ელზა პაპოშვილი
(21.06.2022)

სისხლიაანი გარჩევა და მკვლელობა ფულის გამო - გლდანის ხევში 29 წლის კახა მახარაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივი „რეზონანსისთვის“  ცნობილი ხდება. სასტიკი დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. მახარაძე საკუთარმა ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა და 3 პირთან ერთად სასტიკად გაუსწორდა. თუმცა მან მოკვლამდე ცეხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, რა დროსაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. ის ახლა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. 

მახარაძის ნათესავი და მისი კიდევ ერთი მეგობარი დაკავებულები არიან. მათ მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.    

„რეზონანსს“ მოკლული მამაკაცის ახლობლები მომხდარის დეტალებს უყვებიან და ამბობენ, რომ ნათესავებს შორის დაპირისპირება ადრე ფულის გამო დაიწყო. საქმე კი 30 000 ლარს ეხება, რომელიც მოკლულის ნათესავის სახლიდან დაიკარგა. ნათესავები ფულის მოპარვას გარდაცვლილს აბრალებდნენ, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა. 

სწორედ ანგარიშწორების მიზნით ნათესავი მახარაძეს 3 მეგობართან ერთად სახლში აკითხავს და ის  ვითომ სალაპარაკოდ გარეთ გამოჰყავს. მას სამი პირი მოულოდნელად თავს ესხმსი და მის ცემას იწყებენ. თავად ნათესავი კი ამ ფაქტს თვალს ავტომობილიდან ადევნებს. სწორედ ამ დროს მოხდა მახარაძის მხრიდან გასროლა, რა დროსაც დავით მინასოვი, მეტსახელად ბალუ დაიჭრა.     

მახარაძის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულებმა დანაშაულის იარაღი და სისხლიანი ტანსაცმელი გადაყარეს. მტკიცებულებების განადგურება მოკლულის ნათესავმა სცადა, თუმცა გამოძიებამ მთავარი მტკიცებულებები ნაგვის ურნიდან ამოიღო. სავარაუდოდ, კამერებმა ჩაიწერეს, როგორ ცდილობდნენ ბრალდებულები მძიმე დანაშაულისგან თავის დახსნას.

„კახას ნათესავი ედავებოდა, რომ მისი სახლიდან ფული დაიკარგა და მან მოიპარა. კახა ამ ფაქტს კატეგორულად უარყოფდა და ნათესავებთან ურთიერთობა ამის გამო ძალიან დაეძაბა. ბიძაშვილები არიან და სახლიდან 30 000 ლარის მოპარვას აბრალებდნენ. წლების  განმავლობაში ამის გამო ურთიერთობა არ ჰქონდათ.  ამიტომ ერთ-ერთმა მისმა ნათესავმა გადაწვიტა, რომ კახასთვის  ჭკუა უნდა  ესწავლებინა. მას სახლთან 3 მეგობართან ერთად მიაკითხვა. დაურეკა და უთხრა - სალაპარაკო მაქვსო. დაბლა ჩამოსულს კი კორპუსთან თავს დაესხნენ და მისი ხელკეტებით და ბიტებით ცემა დაიწყეს. მან თავდაცვის მიზნით იარაღიდან გასროლა მოასწრო, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. 

„როგორც თავად ბრალდებულები ამტკიცებენ, მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონდათ და მხოლოდ ცემა უნდოდათ, თუმცა შემოაკვდათ. დაჭრილმა ბალუმ ის დანით დაჩეხა. თავად კი გულის არეში დაიჭრა“, - უყვება გამოცემას გარდაცვლილის ნათესავი.   

გამოძიებას აქვს ბრალდებულების  ჩვენებები, სადაც ისინი მკვლელად დაჭრილ მინასოვს ასახელებენ. მაგალითად, 18 წლის ბრალდებული  შალვა ჭამიაშვილის ჩვენების მიხედვით, მინასოვმა მახარაძეს დანით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

„კახა მახარაძეს მინასოვმა არაფრის თქმა არ აცალა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში და ისიც მაშინვე წაიქცა. წამიერად ატყდა სროლა. მოჩხუბრებს კახა მახარაძეს და დავით მინასოვს ჩავურბინე გვერდით, რა დროსაც დავინახე წაქცეულ კახა მახარაძეს როგორ ურტყამდა დანას ფეხზე მდგომი დავით მინასოვი.... 

„დავით მინასოვს სისხლიანი დანა ეჭირა ხელში და იძახდა, დავჩეხეო. ასევე თავადვე თქვა, რომ დაჭრილი იყო და ხელს იკიდებდა გულის მხარეს. მანქანაში იყო პანიკური სიტუაცია, მძღოლმა სწრაფად გაგვარიდა შემთხვევის ადგილიდან,“ - აღნიშნულია  შალვა ჭამიაშვილის ჩვენებაში.  

ბრალდებული მინასოვი  უგონო მდგომარეობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დაჭრილ ბრალდებულთან მის ადვოკატს კომუნიკაცია ჯერ არ ქონია.

წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. 

პროკურორ გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„საქმეზე წარმოდგენილი იყო მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ჩხრეკის, ამოღების და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმები და ეს საკმარისი არის იმისთვის, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს აღნიშნული ქმედება. მკვლელობაში ბრალდებული პირი ამჟამად უგონო მდგომარეობაშია და მოთავსებულია საავადმყოფოში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მომავალი კვალიფიკაცია ვნახოთ რა იქნება. მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში,“ - აცხადებს პროკურორი. 

გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაკავებულებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე