ელზა პაპოშვილი
(20.06.2022)

„რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი  ექიმზე, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს. ყველაფერი კი სანზონაში მაშინ დაიწყო, როცა მეზობლები ექიმის სახლიდან გამოსულმა ცუდმმა სუნმა შეაწუხა. ისინი ქალბატონთან  კომუნიკაციას ცდილობდნენ, თუმცა ექიმი მათ კარს არ უღებდა და ემალებოდა. ამის შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს, რომლმაც კარი ძალის გამოყენებით შეამტვრია და სახლში  წარმოუდგენელი სურათი დახვდა - ბინაში გახრწნილი ხორცი, სისხლი და ფეკალიები იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისმხობს. მედიკოსის სახლიდან ამოღებულ ხორცს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. 

მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ სუნი ერთი თვის  განმავლობაში აწუხებდა. ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნიც გამძაფრდა. მათი ინფორმაციით, პოლიციამ სახლიდან დამპალი, გახრწნილი და ჭიებიანი ხორცი ამოიღო. მაცივარში კი ფეკალიები და სისხლი იპოვეს. 

„ამ ქალს ასე კარგად არ ვიცინობთ. კორპუსში ახალი გადმოსულია. მეზობლებთან  არ კონტაქტობს.  მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ვცადეთ, როცა კორპუსში რაღაცეები კეთდებოდა და თანხა გროვდებოდა. იმალებოდა და კარს არავის უღებდა. სუნი ერთი თვეა, რაც გვაწუხებს. აი, გახრწნილი და  გაუბედურებული ხორცის  სუნი. კარზე ვუკაკუნებდით და არაფრით არ აღებდა. სამსახურში ჩუმად დაიპარებოდა. ავდექით და პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციამ თავიდან კარზე უკანუნა, მაგრამ არ გააღო, მერე ძალის გამოყენებით კარგი სამართალდამცველებმა გააღეს. სახლში შესულებმა გახრწნილი ხორცი იპოვეს.  უკვე ჭიები ჰქონდა დასეული.  ასე 10 კილო იქნებოდა. ზოგი კუხნაში ჰქონდა, ზოგი აბაზანაში და ზოგიც მაცივარში. მაცივარში ასევე  სისხლი და ფეკალიები ნახეს. რომ ჰკითხეს, ეს რა არისო, გამიფუჭდაო და ვეღარ გადავყარეო. სხვა არაფერს არ ამბობს. მერე მისი ძმა გამოიძახეს და ის დას იცავდა, აქეთ ჩხუბი დაიწყო. სადღაც 44  წლამდე ქალია. სახლში მარტო ცხოვრობს და რაც გავიგეთ, ძმა ჰყოლია. სხვა არაფერი არ ვიცით, არ გვეკონტაქტება“, - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

ძმა კი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ამბობს, რომ მეზობლები ცრუობენ და  მის დას ცილს წამებენ. პოლიციაც სრულიად არაფრისთვის გამოიძახეს. ამტკიცებს, რომ ბინაში კანალიზაცია იყო დაზიანებული და ცუდი სუნიც ამიტომ გამოდიოდა.   

„კანალიზაცია და მაცივარი იყო გაფუჭებული, რამაც ეს სუნი გამოიწვია. პოლიციამ დაზიანებული პროდუქტი რაც იყო, ის წაიღო. როგორც ჩემმა დამ ახსნა, უბრალოდ გადაყრა ვეღარ მოასწრო. და ახლა ჩამთანაა, რადგან ბინა პოლიციამ დალუქა და საგამოძიებო მოქმედებები მიდის. გამოძიების დასრულების შემდეგ კომენტარს ჩემი დაც გააკეთებს. ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მათ პასუხს დაველოდები. კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ“, - ამბობს ექიმის ძმა. 

ქალი მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მოქმედი ექმია. ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. კლინიკაში ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელიან, მანამდე კი ქალისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არანაირი საფუძველი არ არსებობს. კლინიკაში ქალს კოლეგები დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მას წლებია იცნობენ. მათთვის წარმოუდგენელი ბრალდებაა, რომლსაც მას მეზობლები უყენებენ.   

„ძალიან კარგი გოგოა, წარმოდგენა არ გვაქვს, ეს რატომ მოუგონეს. წლებია აქ ჩვენს თვალწინ მუშაობს. ზედმეტი არავისთვის  უკადრებია  ყველა პაციენტი ემადლობლება. როგორც თავად ამბობს, მაცივარი და  კანალიზაცია გაუფუჭდა. ვეღარ მოახერხა, რომ ხელოსანი გამოეძახა, რამაც პროდუქტის გაფუჭება გამოიწვია. ეს მეზობლები რას ბოდავენ და რა მოიგონეს, კაცმა არ იცის. პოლიცია ხომ დაადგენს, რომ ესენი სისულელეს საუბრობენ?!“ - ამბობს ქალის  კოლეგა „რეზონანსთან“.        

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე