თამთა ჩაჩანიძე
(17.04.2022)

უკვე ერთი კვირაა საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს, ფარმაცევტი კი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან" სამ ყველაზე იაფ და ხარისხიან წამალს შესთავაზებს. სისტემა პრაქტიკაში უკვე ხორციელდება და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში რეცეპტის გამომწერ ექიმს და აფთიაქს ფულადი ჯარიმა ეკისრება. პაციენტებს რაც შეეხება, ექიმების თქმით, მათი მხრიდან ჯერჯერობით რაიმე უკუკავშირი ამ რეგულაციის მიმართ არ ყოფილა.

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება. ცვლილების მიხედვით, ექიმი დანიშნულებაში მხოლოდ გენერიკულ დასახელებას მიუთითებს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან", სამ ყველაზე იაფ და ხარისხიან მედიკამენტს შესთავაზებს.

მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება და მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

რა შეიცვალა რეალურად

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეცეპტი, რომელიც ექიმის მიერ იქნა გამოწერილი, საერთო სისტემაშია და თუ პაციენტისთვის კონკრეტულ აფთიაქში ფასი, ან მწარმოებელი კომპანია სასურველი არ იყო, შეუძლია სხვა აფთიაქს მიმართოს.

„ამ რეგულაციამდე ექიმი პაციენტს სამკურნალო საშუალებას უწერდა და კონკრეტულ ბრენდს უთითებდა. ამ ბრენდული დასახელების შეცვლის უფლება ფარმაცეპტს, როგორც წესი, უმეტეს შეთხვევაში არ ჰქონდა. თვითონ პაციენტსაც აუცილებლად იგივე ბრენდული დასახელებით უნდა შეეძინა, რომელიც გამოწერილი ჰქონდა.

„ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ პაციენტს, შესაძლოა მაღალი ღირებულების გამო, სამკურნალო საშუალება ვერ შეეძინა, ან ძალიან მაღალი თანხის გადახდა უწევდა, მაშინ როდესაც სააფთიაქო ქსელში იგივე შემადგენლობის და ზოგჯერ თუნდაც იგივე ქვეყნის წაროებული სამკურნალო საშუალება არის

„11 აპრილიდან კი ექიმი ვალდებულია, რომ მხოლოდ გენერიკული დასახელების წამალი გამოწეროს. გენერიკული დასახელება ეს საერთაშორისო არაპატენტირებულ დასახელებას ნიშნავს.

„რაც შეეხება ფარმაცეპტს, რომელიც პაციენტს აფთიაქში ხვდება, მან ელექტრონული სისტემის საშუალებით პაციენტზე გამოწერილი რეცეპტი უნდა ნახოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების პოზიტიური სიიდან სამი ყველაზე იაფი და ხარისხიანი მედიკამენტი შესთავაზოს. მოქალაქეს უკვე არჩევის საშუალება აქვს, რომ გადაწყვიტოს რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების სამკურნალო სასუალება შეიძინოს.

„ყველა პაციანტს აქვს იმის უფლება, რომ აფთიაქში სრული ინფორმაცია მოითხოვოს, მან უკვე იცის, თუ რა წამალი აქვს გამოწერილი, მაგრამ ამის პარალელურად შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს აფთიაქში სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი და ფასები. თუ ფასი ან მწარმოებელი კომპანია პაციენტისთვის მისაღები არაა, მას შეუძლია სხვა აფთიაქსაც მიმართოს, რადგან რეცეპტი, რომელიც ექიმის მიერ ელექტრონულად გამოიწერა, სისტემაშია და ყველა აფთიაქი თანაბრად ხედავს", - განაცხადა შაშიაშვილმა.

კონტროლი და სანქციები

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება აფთიაქის გაკონტროლება, ნანა შაშიაშვილი გვეუბნება, რომ რეცეპტის გაცემა ელექტრონულია და თუ რეგულაცია დაირღვა, აფთიაქი ჯარიმდება.

„ელექტრონულად გამოწერილ რეცეპტებთან დაკავშირებით აფთიაქი კონტროლდება, თუ ამ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოწერილია, რამდენად გასცემს. იმ შემთხვევაში, თუ რეცეპტის გარეშე სამკურნალო საშუალების გაცემის ფაქტი დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში აფთიაქი ჯარიმდება - პირველ შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, მეორე შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

„ეს სანქციები გათვალისწინებულია წამლის და ფარმაცეპტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დგება, ეგზავნება სასამსართლოს და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის დაკისრების თაობაზე," - განაცხადა შაშიაშვილმა.

რა არის გენერიკი

მან ისაუბრა იმაზეც თუ რა განსხვავებაა ბრენდებსა და გენერიკ მედიკამენტებს შორის.

„სამკურნალო საშუალება, წამალი, თავიდან ქიმიური მოლეკულაა, რომელიც ხანგრძლივ დაკვირვების და გამოცდის პროცესს გადის. როდესაც ის დადასტურდება, როგორც სამკურნალო ნივთიერება, თავდაპირველად მათზე პატენტი გაიცემა. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში პატეტი სპონსორს ეკუთვნის და ამ პერიოდში არავის არ აქვს უფლება ბაზარზე იგივე წამალი გამოიტანოს.

„შემდეგ მოლეკულა საყოველთაო ხდება და მისი გამოშვება ნებისმიერს შეუძლია. ამასთან, მწარმოებელს ეძლევა უფლება, რომ წამალს მათ მიერ შერჩეული სახელი დაარქვას. ზოგიერთ შემთხვევაში კი მწარმოებელი თავისივე დასახელებას ტოვებს. ამიტომაა, რომ ერთი და იგივე მოქმედი ნივთიერებით ბაზარზე განსხვავებული დასახელების სამკურნალო საშუალებებია.

„გამონაკლისი შემთხვევებიც გვაქვს, რა დროსაც კომბინირებული საშუალებებია. მათში აქტიური ნივთიერების რამდენიმე კომპონენტი შედის. გამონაკლის წარმოადგენს ასევე ვიწროთერაპიული ინდექსის სამკურნალო საშუალებები და პროგრამულად განკუთვნილი სამკურნალო საშუალებები.

„ბაზარზე გვაქვს ურეცეპტოდ და რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებები, ურეცეპროდ გასაცემ სამკურნალო საშუალებების რაოდენობა საკაოდ ბევრია. ელექტრონული რეცეპტებისა და გენერიკების სისტემა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით გამოსაწერ სამკურნალო საშუალებებს ეხება.

„სამკურნნალო საშუალებების ნაწილი რეცეპტით გაიცემა, მაგრამ გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია აფთიაქიდან ის მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული და მთავრობის დადგენილებითაა დამტკიცებული, გადაუდებელ შემთხვევფაში რეცეპტის გარეშე მიიღოს. ამაში შედის სხვადასხვა ჯგუფის საკურნალო საშუალებები და განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტს გადაუდებლად მედიკამენტური მკურნალობა გაეწიოს. ეს რეალურად იმგვარ მედიკამენტებზეა, რომლებიც ჩვეულებრივ სტანდარტულ შემთხვევაში რეცეპტს საჭიროებს, მაგრამ გადაუდებელ შემთხვევაში შეუძლია რეცეპტის გარეშე მიიღოს.

„ეს ცვლილება ფარმაცეპტულ სექტორში მიმდინარე რეფორმის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია, რეალურად რეფორმა რამდენიმე ტიპის მიმართულებას მოიცავს, ყველა მათგანი მიმართულია ფარმაცეპტული სფეროს გამჭვირვალობისკენ, იაფი და ამავდროულად ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომოსბისკენ და კონკურენტული ფარმაცეპტული ბაზრის ჩამოყალიბებისკენ,ნაწილი ღონისძიებებისა უკვე განხორცეილდა, ნაწილი უახლოეს პერიოდში იგეგმება,"- განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.

როგორ ხდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში

რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი ნათია შავგულიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია პრაქტიკაში უკვე აქტიურად ხორციელდება. ჯერჯერობით ექიმების მხრიდან რეგულაციების დარღვევის ფაქტები არ ყოფილა, თუმცა, თუ დაფიქსირდა, შესაძლოა ექიმს საჯარიმო სანქციებიც დაეკისროს.

„ახალი ისაა, რომ უკვე სავალდებულო ხდება ოფიციალურ რეცეპტულ ბაზაში მედიკამენტი გამოიწეროს არა ბრენდული სახელით, არამედ მთავარი მოქმედი ნივთიერება იყოს მითითებული. მეორენაირად ამას გენერიული დასახელების მედიკამენტებს უწოდებენ. შესაბამისად, პაციენტებს უკვე ხელთ ძირითადი მოქმედი ნივთიერების დასახელება აქვთ და აფთიაქში აფთიაქში შესაბამის მდეიკამენტს უკვე თავად შეარჩევს.

„რამდენიმე დღეა ამ სისტემაზე უკვე აქტიურად გადავედით. უკვე ჩვეულებრივად მოქმედი ნივთიერების სახელწოდებებს ვწერთ. მეორე ჯგუფის რეცეპტული მედიკამენტები რაც მოიაზრება, უკვე ამ სისტემაზე ვართ გადასულები და პრაქტიკულად ვახორციელებთ. პაციენტის მხრიდან შეზღუდვა არაა, რომ შეიძინოს ის, რაც მას სურს, თუნდაც შეთავაზებულში არ შედიოდეს", - განაცხადა ექიმმა.

ამბობს, რომ თუ ექიმმა აღნიშნული რეგულაცია არ შეასრულა შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს.

„მსგვსი შემთხვევა, რაც დავიწყეთ არ გვქონია. ქცევის პროტოკოლი მოწოდებულია და პირნათლად მივყვებით. მაგრამ, როგორც ვიცით, შესაძლოა საჯარიმო სანქციებიც იყოს.

„ამ რეგულაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე უარყოფითი უკუკავშირი ჯერჯერობით არ გვქონია. ეს ახლად დაწყებული პროექტია და ჯერჯერობით რაიმე უკმაყოფილება, ან რაიმე დისკომფორტს ადგილი არ ჰქონია, ჩვენც პრაქტიკაში ვაკვირდებით.

„ეს მიდგომა დასავლეთის ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია, იქ ყველა ამ სისტემით სარგებლობს და საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება. ჩემი აზრით ეს ყველაფერი პაციენტების სასარგებლოდ გადაიხრება. ფარმაცეპტულ კომპანიებს შორის სხვა სახის კონკურენცია წამოვა და პაციენტის კომფორტზე, ნაკლებ დანახარჯზე და მეტ სარგებელზე იქნება მორგებული", - განაცხადა ნათია შავგულიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე