თამთა ჩაჩანიძე
(10.03.2023)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პროტესტი „მაიდანს ახსენებს", ხოლო პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი კი წერს, რომ „2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, ეგრევე თბილისს დაარტყამენ". როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, კრემლი იმედგაცრუებული და გულაცრუებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება მოინდომონ კიდეც, საზოგადოება ამას არ უშვებს და პროცესს აკონტროლებს. ეს რა თქმა უნდა მოსკოვში ფრუსტრაციას იწვევს. თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, რუსებისთვის პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა, რომ მომავალ წელს პუტინს ამომრჩევლებისთვის სათქმელი ჰქონოდა, რომ სამაგიეროდ საქართველო „დავიბრუნეთო". ეს მათთვის სერიოზული პრიზი იქნებოდა, მაგრამ ეს სცენარიც მათთვის კარგად არ მიდის," - განაცხადა მან.

კითხვაზე აქვს თუ არა რუსეთს ახლა იმის რესურსი, რომ თუნდაც მარგარიტა სიმონისნის სცენარი გაიმეორონ, კაკაჩიამ პასუხობს, რომ „ამის თავი არა აქვთ".

„რესურსებს რაც შეეხება, ახლა ამის თავი არ აქვთ, მით უმეტეს უკრაინის ომის პირობებში. უბრალოდ ესაა საზოგადოებრივი ზეწოლა, რათა პრორუსული ჯგუფები წააქეზონ. პროდასავლურ საოგადოებას სწორედ ამით აშინებენ, რომ თუ თქვენ ამ ხელისუფლებას შეცვლით, შესაძლოა მერე რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბოს. პრინციპში ამას საქართველოს ხელისუფლებაც ამბობს. რუსეთისთვის საქართველოს არცერთი ხელისუფლება არაა მისაღები, მაგრამ არჩევნებით რომ ხელისუფლება შეიცვალოს და პროდასავლური მოვიდეს, ბუნებრივია, მოსკოვისთვის მისაღები არ იქნება", - განაცხადა კაკაჩიამ.

კრემლის პროპაგანდისტი მარგაიტა სიმონიანი თბილისის აქციებს „ტელეგრამზე" ეხმიანება:

„თბილისში მომიტინგეები ყვირიან: „სოხუმი! სოხუმი!" სინამდვილეში, თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.

მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრის, დაუვიწყარი სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც, სხვათაშორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვითონ იქამდე იცოცხლოს, მაგრამ მე აუცილებლად ვნახავ, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად), მათ [ამერიკელებს] აღარ დარჩათ კრემლოლოგები, ვერავინ უკარნახებს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს და არავინ გაგზავნის იქ ჯარს, უბრალოდ ეგრევე გლიჯავენ თბილისს, საქმეში დიდად გარკვევის გარეშე, თუნდაც იმიტომ, რომ:

1. ახლა სენტიმენტების დრო არაა,

2. თბილისში არ არის კიევ-პეჩერსკის ლავრა.

3. ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობს, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხია და რომ რუსეთის ფედერაციას ოდესმე „თბილისის რუსეთი" ეწოდებოდა.

ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და მისი მცხოვრებების ტემპერამენტი. რადგან თავად არ ინდობენ თავებს," - წერს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.

„საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები კიევის მაიდანს მოგვაგონებს და ევროკავშირის მხრიდან შეფასებები, აშკარად თვალთმაქცურია," - ამის შესახებ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას მთელი ბიუჯეტის 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო იმისთვის, რომ დაწყებულიყო, ზოგადად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა", - აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე