ია აბულაშვილი
(13.10.2017)

 "ამჟამად ყველაზე მეტად "კავკასიური წიგნი" მახარებს, რომელიც საუკეთესო იქნება მათ შორის, რაც ოდესმე დამიწერია," - წერდა კნუტ ჰამსუნი გერმანელ მეგობარს და გამომცემელს ალბერტ ლანგენს, თუმცა საუკეთესო ნაწარმოებად 1917 წელს დაწერილი "მიწის წვენი" იქცა, რისთვისაც გამოჩენილ ნორვეგიელ მწერალს კნუტ ჰამსუნს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

კნუტ ჰამსუნის ნაწარმოები "ზღაპრული ქვეყანა" 1903 წელს გამოიცა. მასში მწერალმა საქართველოში თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ასახა; სურვილი ჰქონდა რომ გამოცემაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალც შესულიყო, მაგრამ ამ მოთხოვნაზე გამომცემლებისგან უარი მიიღო.

ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა კიდევ ერთი ნაწარმოები სასიყვარულო დრამა "მეფე თამარი", რომელიც 1904 წელს ოსლოს ეროვნულ თეატრში დაიდგა, მუსიკა კი დაწერა გამოჩენილმა ნორვეგიელმა კომპოზიტორმა იუჰან ჰალვორსენმა. თბილისში სასტუმრო "ლონდონში" გაჩერებულმა მწერალმა კი ის რუსი მწერლებიც გაიხსენა, რომელთა სახელები "ტფილისს" უკავშირდებოდა.

კნუტ ჰამსუნის მოგზაურობა კავკასიაში 1899 წლის სექტემბერში დაიწყო. მას თან ახლდა მეუღლე ბერგლიოტ ბეხი. ცოლ- ქმარი ფინეთიდან სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა და იმავე საღამოს გაემგზავრნენ მოსკოვში, თუმცა დიდხანს არც იქ გაჩერებულან. მეორე დღესვე მოსკოვი-ვლადიკავკაზის მიმართულებით თბილისისკენ გამოეშურნენ. გზაში სამი დღე-ღამე დაჰყვეს.

დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდს ნობელიანტი მწერლის კნუტ ჰამსუნის ნაწარმოებიდან "ზღაპრული ქვეყანა", რომლის შესახებაც მწერალი ნორვეგიელ პოეტესას ლაგნი კრისხინსკის მისწერს - უფრო გასაოცარი და საუცხოო ზღაპარი არასდროს გადამხდება, განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ვლადიკავკაზიდან მთებში მგზავრობა. ეს სხვა სამყაროა, ადამიანები აქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია, მთები კი უფრო მაღალი.

"მკვეთრი მოსახვევი მარჯვენა მხარეს. თვალწინ უეცრად ხეობა იშლება და სულ ახლოს ჩნდება ყაზბეგი. მზისგან გაბრწყინებული მყინვარით, მაღალი მრისხანე და უტყვი. გვაოგნებს თავისი სიმძლავრით. ეს სრულიად სხვა სამყაროა, სადაც ერთგულების ფიცით შეკრული მთებით გარშემორტყმული ყაზბეგი ზემოდან გადმოგვყურებს. უნებურად ჩამოვედი ეტლიდან, ყაზბეგს ვუმზერ, თავბრუ მეხვევა, თითქოს ადგილიდან ვწყდები, ჰაერში ვმაღლდები და ღმერთთან პირისპირ ვხვდები. მიწაზე ვჯდები, ცას ავცქერი და ვინაიდან ბევრისაგან განსხვავებით, ღმერთისადმი დამოკიდებულება გარკვეული არ მაქვს, რაღაც დროით ღმერთსა და მის ქმნილებაზე ფიქრში ვიძირები. ეს ზღაპრული, მომაჯადოვებელი სამყარო, რომელშიც მოვხვდი, ყველაზე საოცარი ადგილია მთელ დუნიაზე. ჯერ მხოლოდ საღამოს ხუთი საათია, მაგრამ ცაზე უკვე კაშკაშებს მთვარე და ორი მნათობი. ერთად დაგვცქერის მზეც და მთვარეც. ძალიან თბილა, ეს სამყარო არცერთ სხვას არ ჰგავს, რომელიც აქამდე მინახავს და ისევ ვფიქრობ, რომ აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩებოდი.

 "ტფილისს" ვუახლოვდებით, გზა გამუდმებით მიუყვება დიდებულ და საუცხოო მდინარე მტკვარს. შორს ტფილისი მოსჩანს - განსაკუთრებული სამყარო, თავზე ნისლი ადგას. აი, ისიც ტფილისი, ქალაქი, რომელიც ბევრმა რუსმა პოეტმა და მწერალმა მოიხსენია ლექსებსა თუ რომანებში. უეცრად ვახალგაზრდავდები. აქეთ-იქით ვიყურები და მესმის, როგორ მიძგერს გული.

ქალაქი ას სამოც ათას მცხოვრებს ითვლის. აქადან კაცები ქალებზე ორჯერ მეტნი არიან. ქალაქში სამოცდაათ ენაზე ლაპარაკობენ. ტფილისი რომაელებსაც დაუპყრიათ, სპარსელებსაც და თურქებსაც. ქალაქში საუცხოო მუზეუმებიცაა, თეატრიც, ფერწერული კრებულიც, ბოტანიკური ბაღიც, ციხე- სიმაგრეც... თავზე კი ძალიან, ძალიან მაღლიდან მამადავითის მონასტერი გადმოგვცქერის. ის ქართველებისთვის წმიდა ადგილად მიჩნეულ მთაზე მთაწმინდაზე დაგას.

გამუდმებით ვბრუნდებით ქალაქის ერთ-ერთ უბანში, რომლის თვალიერებითაც ვერ ვძღებოდი. ეს აზიური უბანი იყო... ტფილისში სარკისებური ვიტრინებიანი მაღაზიებიც იყო, კონკებიც, თეატრ- ვარიეტეც და ევროპულად ჩაცმულ-დახურული ქალბატონები და ბატონებიც, მაგრამ აზიურ კვარტალში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ქუჩები, შესახვევები, ხაფანგში მოქცეული ჩიხები, სახლიდან- სახლისკენ, ქვემოდან - ზემოთ მიმავალი კიბეებით. დუქნებში რა გინდა რა ეროვნების ხალხი აღარ ვაჭრობდა, რომლებიც სოცარ ნივთებს ჰყიდდნენ... პირდაპირ ქუჩაში მუშაობდნენ ქარგლები, მჭედლები რკინას მომცრო ქურებში ადნობდნენ და ასევე მომცრო გრდემლებზე ჭედავდნენ. საკუთარ ნაკეთობებს იქვე ტვიფრავდნენ, კვეთდნენ, აპრიალებდნენ და ნახშირით წმენდნენ. თერძები დასავლეთიდან ჩამოტანილ საკერავ მანქანაზე კერავდნენ, მაუდის გრძელ კალთიან მოსასხამებს... დუქანებში ძირითადად აბრეშუმის ქსოვილები, ნაქარგები, ნოხები, იარაღი და სამკაულები იყიდება... აქა - იქ პაწაწა დახლებთან მსხდომ მწერლებსაც შეხვდები.

სამყაროსაგან დაშორებულ აზიურ კვარტალში ცხოვრება მშვიდად და აუჩქარებლად მიედინება. აქ უშფოთველობა სუფევს; იშვიათად გაიგონებ ხმამაღალ სიტყვას. უიშვიათესად ისმის ზედმეტი ყვირილი. მოგუდული ხმები, ჩალმიანი თავების ზომიერი, ფრთხილი დაქნევა და მორჩა. გამონაკლისი სომეხი მედუქნეები არიან, რომლებიც ხმამაღლა ასხამენ ხოტბას გასაყიდ იარაღს და აქაც ისე ღიად ატყუებენ მყიდველს, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას. ებრაელს ათი ბერძენის გასულელება შეუძლია. აი, სომეხი კი ათ ბერძენსა და ებრაელს ერთად გაასულელებს".

ჩაწერა სახელი