ელზა პაპოშვილი
(19.06.2022)

უბედური შემთხვევა კახეთში - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში 9 წლის მოზარდი დამხრჩვალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შემთხვევა 17 ივნისს, საღამოს 9 საათზე მოხდა. მათი ინფორმაციით, ბიჭი მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც ძლიერმა წვიმამ მოუსწრო. ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ წვიმისა და ქარის გამო ბავშვი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც ძლიერი დინება იყო და ამოსვლა ვეღარ შეძლო. მეზობლებმა და ახლობლებმა ბავშვი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სწორედ სანიაღვრე არხში გარდაცვლილი იპოვეს.

„საშინელი ფაქტი მოხდა. ზუსტად არავინ იცის, როგორ დაიღუპა ბავშვი, მაგრამ ვარაუდი არსებობს, რომ, წვიმისა და ქარის ამოვარდნის შემდეგ, მაღაზიაში მიმავალი ბავშვი სანიაღვრე არხში ჩავარდა და დაიხრჩო. 

„მაღაზიაში რაღაცების საყიდლად წასულა. მოულოდნელად ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა. შესაძლოა, შეეშინდა და სახლში გამოიქცა, თუმცა ფეხი აუცდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. სავარაუდოდ, წყლის ძლიერი დინების შედეგად ის წყალმა გაიტაცა და დაიხრჩო. 

„მშობლები ბავშვის მოსაძებნად მალევე გამოვიდნენ, მაგრამ ვერსად ნახეს, მოგვიანებით კი იქვე, არხში დამხრჩვალი იპოვეს. სხვა რა უნდა მომხდარიყო, არ ვიცით. ერთ-ერთი ვერსია ესაა. ალბათ, ექსპერტიზის შემდეგ პასუხი ზუსტად იქნება ცნობილი“, - აცახდებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

წნორში მერის წარმომადგენელი თამაზ მათეშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ,   წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სანიაღვრე არხში დაიხრჩო, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა და მოვლენები როგორ განვითარდა, ამას გამოძიება დაადგენს. ასევე გარდაცვალების მიზეზი ექსპერიზის პასუხიდან გახდება ცნობილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე