ელზა პაპოშვილი
(01.08.2022)

ცხვარიჭამიაში, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.  7 ბრალდებული, რომელთა ნაწილს ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ბრალს არ ეთანხმება. აღიარებითი ჩვენება მხოლოდ  დავით ჯიჯეიშვილმა მისცა, რომელმაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვდლოდ დაჭრა. 

მომხდარის შესახებ კი გამოძიებას ჩვენებას ოქროს მოწმე აძლევს. იუბილარის და, ნანა არაბული ჩვენებაში ყვება, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოკლული მირიან კუკავა და მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯიეიშვილი:

„როდესაც მე გარეთ გავედი ეზოდან, ქუჩაში, ჭიშკრიდან დაახლოებით, 3-4 მეტრში იმყოფებოდა მხოლოდ მირიან კუკავა და დავით ჯიჯეიშვილი, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ და ხელით ეხებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მათ გარდა სხვა არავინ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეზო განათებულია და ქუჩაც რაღაც დონემდეა, მე ვერ დავინახე რომელიმე მათგანს ხელში ეჭირა თუ არა, რაიმე სახის საგანი ან ნივთი. მე მაშინვე ჩავერიე და დავიწყე მირიანის და დათოს გაშველება, რა დროსაც წავიქეცი. როდესაც ავდექი დავინახე, რომ მირიანი იყო წაქცეული, ჰქონდა ჭრილობა მუცლის არეში და მოსდიოდა სისხლი. ასევე მე იმ მომენტში, ვერ შევამჩნიე, თუ სად წავიდა, მირიან ჯიჯეიშვილი. ასევე არ დამინახავს ის მომენტი, თუ რა დროს მიაყენა აღნიშნული დაზიანება დათომ მირიან ან რითი მიაყენა", - წერია ოქროს მოწმის ჩვენებაში.

მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩვენებები სასამართლოზე  ბრალდებულებმაც მისცეს.  

ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბაზაძე აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სასწრაფოში დარეკა.

„იმ მომენტისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ყველანაირი ინფორმაცია გავეცი. ჩემი მიზანი არ იყო არავისთვის ხელის დაფარება, ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა. ასევე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა სასწრაფოში დარეკვა,“ - თქვა ნიკოლოზ ბაზაძემ. 

ხულიგნობის ბრალდებას უარყოფს გიორგი ხორავაც:

„იგივენაირად ვწუხვარ, ნერვიულობის გამო კლინიკაში მომიწია გადაყვანა, ძალიან მძიმედ გადავიტანე. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდით და ასე კონკრეტულად ფაქტებს ვერ გავიხსენებ. ამ ხელის გაკვრის შემდეგ ხელი მომხვდა სახეში, რის მერეც მე არანაირი რეაგირება არ მქონია. ქეთი არაბულის დედა რომ დავინახე შუაში, ყველანაირად ვცდილობდი, რომ იქ სიტუაცია ჩაწყნარებულიყო. დამშვიდდა კიდეც სიტუაცია,“ - თქვა მან.   

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატებიც, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მოსამართლის გადაწყვეტილება გასაგებია. ჯიჯეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს.

„დავით ჯიჯიეიშვილი დედის თანხლებით, ნებაყოფლობით, აღიარებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, გულწრფელად ინანიებს მას. დღეს იმის ილუზია არ ჰქონია მას, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არც უკითხავს,“ - აცხადებს გიორგი გვაჯაია.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე