რა ბედი ეწია გიორგი მეორეს დავით აღმაშენებლის აღსაყდრების შემდეგ
მამუკა ნაცვალაძე
(27.08.2016)

 იშვიათად თუ შეგვხვდება საქართველოს ისტორიაში ისეთი თარიღი თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით 1089 წელის ტოლფასი რომ იყოს. 1089 წელს დავით აღმაშენებელი აკურთხეს მეფედ - 16 წლის ჭაბუკი, რომლის ზეობამაც საფუძველი ჩაუყარა "ოქროს ხანას" - საუკუნეზე მეტ ხანს რომ გასტანა და დღესაც რომ საამაყოდ რჩება ქართველთა ცნობიერებაში.

1089 წლიდან იწყება ათვლა საქართველოს საამაყო ისტორიისა, თუმცა, საგულისხმოა, რომ მოვლენას, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს აღმავლობას, საკმაოდ ემოციური და ტრაგიკული ფონი ახლდა თან.

სამეფო კარზე დიდი ვნებათაღელვაა - გიორგი ||, საქართველოს იმჟამინდელი მეფე, საკუთარი ნებით იხსნის გვირგვინს და თავზე ადგავს ერთადერთ ვაჟს დავითს.

ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა გიორგი ||. ფაქტია - არ არის იოლად მისაღები ასეთი გადაწყვეტილება, ადამიანურად ძნელია დათმო პირველობა, თუმცა, როცა შვილს ეხება საქმე, ღირსეული გამოსავალია საჭირო - აბა მამა-შვილობაში მამის პირველობა სად გაგონილა? პირველი ხომ მუდამ შვილი უნდა იყოს!

ეს დაუწერელი კანონია და ამ კანონს ერთგულებს საქართველოს ერთგული მეფე გიორგი ||.

მაინც რა ხდება? ვინ ან რამ აიძულა მეფე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება?

როგორ აღმოჩნდა უძლური გიორგი || სელჩუკთა ურდოების წინააღმდეგ

თურქ-სელჩუკთა ურიცხვი ურდოები დაძრწიან საქართველოში. ყველაფერს აოხრებენ - მიწათმოქმედების უძველეს სამშობლოში აღარც თესვაა და აღარც მკაა. ეს კი მოსალოდნელი შიმშილის ქრონიკაა. მოსახლეობაც აყრილა ბარიდან და მთას შეუფარებია თავი.

ამ ფონზე გიორგი || ღირსეულად იქცევა - მოერია შიდააშლილობას, ფეოდალებთან დაპირისპირებისას პირად ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესი დააყენა და სამი განდგომილი, უძლიერესი ფეოდალი დააშოშმინა. მას გაცნობიერებული აქვს - შიდაარეულობა ახლა მხოლოდ მტრის წისქვილზე თუ დაასხავდა წყალს.

მისი დიპლომატიური ალღო საერთაშორისო თვალსაზრისითაც დაფასებულია - ქართველ მეფეთა შორის გიორგი || ერთადერთია, რომელიც ატარებს ყველაზე მაღალ ბიზანტიურ ტიტულს - კესაროსობას, რაც ამ პერიოდისას გახლავთ ფაქტობრივად იმპერატორის (ბასილევს-ავგუსტუსის) მცირე ტიტული. ამ ტიტულს ბიზანტიის იმპერატორი მის უახლოეს ნათესავებს, გამონაკლის შემთხვევაში კი უცხოელ მმართველებს უწყალობებდა ხოლმე.

1080 წელს დაიწყო ის, რასაც ადამიანი ვერ მოერეოდა - დიდი თურქობა. ჯავახეთში, ყველისციხესთან მყოფ მეფეს "დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი" - ეს ქართველი მემატიანის სიტყვებია - ქრისტიან მოღალატეთა წყალობით მოუხერხებია მტერს აჰმად ამირას მეთაურობით გიორგი ||-ის ბანაკამდე მისვლა.

მოულოდნელობის ეფექტი დიდია ყოველთვის და არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი - ქართველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხეს და მთელი ავლა-დიდება სელჩუკებს დაუტოვეს. მეფე სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, ხიფათისგან თავდახსნილმა აჭარის მთებს შეაფარა თავი.

აჰმადი გიორგის აღარ დადევნებია. სელჩუკებს მოუოხრებიათ ასისფორნი და კლარჯეთი ზღვისპირამდე, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, ჭყონდიდი, კლარჯეთისა და არტანუჯის უდაბნოები. ერთ დღეში აუღიათ და გადაუწვავთ ქუთაისი.

ფაქტია, გიორგი || უძლური აღმოჩნდა სელჩუკთა ურდოების წინააღმდეგ, ესეც ხომ ლოგიკურია - არ არსებობდა არც დიპლომატიური ხერხი, არც ძალა, რაც თურქთა ჯგრგოს შეაჩერებდა, მათ ვანდალობას აღკვეცდა.

რატომ აწყობდა მალიქ-შაჰს ქართველთა ხარაჯის გადახდა

და ასეთ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს სამეფო კარზე დაგაწყდა, რომ გამოსავალი ერთია - სელჩუკთა ურდოების თარეშის აღკვეთის სანაცვლოდ ქვეყანამ უნდა იკისროს ხარაჯა და გიორგი || თავად უნდა გაემგზავროს ისპაჰანს მალიქ-შაჰთან ამგვარი შეთავაზებით.

ეს 1083 წელს ხდება. მალიქ-შაჰმა ზავის სათხოვნელად მისული გიორგი დიდი სიხარულით მიიღო - გიორგი ნებით სთავაზობდა იმის გადახდას, რაც მას ბრძოლით უნდა მოეპოვებინა. სელჩუკთა სახელმწიფოც იხეირებდა ამით უფრო მეტად, რამდენადაც ის ნადავლი, რასაც მისი მოლაშქრეები საქართველოში იხვეჭდნენ, ძირითადად მოლაშქრეებსვე რჩებოდათ, სახელმწიფო ხაზინაში მხოლოდ მეხუთედი შედიოდა და ისიც კაცმა არ იცის, რამდენად სწორად იყო აღრიცხული. ქართველთა მეფის მიერ შეთავაზებული ხარაჯა კი სამხედრო ალაფისაგან განსხვავებით მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილება იქნებოდა.

როგორ დაიწყო გიორგი ||-მ მალიქ შაჰთან წინასწარ წაგებული თამაში

მალიქ-შაჰი ცდილობს დიპლომატიურად მოგებულ სიტუაციაში აღმოჩნდეს - მან გიორგი ||-ს ფეშქაშად კახეთი უბოძა. საგულისხმო კი ისაა, რომ კახეთი სელჩუკებს არ ემორჩილება, ანუ მალიქ-შაჰმა გიორგი დაასაჩუქრა იმით, რაც მას არ ეკუთვნოდა, თან ჯარიც გამოატანა, საქმე რომ გაადვილებოდა.

სელჩუკთა მბრძანებლის მზაკვრული ჩანაფიქრი აშკარაა - ის ამ თამაშში წინასწარვეა მოგებული - გიორგი კი წაგებული. ქართველთა მეფე უარს ვერ იტყვის მალიქ-შაჰის შემოთავაზებაზე, არადა, ფაქტია რომ კახეთთან დაპირისპირება ცალსახად ქართველთა დაპირისპირებაა, ძმათამკვლელი ომია, რითაც მოგებული მხოლოდ სელჩუკები თუ იქნებიან.

სწორედ ასე იწყება ალყა ვეჟინის ციხესთან. უფრო მტკივნეულია ის გარემოება, რომ ყველაფერი ეს ოქტომბერში, რთვლობას ხდება.

ვეჟინი სტრატეგიული გზასაყარია - აქედან გზები თბილისისაკენ, თელავსა და ჰერეთისაკენ მიემართება. არ იყო იოლად ასაღები ეს გამაგრებული ადგილი. გიორგი აღსართანს უნდა დაუპირისპირდეს, იმ აღსართანს, რომელთანაც ერთად ფარცხისთან 1074 წელს უკვე მოიპოვა გამარჯვება თურქ-სელჩუკებზე.

როგორ აირიდა გიორგი ||-მ ქართველთა სისხლისღვრა ვეჟინის ალყის მოხსნით

კახეთის მეფე აღსართანს თავი რომ გადაერჩინა, ეახლა მალიქ-შაჰს და ისლამი მიიღო, ამის საპასუხოდ სელჩუკებმა მას კახეთ-ჰერეთი დაუმტკიცეს. ამ სიტუაციაში კარგად გათვალა მოსალოდნელი შედეგები გიორგიმ - მოხსნა ვეჟინს ალყა.

საქართველოს მეფე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ კახეთ-ჰერეთის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველთა დაპირისპირება იყო, რაც საქართველოს იმ დროისათვის არაფერს არგებდა და ნებისმიერი შედეგი რომ მხოლოდ თურქ სელჩუკებისთვის იქნებოდა სასარგებლო.

ამაზე მემატიანე სდუმს, მხოლოდ იმას მიანიშნებს, ზამთარში გიორგის ნადირობა მოესურვა, ამიტომაც ალყა მოხსნა და დასავლეთში აჯამეთის ტყეში გადავიდაო.

ფაქტია, საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს დავითის ისტორიკოსი გიორგი ||-ის ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვა ივრისპირეთისა და კუხეთის აოხრება. დავუშვათ ვერსია - შეიძლება ვუსაყვედუროთ გიორგის, რომ უკონტროლოდ მიატოვა სელჩუკები, მაგრამ ჰქონდა კი ურდოთა რაიმე კონტროლოს მექანიზმი მას? პასუხი ცალსახაა - არც არაფერი.

აქ კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალია საგულისხმო - დავითის იმავე ისტორიკოსს მალიქ-შაჰისადმი გამოკვეთილი სიმპათიები აქვს. აქ მოხსენიებულია სელჩუქთა მბრძანებელი ქრისტიანთა მოსიყვარულედ და უბოროტო, სამართლიან პიროვნებად.

ეჭვგარეშეა, რომ დავითის ისტორიკოსის ეს პოზიცია აშკარად მიანიშნებს მისი თხზულების კონიუქტურულ ხასიათს - მიზანი დავითის განდიდებაა, მისი ნამოღვაწარის აღიარებაა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს წინა მმართველობის, ამ შემთხვევაში გიორგი ||-ის მეფობის დაკნინების ხარჯზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, მეფის განდიდება არ იყო იოლად მისაღწევი ამოცანა, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ დავითი აღმაშენებლად ჩვენამდე მოღწეულ წყაროებში პირველად იხსენიება სიკვდილიდან 327 წლის შემდეგ, 1452 წელს ე. წ. ავშანდაძეების სიგელში.

ამბავი დიდი მიწისძვრისა

მიუხედავად იმისა, რომ ხარკს საქართველო მუდმივად იხდიდა, სელჩუკებმა პირობა არ შეასრულეს და მუდმივად განაგრძობდნენ თარეშს. ამ უბედურების ფონზე კიდევ ერთი უბედურება დაატყდა საქართველოს 1089 წელს. აღდგომა დღეს დიდი მიწისძვრა ხდება.

დაინგრა არაერთი ციხე, მათ შორის თმოგვის ციხე - ცნობილი ფეოდალი კახაბერ ნიანიას ძე ცოლთან ერთად ნანრგრევებში მოყვა. ანალოგიური ბედი ეწია არაერთ ქართველს, რომელთა სახელიც მატიანემ არ შემოგვინახა. კიდევ უფრო გართულდა ისედაც უმძიმესი ვითარება, საქართველო რეალურად აღმოჩნდა პოლიტიკური რუკიდან გაქრობის წინაშე.

ამან უკიდურესად დაძაბა საქართველოში არსებული ფსიქოლოგიური განწყობები - აღარავის ჰქონდა იმედი გიორგისა, ამ ვითარებაში საქართველოს სამეფო კარზე იღებენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას - ტახტზე აჰყავთ 16 წლის დავითი, გიორგის მემკვიდრე.

სწორედ მიწისძვრა უნდა ყოფილიყო ის საკრალური ნიშანი, რომლის შემდეგაც გიორგის საკუთარი შვილის აღსაყდრება უნდა გადაეწყვიტა.

ამბავი დავითის აღსაყდრებისა

რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ გიორგი || მეფობიდან გადააყენეს, თუმცა, ეს ფაქტი წყაროებით არ დასტურდება. გიორგი მეფედ რჩება, ის არ გადამდგარა. მეფის გადადგომის შემთხვევები მრავლად ყოფილა საქართველოში. ასეთ დროს ტრადიციულად გადამდგარი მეფე ბერად აღკვეცება-ხოლმე, რაც გიორგი ||-ის შემთხვევაში არ ხდება. დავითის მამა ბერად არ აღკვეცილა. ის მეფედ რჩება და ცოცხლობს კიდევ 23 წლის განმავლობაში (გარდაიცვალა 1112 წელს).

ამასთან, ყველაზე ნიშანდობლივია ერთი ფაქტი - მიუხედავად იმისა, რომ არ იღებს არანაირ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში, ინარჩუნებს "მეფედ მეფის" ტიტულს.

1089 წლის შემდეგ გიორგი ქართულ წერილობით წყაროებში მხოლოდ ერთხელ იხსენიება რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში, როგორც დავითის მარჯვნივ გვერდით მჯდომი.

ეს ფაქტი კიდევ ერთიო დასტურია იმისა, რომ გიორგი სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი შვილის პოლიტიკის გამზიარებელი და გულშემატკივარი გახლდათ.

როგორ უღალატა გიორგი ||-ს დრომ

უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს მეფის ერთადერთი მოკავშირე დრო და პოლიტიკური ვითარება უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, გიორგის მოკავშირე ვერ გამოდგა დრო, მისი ზეობისას სელჩუკთა ურდოებს სრული კონცენტრირება აქვთ კავკასიაზე.

სამაგიეროდ გაუმართლა დავითს. 1095 წელს კლერმონში ურბან ||-ის მოწოდებით იწყება ჯვაროსნული ლაშქრობები, რომლის მიზანი, ოფიციალური ვერსიით, ქრისტეს საფლავის დახსნაა. სელჩუკთა უზარმაზარი არმია ევროპელ ჯავროსანთა წინააღმდეგ უდიდეს სამხედრო ბატალიებში ჩაერთო.

1099 წლიდან სელჩუკებს საქართველოსთვის აღარ სცალიათ...

სწორედ აქედან იწყება აღმასვლა საქართველოსი. დრო-ჟამი ამჯერად საქართველოს მოკავშირე ხდება...

ჩაწერა სახელი