსკოვის მთავარი დიდ პოლიტიკურ თამაშზე სოფია და ანდრეი პალეოლოგების მეშვეობით, კრახით დასრულდა.

ფრანგულ-ოსმალური ურთიერთობის დარეგულირებას რამდენიმე ათწლეული მოუნდა, რაც საბოლოოდ ოქროს შუალედის გამოძებნით დასრულდა. ამან საბოლოოდ საქმე ერთგვარ კომპრომისამდე მიიყვანა - ოსმალეთმა და საფრანგეთმა გაინაწილეს ევროპა. ოსმალეთის სულთან სულეიმან პირველსა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველს შორის 1528 წელს გაფორმდა ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსი, რომელიც გამოხატავდა ამ ორი ქვეყნის ერთობლივ ინტერესებს. მათი მთავარი სამიზნე გახდა საღვთო რომის იმპერატორი კარლოს მეხუთე.

ეს კიდევ ერთი მოულოდნელი და მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა ვატიკანისთვის, რომელიც ვერ შელეოდა ოსმალთა წინააღმდეგ კიდევ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის იდეას. "შროშანისა და ნახევარმთვარის კავშირი" აშკარად მკრეხელური და სკანდალური იყო დასავლეთ ევროპისათვის.

სწორედ აქედან იწყება ახალი ოსმალურ-ფრანგული ევროპული წესრიგი, რომლის სუსხიც საქართველომაც იწვნია. ამ წესრიგის ნაწილი იყო სამცხე-საათაბაგოს ისლამიზაცია, რასაც თან ახლდა უფრო "ჰუმანური" ქართველთა გაკათოლიკების პროცესი. ეს იყო იმ საერო გლობალური წესრიგის ერთი ასპექტი.

როგორ გამოჩნდა ასპარეზზე ბერი ფილოფეი

საფრანგეთს სრული კარტ-ბლანში ჰქონდა ევროპაში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელების თვალსაზრისით, რაც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ ეფექტური საშუალება იყო. ოსმალური დიპლომატია თავისი პოლიტიკის დასარეგულირებლად ნაყოფიერად იყენებდა ფრანგულ პოლიტიკურ წიაღსვლებს.

ფრანგულ-ოსმალური ურთიერთობის დათბობა ახალი ნიშანია იმისა, რომ ვატიკანმა ტაქტიკა უნდა შეცვალოს და ახალი მეთოდებით შეეცადოს, რუსეთი პოლიტიკურ ორომტრიალში ჩართოს.

და სწორედ აქ ჩნდება ახალი სტრატეგია და ახალი პერსონა - ფსკოვის ელიაზაროვის მონასტრის ბერი ფილოფეი, ესეც ვატიკანის გამოჩხრეკილი პროექტი, მოსკოვი-მესამე რომის თეორიის შექმნას რომ მიაწერენ.

ჩაწერა სახელი