რეზონანსი
(17.04.2022)

გასულ შაბათს, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1%-ს ჩამოცდა. ზოგადად აპრილი კოვიდ სტატისტიკა მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, 17 აპრილის მონაცემებით დადასტურებულია 115 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 272 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3. ეს ყველაფერი ეპიდემიის დასრულეაზე მიუთითებს და სპეციალისტები უკვე ასახელებენ სავარაუდო ვადას, თუ რამდენ ხანში გამოცხადდება ოფიციალურად ეპიდემია დასრულებულად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მედიკამენტი „პაქსლოვიდია“, რომლის ეფექტურობაც 90%-ია.

„ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის დინამიკა შემცირებისკენ მიდის. 16 აპრილის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებლი, დიდი ხნის განმავლობაში პირველად ჩამოცდა 1%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა პარასკევს 23 ათასამდე იყო, დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი გვაქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორზე და ტვრითვა პრაქტიკულად უკვე მინიმალურია.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 100-სა და 300-ს შორის. ყველა ინდიკატორი არის გაუმჯობესებული. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს. საავადმყოფოებში დღეს წევს მხოლოდ 340 პაციენტი“, - აცხადებს გამყრელიძე.

თუმცა, მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია („ჯანმო“) პანდემიის დასრულების გამოცხადების საკითზე მაინც ფრთხილობს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფრთხილად უდგება ამ საკითხს. საუბრობენ, რომ დიახ, შესაძლებელია ეს წელს იყოს. ასევე მყარად საუბრობენ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულებულად მიიჩნიონ, თუმცა ჯერ არ ჩქარობენ პანდემიის დასრულების გამოცხადებას. 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ წელს „ჯანმო“ პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ვფიქრობ, ვირუსის ცირკულაცია ძირითადად გადავა სეზონურ ანუ ენდემურ რეჟიმში, როდესაც როგორც გრიპოზული ინფექცია, წლის გარკვეულ პერიოდში გვექნება და დაგვჭირდება პრევენციული აცრები, ისევე, როგორც გრიპის საწინააღმდეგოდ გვჭირდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდსიტუაცია და ხელი შევუწყოთ ვირუსის დასრულებას, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზეც, რომელიც სააღდგომოდ მოსახლეობამ უნდა დაიცვას.

„დახურულ სივრცეებში აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება. არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას და არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პანდემია გამოცხადება დასრულებულად, როდესაც ზედიზედ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ინფიცირების არცერთი მაჩვენებელი არ იარსებებს.

„პანდემია დასრულდება მაშინ, როდესაც  ინფიცირების რაოდენობა არ იქნება, რადგან ნებისმიერ ერთ პაცინეტს შეუძლია 10 ადამიანი დააინფიციროს. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ ერთი ინფიცირების მაჩვენებელია და პანდემია დასრულდა, არასწორია. შესაძლოა თავიდან არ გამოცხადდეს პანდემია, როდესაც ერთი ან ორი პაციენტი დაფიქსირდა, მაგრად, როდესაც პანდემია იყო და დასასრულისკენ მიდის, მაშინ აუცილებლად არცერთი ინფიცირების მაჩვენებლი არ  გვქონდეს.

„პანდემიის დასრულება არ არის დამოკიდებული სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, აქ საუბარია ვირუსის გადადებაზე და არა სიკვდილიანობაზე. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ უნდა გამოვლინდეს, შემდეგ კი პანდემია დასრულდება. თუ ამ დროის განმავლობაში 2-3 ინფიცირება ამოვარდა, არაუშავს. 

„დასრულების ზუსტ თარიღს ვერავინ იტყვის, რადგან შესაძლოა დასრულებული გვეგონოს, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ერთეული ინფიცირება გამოვლინდეს. პანდემია დასრულდება, როდესაც პაციენტი არ იარსებებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ნინო შატბერაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე