ია აბულაშვილი
(11.11.2017)

 უცხოეთში მოღვაწე ქართველებზე და მათ წარმატებულ საქმიანობაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ მოსკოვში მოღვაწე ქართველი გამომგონებელი იგორ ჭელიძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის 1812 წელს ნაპოლეონის მიერ გადამწვარი მოსკოვის აღდგენა-რეკონსტრუქციაში. სწორედ მის მიერ შექმნილი საუკეთესო სამშენებლო მასალით მოხდა ფერფლად ქცეული მოსკოვის ძველი და ახალი შენობების, არხების, ხიდების აგება.

იგორ ჭელიძე, რომელსაც რუსეთში იგორ ჩელიევად მოიხსენიებდნენ, დაიბადა ნოვოროსიისკის გუბერნიაში. მამამისი ქართველ ჰუსართა პოლკის გადამდგარი სეკუნდ-მაიორი იყო, პაპა დავით ჭელიძე კი - 1724 წელს რუსეთში გადახვეწილი ვახტან ქ|-ის 1200-კაციანი ამალის წევრი. რუსეთის იმპერატორმა მას თავადობა უბოძა და მიწა ათი კომლით პოლტავის მიდამოებში.

ქართველმა ემიგრანტმა მუშაობა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო. სარატოვის გუბერნიაში მუშაობდა მიწის მზომელად. შემდეგ სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1800 წლიდან კი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა ისევ მიწის მზომელად დაიწყო.

1817-21 წლებში ხელმძღვანელობდა მოსკოვის ერთ-ერთ საპროექტო და არქიტექტურულ-დაგეგმარებით სახელოსნოს. იმავე წელს დააწინაურეს და მოსკოვის კეთილმოწყობის ერთ-ერთ დიდ უწყებას ხელმძღვანელობდა.

სწორედ ამ პერიოდში რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე |-მა 1812 წელს გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად მოითხოვა ახალი პროექტების შედგენა, რაც დაევალა მოსკოვის მთავარსარდალს, გრაფ როსტოპჩინს. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავადი ციციანოვი. ამ კომისიაში შედიოდა ქალაქის საპროექტო განყოფილებაც, რომლის დირექტორი იყო იგორ ჭელიძე. მისი უშუალო ხელმოწერით დამტკიცდა მოსკოვის შენობების, არხების, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. იგი უძღვებოდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს.

იგორ ჭელიძისა და თავად ციციანოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა მოსკოვის გენერალური გეგმა, რომელშიც შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და სხვა. მოსკოვის გენერალური გეგმა თავის ხარჯით დასტამბა და შემდეგ ხუთჯერ გამოსცა იგორ ჭელიძემ. მას ასევე დავალებული ჰქონდა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტის შედგენა, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო.

პარალელურად იგი დაინიშნა მოსკოვის სამხედრო ბრიგადის სამშენებლო სახელოსნოების უფროსად. გარდა საპროექტოს ხელმძღვანელობისა, მის მოვალეობაში შედიოდა ჰიდროტექნიკური სამუშაოების შესრულებაც. მისი დაპროექტებულია მოსკოვის სანაპიროები, აუზები, შადრევნები, არხები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიწისქვეშა არხი მდინარე ნეგლინისაიასა და ნიკიტინის ქუჩის ბოლოდან კრემლის ბაღამდე.

1824 წელს იგორ ჭელიძემ სამუშაოების დასრულების შესახებ რუსეთის მთავრობას ანგარიში ჩააბარა: "მტრისაგან ფერფლად ქცეული დედაქალაქი აღდგენილია და მისი იერი მიყვანილია პირვანდელთან შედარებით უკეთეს გარეგნულ სახემდე". გოლიცინმა კი საიმპერატორო კარზე გააგზავნა დახასიათება, სადაც წერდა, რომ "იგორ ჩელიევმა იცის არითმეტიკა, გეომეტრია, არტილერია, ფიზიკა, ქიმია, მექანიკა, სამოქალაქო არქიტექტურა, თავის საქმეში ძლიერ მცოდნეა, ხელმძღვანელობის მრავალ დავალებას ასრულებს დიდი წარმატებით. ღირსია დაწინაურების".

მოკლედ, ამ დამსახურებისთვის იგორ ჭელიძე დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და 1812 წლის სამამულო ომის ორდენებით. მიენიჭა სახელმწიფო მრჩევლის წოდებაც.

ქართველი ემიგრანტის წარმატების საიდუმლო კი მისი გამოგონება იყო, მტკიცე სილიკატური ცემენტი - პორტლანდცემენტი. როგორც მეცნიერები ამბობენ, დღემდე ცემენტი იმავე მეთოდით მზადდება, რომელიც იგორ ჭელიძემ გამოიგონა და ტექნიკურად ჩამორჩენილი რუსეთი უნიკალური სამშენებლო მასალით უზრუნველყო.

1822 წელს მან დაწერა წიგნი "ტრაქტატი კარგი სამშენებლო ხსნარების მომზადების ხელოვნების შესახებ", სადაც დაწვრილებით აღწერა, როგორ უნდა მომზადდეს იაფი და საუკეთესო ცემენტი "ფრიად მტკიცე, ისეთი წყალქვეშა ნაგებობებისთვის, როგორიცაა არხები, ხიდები, აუზები და კაშხლები, მიწისქვეშა სარდაფებისთვის და ხისა და ქვის ნაგებობათა შესაბათქაშებლად".

როგორც ავტორი თავად აღნიშნავს, წიგნი დაწერილია რეალურად აგებული შენობების პრაქტიკის საფუძველზე. ნაშრომში ასევე აღწერილია ცემენტის მიღების ხერხი კირისა და თიხის ნაერთის გამოწვითა და მიღებული პროდუქციის დაქუცმაცებით.

როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, პორტლანდცემენტის გამოგონებისთვის საავტორო უფლება გაიცა ინგლისელ ჯოზეფ ასპიდინზე 1824 წელს, მაშინ, როცა 1822 წელს იგორ ჭელიძის წიგნი უკვე გამოცემული იყო. ბედის ირონიით, ჭელიძის წიგნს 1948 წელს შემთხვევით მიაგნეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანეს მისი გვარი სახელმძღვანელოებში პორტლანდცემენტის გამომგონებლად ჯოზეფ ასპიდთან ერთად.

უცხო ქვეყნის სამსახურში დამაშვრალი ქართველი გამომგონებელი მოსკოვშია დაკრძალული. სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ჰქვია. 1971 წელს კი იუნესკოს ეგიდით თბილისში ჩატარდა ქართველი გამომგონებლის დაბადებიდან 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დიდი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები. კონფერენციაზე მათ ერთხმად აღუნიშნავთ, რომ საუკუნის წინ იგორ ჭელიძის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა მსოფლიოში ცათამბჯენების მშენებლობა.

ჩაწერა სახელი