ელზა პაპოშვილი
(07.04.2022)

უკრაინელი ქალი ამბობს, რომ 2022 წლის იანვარში, ბათუმში, ძველით ახალი წლის ღამეს გააუპატიურეს. ის დაახლოებით ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს და დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ის ამტკიცებს, რომ მისმა მეზობელმა სახლში დაპატიჟა, სადაც მისი შვილი და მეგობრები იყვნენ. ღამის საათებში კი ქალი სახლიდან წავიდა. მისმა შვილმა და კიდევ ერთმა მამაკაცმა გააუპატიურეს. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ გონების დაკარგვის შემდეგ მასზე სხვებმაც იძალადეს. ქალი ამბობს, რომ მეორე დღეს პოლიციას მიმართა, გამოძიება დაიწყო, მაგრამ დღემდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. 

ქალის ბრალდებებს მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ ქალი ტყუილს ამბობს, რადგანაც მასზე არავის უძალადია, მითუმეტეს სახლში. მეზობლები უბანში ქეიფობდნენ და ქალიც იქ მიიპატიჟეს. შემდეგ კი მეზობელთან ერთად სასტუმროში წავიდა. პოლიციას ამის დამამტკიცებელი კადრებიც ამოღებული აქვს, რომ ის გამთენიისას ამ მამაკაცთან ერთად სასტუმროს ტოვებს.  

ამ თემაზე  პრესკონფერენცია „საფარმა" გამართა. ბაია პატარაია ამბობს, რომ ქალი ძველით ახალი წლის აღსანიშნავად იმყოფებოდა, მიაღებინეს მისთვის უცნობი ნივთიერება, გადაიყვანეს სხვა ადგილას, ამ მომენტიდან კი მას მომხდარი დეტალურად აღარ ახსოვს.

„ფრაგმენტულად ახსოვს გაუპატიურების მომენტები, ისიც არ იცის ერთი ადამიანი იყო თუ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა გაუპატიურებაში. როდესაც აზრზე მოვიდა, იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს, 16-ში მიმართა პოლიციას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დღემდე არ აქვს ამ ქალს დაზარალებულის სტატუსი", - ამბობს პატარაია. 

დაზარალებული ქალი "საფართან" ყვება, რომ მეორედ გამოკითხვის დროს არ ჰყავდა თარჯიმანი და არ იცის რას მოაწერა ხელი, რადგან ტექსტი ქართულად იყო შედგენილი. იმის გამო რომ მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს "საფარს" არ აქვს საშუალება გამოძიების მასალებს გაეცნოს.  ქალი ამბობს, რომ ხშირად ხედავს იმ მოძალადეს, რომლის ამოცნობაც შეუძლია და საქმეში შემაკავებელი ორდერიც არ არსებობს. 

„ქალს აქვს შიში, როდესაც ხედავს ამ მოძალადეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება და მის საცხოვრებელთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს. ეს დამოკიდებულება სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალების მიმართ არაფერი არაა, თუ არა დისკრიმინაცია", - ამბობს ის.

"საფარში" ამბობენ, რომ 3 კვირის წინ ოფიციალურად მოითხოვეს ქალის დაზარალებულად ცნობა, თუმცა პასუხი არ აქვთ.     

უკრაინელი ქალის შესაძლო გაუპატიურების საქმე - უცხო ქვეყნის მოქალაქის ბრალდებებს საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი  უარყოფს. კაცი მომხდარის შესახებ არ საუბრობს და მეტი დეტალის გასარკვევად მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამისამართებს. 

მისი თქმით, 14 იანვარს ქეიფი არა სახლში, არამედ ეზოში მიმდინარეობდა, რომლის შემდგომაც უკრაინელი ქალი ვინმე ლაშას სასტუმროში წაყვა. 

„ქეიფი მიდიოდა ეზოში. რაში გაინტერესებთ ჩემი პოზიცია, სადაც არის საქმე, ყველაფერი იქ იკითხეთ. ნუ კლოუნობთ. ჩემი პოზიცია ჩემში მაქვს“- აცხადებს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცი.   

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული კაცის დედა, შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადეს, რომ უკრაინის მოქალაქე ცრუობს. 

არსებული ინფორმაციით, გაუპატიურების სავარაუდო ფაქტი, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში მოხდა. პოლიციამ ამოიღო ვიდეო-კადრები, სადაც სავარაუდო დამნაშავე ქალთან ერთად არის გადაღებული. ისინი სასტუმროს გამთენიისას ერთად ტოვებენ. 

„ეზოში ისხდნენ ყველა და ქეიფობდნენ და არა სახლში, როგორც ის ყვება, ქეიფის შემდეგ არის ეს ქალი წამოსული ამასთან ერთად. შემდეგ მოვიდა პოლიცია და ჩემი ვაჟი წაიყვანეს. კიდევ ვიღაც ბიჭები გამოკითხეს. 

ამ ქალბატონმა ჯერ დაწერა ჯგუფურზე, მეორე დღეს უარყო ეს. ახლა წერს მხოლოდ ლაშაზე. წერს, ჩვენ სასტუმროში ვიყავითო. დანარჩენი არ ვიცი, მე პოლიცია ამის შესახებ არაფერს მეუბნება",- აცხადებს სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული კაცის დედა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე