რატომ დაარქვა ბიზანტიის მიტროპოლიტმა საკუთარ ძაღლს არმენი
მამუკა ნაცვალაძე
(12.08.2017)

 ერთიანი კავკასიური სივრცე ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა მსოფლიო პოლიტიკას, სწორედ ამიტომაც ისახავდნენ მიზნად იმპერიები კავკასიური კოზირის განეიტრალებას. ამ მხრივ პირველი წარმატებული ცდა სასანიანურ ირანს ეკუთვნის, რომელმაც კარგად გააანალიზა კავკასიის პოლიტიკური და კულტურულ-სარწმუნოებრივი რეალობა და მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან უარი თქვა ამ რეგიონში მაზდეანური აგრესიული სარწმუნოებივი მოდელის დამკვიდრებაზე.

ამბავი კავკასიაში პირველი იმპერიული ტრიუმფისა

აქცენტი კავკასიის სარწმუნოებრივ განხეთქილებაზე გაკეთდა. ამ საქმეში მთავარი სტრატეგიული ფუნქცია სომხურ ეკლესიას დაეკისრა, რამდენადაც სომხეთის დიდი ნაწილი სასანიანთა გავლენის სფეროში აღმოჩნდა და დაშინებით, მოსყიდვითა თუ შანტაჟით მათი გადმობირება არ იყო რთული საქმე. სასანიდები მხარს უჭერდნენ ქრისტიანობის ყველა იმ მიმართულებას, რაც ბიზანტიის იმპერიაში იდევნებოდა.

რამდენადაც ქართული და ბიზანტიური სარწმუნოებრივი სივრცე ერთიანი იყო, ეს პოლიტიკა უპირველესად ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ დაპირისპირებას გულისხმობდა. 608 წელს ქართული და სომხური ეკლესიების გზები საბოლოოდ გაიყარა.

ეს იმპერიული პოლიტიკის პირველი მნიშვნელოვანი ტრიუმფი იყო. გავა წლები და საუკუნეთა დისტანციიდან სულ სხვაგვარად გამოჩნდება ამ დაპირისპირების მნიშვნელობაც და როლიც. სასანიანებს არაბები მოუღებენ ბოლოს, არაბებს - მონღოლები, თუმცა ის იმპერიული მოდელი, რაც ქართულ-სომხური სარწმუნოებივი განხეთქილების სახით კავკასიური ერთიანობის გასანეიტრალებლად დამკვიდრდა, დღემდე შემორჩა დიდ სახელმწიფოთა ხელში კავკასიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს ეფექტურ იარაღად.

რა მოიგო სომხეთმა სასანიანებთან იმპერიული თამაშებით

იმპერიულ თამაშებში სომეხთა ჩაბმა დამთავრდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო - თავად სომხები გახდნენ იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლი. მართალია, საჭირო დროსა და მომენტში საერთო ინტერესების არსებობის შემთხვევაში მრავლადაა ისტორიაში შემონახული მაგალითები ქართველთა და სომეხთა ერთობისა, თუმცა ის სარწმუნოებრივი ქიშპი, რაც უპირველესად სომეხთა მხრიდან იყო პროვოცირებული, ხშირად უშლიდა ხელს ორი ხალხის ერთიანობას. სწორედ ამიტომაც ვერ მოერია ვერც საქართველო და ვერც სომხეთი იმპერიულ ძალას - მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის მზარდმა პოლიტიკურმა ამბიციებმა წერტილი დაუსვა სომეხთა სამეფოს არსებობას.

ეს 1045 წელია... 1045 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა კონსტანტინოპოლში ჩაიტყუა სომეხთა მეფე გაგიკი, მონომახმა სომეხთა ხელისუფალი დაატყვევა. იმპერატორმა პეტროს კათალიკოსთან და სომეხ ფეოდალებთან დაიწყო მოლაპარაკება. გაუმართლა გათვლამ იმპერატორს - სომეხთა კათალიკოსი პეტროსი და ფეოდალები ბიზანტიის იმპერიის ზიზილ-პიპილოებს დახარბდნენ და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე წინ თავიანთი მიწიერი კეთილდღეობა დააყენეს.

ეს სავალალო შედეგი ერგო სომეხთა სამეფოს იმ განხეთქილებით, კავკასიურ ერთობაში თავად რომ შეიტანა სასანიანთა დაკვეთით. სომხური კოზირი იმპერიათა კარნახით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ეს კოზირი მიუტრიალდა მწარედ ბუმერანგივით სომხებს.

მძიმე გამოდგა ბიზანტიური უღელი სომხეთისათვის. ბიზანტიური იმპერიული მმართველობა იმაზე ზრუნავდა, რომ ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდა დაპყრობილი ქვეყნიდან, ამიტომაც ცდილობდა, ქვეყნის ფარგლებიდან გაეყვანა ის ახალგაზრდობა, რომელთაც, დიდი ალბათობით, კონსტანტინოპოლის საწინააღმდეგო განწყობა უნდა ჰქონოდათ, ამიტომაც მრავლად გზავნიდნენ ბიზანტიურ ომებში საზარბაზნე ხორცად ახალგაზრდა სომეხ ყმაწვილებს კილიკიასა თუ ბულგარეთში.

რატომ ვერ მოერია ბიზანტია საქართველოს

მსგავსი პოლიტიკა აქვს ბიზანტიას საქართველოს მიმართაც. მას შემდეგ, რაც გიორგი პირველი აშკარა კონფრონტაციას არ მოერიდა და ღიად დაუპირისპირდა ბიზანტიას, კონსტანტინოპოლის კარზე აქტიურად დაიწყეს ფიქრი საქართველოს სამეფოს ანექსიაზე.

და იწყება კიდეც ბიზანტიურ-ქართული იმპერიული იწილო-ბიწილო. ბაგრატ მეოთხეს თავიდან კურაპალატის წოდება მიანიჭეს, მერე - ნოველისიმოსის წოდება. ეს წოდებები ბაგრატისათვის არა მარტო ბიზანტიური პატივია, უპირველესად მოვალეობაა. და ეს იდეოლოგია სიმბოლურად ბაგრატის მონეტებზეა გამოსახული - ერთგან ის ნოველისიმოსია, მეორეზე - სევასტოსი. სიმპტომატურია ისიც, რომ ქვეშევრდომობის ნიშნად ამ დროიდან ქართულ მონეტებზე ჩნდება ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, ეს კონსტანტინოპოლის სამეფო კარის ხატია - ესეც კიდევ ერთი დასტური ბიზანტიის მიერ საქართველოს ერთიან სარწმუნოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში მოაზრებისა.

სომხეთისაგან განსხვავებით, ბიზანტიას ერთით ნაკლები კოზირი აქვს საქართველოსთან მიმართებით - სარწმუნოებრივი ერთობა ის ფუნდამენტია, რაც საშუალებას იძლევა, ნებისმიერ დროსა და ვითარებაში გამოინახოს საერთო ენა. მაგრამ, მერე მხრივ, საგულისხმოა ისიც, რომ ერთიანი სარწმუნოებრივი სივრცე კონსტანტინოპოლს ხელს უწყობს, საკუთარი გავლენა იოლად გაავრცელოს საქართველოზე.

სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრება დინასტიური დანათესავების მცდელობაც - 1032 წელს ბაგრატ მეოთხეს ცოლად მოჰყავს ბიზანტიის კეისარ რომანოზ მესამის ძმის, ბასილი არგირის, ასული - ელენე. სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა დედოფლის სიცოცხლე.

ბიზანტიის კოზირი ბაგრატის წინააღმდეგ მისი ნახევარძმა დემეტრე და კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაშია. სწორედ მათი საშუალებით ცდილობს ბიზანტია შიდაპოლიტიკური ურთიერთობის გამწვავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზანტია ცდილობს სომხეთის მსგავსად საქართველოს სამეფოს შიდაარეულობას. ამას, ფაქტობრივად, აღწევს კიდეც, მაგრამ საქართველოში არსებული რეალობა სომხეთისაგან განსხვავებული იყო. შინაგანად უფრო შედუღაბებულმა ქართულმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლო, გამკლავებოდა იმპერიას. აქ გამოყენებული იყო ყველა ხერხი - ომი, ძალადობა, დიპლომატია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უთანხმოება სარწმუნოებრივ საკითხსაც გადასწვდა. მრავალმხრივი სტრატეგიული შეტევების მიუხედავად, საქართველო ბიზანტიისათვის დაუძლეველი ძალა აღმოჩნდა.

როგორ მიიყვანა იმპერიულმა თამაშებმა სომხეთი სასოწარკვეთამდე

სულ მალე კავკასიას თურქ-სელჩუკები შემოესევიან, მანამდე ბიზანტია ბატონობს ჩვენს სამეზობლოში. მისი ხელწერა კლასიკური იმპერიული ხელწერის ჩარჩოებშია მოქცეული. იქცევა სწორედ ისე, თავის დროზე სასანიდებისაგან შეგულიანებული სომხები რომ იქცეოდნენ. ეს არ არის უხიფათო თამაში. ამას ყოველთვის სავალალო შედეგი მოაქვს. და მოხდა ის, რასაც კანონზომიერება ჰქვია - სომხების მიერ წამოწყებული იმპერიული იწილო-ბიწილო მათვე შემოუტრიალდათ ბუმერანგად.

ასეთმა თამაშებმა მოუღო ბოლო სომხეთს. ბიზანტიამ ყველა ხერხს მიმართა იმისთვის, რომ სომეხი მოსახლეობა საკუთარი ქვეყნიდან აეყარა და წინა აზიაში გადაესახლებინა. კონსტანტინოპოლმა კარგად უწყოდა, რომ ვითარებას სრულიად სომეხთა საკათოლიკოსო აკონტროლებდა და იზრუნა იმისთვისაც, რომ სომხეთიდან ეს საკათალიკოსო გაეძევებინა. მისი დაბრუნება ეჩმიაძინში ოთხი საუკუნის შემდეგ - 1441 წელს გახდა შესაძლებელი.

ამ დროს უკვე ხვდებიან სომხეთში, რა მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგოთ და საცნაური სწორედ ისაა, რომ ამ პრიზმიდან უტოპიად ჩანს სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობა. "ამჟამად ჩვენ არც მეფე გვყავს და არც მთავარი, მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ, როგორი წარმავალი და ცვალებადია ყოველი მიწიერი სამეფო, მით უფრო ჩვენი სამეფო... არც აწმყო გვაქვს, ხოლო მომავალში მისი ხილვა ჩვენ არ გვეღირსება, შემინდონ მათ, ვისაც ოდესმე უწერია სომხეთის სამეფოს ნახვა." ეს ემოციური ტექსტი ამონარიდია მხითარ გოშის, მეთორმეტე საუკუნის სომეხი მოღვაწის, თხზულებიდან.

ჯვაროსნული დილემა სომხებისათვის

თითქოს ბიზანტიური დილემა არ ეყოფოდა სომხეთს, ახალი უბედურება დაატყდა თავს - აზიის სტეპებიდან დაძრული თურქ- სელჩუკები ისე მოარღვევენ საზღვრებს, მათი შემჩერებელი არავინაა. ბიზანტიას თავისი გასჭირვებია და სომხეთის დაცვისთვის არ სცხელა.

ასეთ უმძიმეს სიტუაციაშია სომხეთი, ფაქტობრივად, გამოსავალსაც ვერ ხედავენ. გავა სამი ათეული წელი და იწყება ევროპაში ჯვაროსნული ლაშქრობების ხანა. ქრისტეს საფლავის გათავისუფლების ნიღბით იერუსალიმისკენ დაძრულან პაპის - ურბან მეორის დაძახილზე შეკრებილი მეომრები.

შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, შორიდან იმედიც სხვაგვარად ბრწყინავს. მოვა წინა აზიაში ჯვაროსანთა ლაშქარი და სომხებს მორიგი უბედურება დაატყდებათ თავს. თურქ-სელჩუკებთან განცდილი მარცხით მიყენებულ ზარალს ჯვაროსნები ბიზანტიის იმპერიაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ძარცვითა და რბევით ინაზღაურებენ.

სომეხ ისტორიკოს მათე ურჰაეცის თქმით, ჯვაროსნებიც თურქ-სელჩუკებისა და ბიზანტიელების მსგავსად ავიწროებდნენ სომხებს. თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს სომხების რბევასა და ძარცვაშიო - ასეთი განცდა დარჩენია ამ მოვლენების თვითმხილველ ისტორიკოსს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ურჰაეცი ბოლომდე ვერ აღწერს ნანახსა და განცდილს. ამის მიზეზს კი ასე განმარტავს: "მინდოდა, აღმენუსხა მთელი მათი უსამართლობანი, მაგრამ ვერ გავბედე, რამეთუ მათი ხელისუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით".

ბიზანტიაში გადასახლებულმა სომხებმა მოახერხეს კილიკიის სომხური სახელმწიფოს შექმნა. კილიკიისკენ საკმაოდ დიდძალი სომხობა დაიძრა კავკასიიდან.

სწორედ ამის შედეგად იქცა "კილიკია" და "სომხეთი" იდენტურ ცნებებად. სომეხთა კილიკიის სახელმწიფომ ყ|ქ ს-მდე იარსება.

სომხურ-ბიზანტიური იდეოლოგიური დაპირისპირების ფრაგმენტები

და ეს მოვლენები უკიდურესად დაძაბული სომხურ-ბიზანტიური ურთიერთობის ფონზე ვითარდება. ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ სარწმუნოებრივი განსხვავების ნიადაგზე აღმოცენებული ურთიერთზიზღი და სამაგიეროს გადახდის სურვილი არც ბიზანტიას და არც სომხებს არ განელებიათ.

1071 წელია. მანასკერტს მისდგომია ალფ-არსლანი... კარგად ხვდებიან კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარზე, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ ბრძოლას. წაგების შემთხვევაში მაჰმადიანური რკალი იკვრება ბიზანტიის წინააღმდეგ. ჰოდა, ასეთ ვითარებაში იმპერატორ რომანოზ დიოგენს ღმერთისათვის უთხოვია - ოღონდ ეს ბრძოლა მომაგებინე და სრულად გავანადგურებ "მწვალებელ" სომეხთა სარწმუნოებასო.

ეს ამბავი სომეხი ბერების ყურამდე მისულა და მათაც არ დაზარებიათ, საპასუხოდ დაეწყევლათ ბიზანტიის იმპერატორი - "ურჯულოს" ბრძოლის ველიდან არ ეღირსოს გამოსვლაო.

სომეხთა წყევლამ უწია რომანოზს - ის თურქ-სელჩუკებს ჩაუვარდა ტყვედ. და იწყება ის ბინძური ორმხრივი ურთიერთობის კასკადი, რომელსაც არც რწმენასთან ჰქონდა საერთო და არც პოლიტიკასთან.

სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაეცი მოგვითხრობს, რომ ბერძენ მიტროპოლიტ მარკოსს განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონია სომხებისადმი. მას თავისი განწყობის გამოსახატად ძაღლისათვის არმენი დაურქმევია. ნებისმიერ ძაღლს არმენს ეძახდა თურმე მიტროპოლიტი.

როცა ყველა გზა საქართველომდე მიდის

ეს ის დამოკიდებულებაა, გამოსავალი რომ არ არსებობს. ორივე მხარე ჩიხშია შესული ასეთი კატეგორიული ტონითა და ერთმანეთის მიმართ დაუფარავი ზიზღიანი განწყობით.

და ამ რეალობაში ისევ ჩნდება სომეხთა სურვილი, გამოსავალის ძიებისა და საცნაურია, რომ სხვადასხვა სპექტრიდან დანახული რეალობა აბსოლუტურად იდენტურია - სომხები ხედავენ, რომ ყველა გზა მათი ხსნისა და კეთილდღეობისა საქართველოსკენ მიდის, სწორედ საქართველომ უნდა ითავოს სომეხთა გათავისუფლება და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

გავა წლები და დავით აღმაშენებელი გაათავისუფლებს ანისს. და ისევ დადგება დღის წესრიგში საკითხი კავკასიური კოზირის რეინკარნაციისა - ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი ერთიანობისა.

ჩაწერა სახელი
მამუკა ნაცვალაძე (12.08.2017)
ბატონო დავით, 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე არის მცდელობა ქართულ სომხური (დიოფიზიტურ-მონოფიზიტური) სარწმუნოებრივი პოზიციების დაახლოებისა... რაც შეეხება 608 წელს, VII ს-ის დასაწყისში საბოლოოდ ხდება ქართული და სომხური სარწმუნოების პოლარიზება.

დავითი (12.08.2017)
"რამდენადაც ქართული და ბიზანტიური სარწმუნოებრივი სივრცე ერთიანი იყო, ეს პოლიტიკა უპირველესად ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ დაპირისპირებას გულისხმობდა. 608 წელს ქართული და სომხური ეკლესიების გზები საბოლოოდ გაიყარა." აქ 508 წელი უნდა იყოს ალბად