ელზა პაპოშვილი
(15.01.2022)

რა გახდა რუსთავში 17 წლის არასრუწლოვანის გარდაცვალების მიზეზი - გამოძიება ამ დრომდე ადგენს. გარდაცვლილი მოზარდი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ოჯახი გამოძიების ვერსიას ელოდება. დაკითხვების სერია პოლიციის განყოფილებაში ამჟამადაც გრძელდება. პოლიცია ყველა იმ პირს კითხავს, რომლებიც ძველით ახალი წლის ღამეს ნაქირავებელ ბინაში მოზარდთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარ შემთხვევაზე ადგილობრივებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ისინი  ყვებიან, რომ ნაქირავებელ ბინაში ახალგაზრდების ჯგუფი ძველით ახალ წელს  აღნიშნავდა. სწორედ იქ იმყოფებოდა გარდაცვლილი მოზარდი. ერთი ვერსიით, მან ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც ის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. მეორე ვერსიის მიხედვით კი, მოზარდებს შორის კონფლიქტი მოხდა, მას თავის არეში დაზიანებები მიაყენეს და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. 

„ხმაური და ჩოჩქოლი გავიგონეთ. აქეთ გარაჟია და ბავშვები იქ იყვნენ შეკრებილები. 17 წლის ახალგაზრდა დაბლა იწვა  და ამბობდნენ, რომ ცუდად იყო. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა. 

„ბავშვები ამბობდნენ, რომ ალკოჰოლი მიიღეს, რის შემდეგაც მას სუნთქვის უკმარისობა გაუჩნდა. გარეთ გამოვიდა და ამ ადგილას წაიქცა. ის  ადგილობრივმა იპოვა. ეს ბინა ქირავდება ხოლმე და ახლაც ბავშვებს უქირავებიათ. მუსიკის და მხიარულების ხმა გვესმოდა. რაიმე კონფლიქტის ხმა მე პირადად არ გამიგია. ზოგი ამბობს, რომ ჩხუბი მოუვიდათ და მას თანატოლებმა თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კიდევ ერთი მეზობელი კი ამბობს, რომ მან ჩხუბის ხმა გაიგონა. სავარაუდოდ, ნასვამ ბავშვებს შორის კონფლიქტი მოხდა და არ გამორიცხავს, რომ მას ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. გარეთ გამოსულებმა კი უკვე გარდაცვლილი ბავშვი ნახეს. 

„როცა მეზობლები გარეთ გამოვედით, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. თავად მისი მეგობრები ამბობენ, რომ მას მხოლოდ სამი ჭიქა ჰქონდა დალეული. ეჭვი ნარკოტიკებზეც გაჩნდა, მაგრამ მერე ვინც ბავშვი დაინახა, ამბობდნენ, რომ თავის არეში დაზიანება ჰქონდა. ალბათ ამას ექსპერტიზაც დაადგენს. შესაძლოა წაქცევის დროს თავი დაარტყა, არც ეს არის გამორიცხული. თუმცა, ხმაური და კონფლიქტის ხმა სხვებმაც გაიგონეს. 

„ეს ალკოჰოლით ინტოქსიკაციის  ვერსია  საიდან გაჩნდა, არ ვიცით. ამას თავად ბავშვები ამბობენ, რაც საეჭვოა“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე