ელზა პაპოშვილი
(13.01.2022)

უკვე მეცხრე დღეა რაც კახეთში, საგარეჯოს რაიონის  სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ მამაკაცს ეძებენ. 42 წლის ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს მეგობრის სახლში წავიდა, საიდანაც მისი კვალი ქრება. როგორც მამაკაცის ახლობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, ნათესავთან იმ მოტივით წავიდა, რომ მასთან ერთად პირუტყვი შეეძინა. მამაკაცმა თან 32 000 ლარი წაიღო და არსებობს ეჭვი, რომ ის შესაძლოა გაქურდვის მიზნით გაიტაცეს. 

ბოლო კომუნიკაცია ნაზიმ ნაბიევთან გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფეხრათ ყურბანოვის ოჯახში შედგა, საიდანაც მამაკაცმა ოჯახს აცნობა, რომ იქ იმყოფებოდა.

გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან ნაბიევი და ყურბანოვი ერთად, სწორედ ყურბანოვის ფერმის ერთ-ერთ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე დაკარგული მამაკაცის ნაზიმ ნაბიევის ოჯახის წევრებს გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ ყურბანოვების ოჯახთან და სწორედ მათგან უნდათ, რომ მიიღონ ინფორმაცია თუ სად იმყოფება 42 წლის მამაკაცი. თავად ეს ოჯახი ამტკიცებს, რომ მამაკაცი მათგან წავიდა და მის შესახებ ამის შემდეგ არაფერი იციან. 

„ძალიან უცნაურ და საეჭვო ვითარებაშია გაუჩინარებული. ეჭვი გავქვს, რომ შესაძლოა ის ფულის გამო გაიტაცეს. ნათესავთან ყარაჯალაში პირუტყვის შესაძენად წავიდა, საიდანაც მისი კვალი ქრება. როგორც პოლიცია ამბობს, მათ ნახე კამერები, სადაც ის ამ ოჯახთან ერთად არის. თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ ნაზიმი მათგანი წამოვიდა. 4 საათის მერე იმის ტელეფონი გათიშულია. ჯიბეში ჰქონდა 32 ათასი ლარი და პირდაპირ ყარაჯალაში წავიდა, იმის მერე არაფერი ვიცით,“ - აცახდებენ ნაბიევის ოჯახის ახლობლები. 

როგორც დაკარგული მამაკაცის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, ყურბანოვმა ნაბიევს ტელეფონით საუბრისას უთხრა, უფულოდ არ წასულიყო და თანხა თან წამოეღო. ამიტომაც ეჭვი მასზე აქვთ და პოლიციას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებენ. არ გამორიცხავენ, რომ ამის შესახებ ყურბანოვმა ვიღაცას უამბო და ის გაძარცვეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე