რეზონანსი
(05.04.2022)

საქართველოში 28 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშრებული პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა გაუქმებულია, ერთის გარდა - დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ აუცილებელია პირბადის ტარება. თუმცა ბოლო პერიოდში თბილისში მოქალაქეების ნაწილი ამ წესსაც აღარ იცავს, რაც, სპეციალისტთა შეფასებით, შესაძლოა პანდემიის გაჭიანურების მიზეზი გახდეს.

ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშრებული სტატისტიკა მკვეთრად გაუმჯობესდა. 

კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1-ლ აპრილს კოვიდ 19-ის 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

2 აპრილის მონაცემით, 352 ინფიცირებული გამოვლინდა და გარდაიცვალა 3 ადამიანი.

3 აპრილს დადასტურდა 217 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 5.

4 აპრილს გამოვლინდა 208 ინფიცირებული, გარდაიცვალა 2. 

სამშაბათს, 5 აპრილს კი კოვიდ 19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 3 ადამიანი.

ამას თან ერთვის სპეციალისტთა ოპტიმისტური პროგნოზები, რომ ეპიდემია თანდათან დასასრულს უახლოვდება. მოვლენები რომ პოზიტიური სცენარით ვითარდება, ეს სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენის ნიშნები არ ჩანს.

ყოველივე ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ პირბადის ტარებას დახურულ სივრცეში აზრი აღარ აქვს. ამის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი ავტობუსში, მეტროსა თუ მაღაზიაში პირბადეს უკვე აღარ იკეთებს და ამის კონტროლიც უკვე არც ისე მკაცრად ხდება. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს დაუშვებელია და პირბადის სავალდებულო ტარების იგნორირებამ შესაძლოა ეპიდემიის საბოლოოდ დასრულების თარიღი მნიშვნელოვნად გადაავადოს.

„როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გავრცელებული იყო „ომიკრონის“ შტამი, რომელსაც ფართო გავრცელება ახასიათებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გაზაფხულის ბოლომდე, მაისის შუა რიცხვებამდე მაინც, მნიშვნელოვანია, რომ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება იყოს სავალდებულო. 

„იმისთვის, რომ სტაბილური მდგომარეობა მივიღოთ და შევინარჩნოთ, აუცილებელია ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში, რათა ზაფხულში შესაძლებელი გახდეს პირბადის დახურულ სივცეში ტარების ვალდებულების გაუქმება. 

„ამ ეტაპზე პირბადე წარმოადგენს კარგ და ძლიერ დამცველობით საშუალებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობის პერიოდს მუდამ თან ახლდა ეს პრობლემა. პერიოდულად ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მოსახლეობის ნაწილი ხშირად პირბადეს ტრანსპორტსა და მაღაზიებში არ იყენებს.

„სახელმწიფოსა და სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს ევალებათ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების კონტროლი. აუცილებელია, მიაქციონ ყურადღება კანონმდებლობით დადგენილ წესს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანებმა პირბადე გამოიყენონ სწორად და არა ფორმალურად, რაც არანაირ შედეგს არ მოგვცემს და პირიქით, ხელს შეუწყობს ვირუსის სწრაფ გავრცელებას“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ნინო შატბერაშილი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე